1733083542
ისტორიაში პირველად, ცოცხალ პაციენტს ღორის თირკმელი გადაუნერგეს
62 წლის რიჩარდ სლეიმენი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ღორის თირკმლის ტრანსპლანტატი მიიღო. მასაჩუსეტსის General Hospital-ში შესაბამისი ოპერაცია 16 მარტს ჩატარდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა, მალე საავადმყოფოდან გაწერონ.
ჩატარებული პროცედურის წარმატებულობა იმედს იძლევა, რომ ერთ დღეს ღორის ორგანოების ტრანსპლანტატები გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა და მისი საშუალებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება. ამ მომენტისთვის, მხოლოდ აშშ-ში, თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში 93 000 ადამიანია.
რამდენიმე წელია, რაც მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორების შესაქმნელად მუშაობენ. ეს იმისათვის, რომ კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში, ღორის ორგანოების ადამიანში გადანერგვა იყოს შესაძლებელი. ამ მხრივ ბოლო წლებში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის ორ მკვდარ რეციპიენტზე, რომლებიც ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებული. ხოლო 2022 წელს პაციენტს პირველად გადაუნერგეს ღორის გული. ის ოპერაციიდან ორ თვეში მოკვდა. 2023 წელს, ღორის გულის მეორე რეციპიენტმა, კი ექსპერიმენტული ოპერაციის შემდეგ, 6 კვირა იცოცხლა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ექსპერიმენტული პროცედურების შედეგებიდან მეცნიერები ჯერ კიდევ ბევრ ახალ რამეს სწავლობენ, მომავალში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
მასაჩუსეტსში ღორის თირკმლის ტრანსპლანტატის გადანერგვა ცოცხალ ადამიანზე მსგავსი პროცედურის ჩატარების პირველი შემთხვევაა. 4-საათიანი ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. საავადმყოფოს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ შესაძლოა ის სტაციონარიდანაც მალე გაწერონ.
„მე ეს აღვიქვი არა მხოლოდ როგორც ჩემი დახმარების გზა, არამედ ტრანსპლანტატის მომლოდინე ათასობით ადამიანისთვის იმედის გაჩენის საშუალება“,- ამბობს პაციენტი.
მასაჩუსეტსელ პაციენტს მეორე ტიპის დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის ისტორია აქვს. ის 7 წლის განმავლობაში დიალიზზე იყო, სანამ 2018 წელს ადამიანისგან თირკმლის ტრანსპლანტატს მიიღებდა. დონორის თირკმლის გადანერგვიდან 5 წელიწადში ორგანომ შეფერხებით დაიწყო მუშაობა და 2023 წელს პაციენტს დიალიზის გაგრძელება მოუწია. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო და კლინიკაში რეგულარულ ვიზიტებს მოითხოვდა.