„ჯეიმს ვებმა“ ახალი გალაქტიკები აღმოაჩინა, რომელთა გამოც, შესაძლოა, ახალი კოსმოლოგიური თეორიის შექმნა გახდეს საჭირო

ჯეიმს ვები

ტელესკოპმა „ჯეიმს ვებმა“ 6 ახალი  გალაქტიკა აღმოაჩინა, რომლებიც ფიზიკისა და კოსმოსის კანონების მიხედვით არ უნდა არსებობდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 500-700 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. უზარმაზარ გალაქტიკებში ძალიან ძველი ვარსკვლავებია. ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოსმოსის შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს. კერძოდ, დიდი აფეთქებიდან ასეთ ხანმოკლე პერიოდში ასეთი დიდი ზომის გალაქტიკები უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

ასტრონომები ობიექტებზე დაკვირვებას აგრძელებენ, რათა მათი ანომალიური მასის ალტერნატიული ახსნები გამორიცხონ. ერთ-ერთი ასეთი ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს რომ ეს გალაქტიკები სინამდვილეში სუპერმასიური შავი ხვრელების აქამდე უცნობ კლასს წარმოადგენენ.

თუმცა თუ ეს ვერსიებიც გამოირიცხა, „ვების“ აღმოჩენა თავდაყირა დააყენებს მეცნიერების წარმოდგენას სამყაროს ევოლუციის შესახებ და მათ ახალ კოსმოლოგიური თეორიის შექმნა მოუწევთ.