საქველმოქმედო კონცერტის შთამბეჭდავი კადრები - იტალიელი ვარსკვლავები, სპორტსმენები და მეცოსოპრანო უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად

საქველმოქმედო კონცერტი

ქართველმა მეცოსოპრანომ, ნინო სურგულაძემ საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დააფუძნა. ის საქართველოს ხელისუფლებასთან, საელჩოებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის, ასევე ტელემარათონების გამართვის შედეგად ასობით ბავშვს აუცილებელი ოპერაციები დაუფინანსდა.

ამჯერად ნინო სურგულაძემ იტალიელ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, ტელემარათონი ქართველი და უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაემართა. 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საღამოს ათი საათიდან ამაღლებული განწყობა იყო – ტელეფონები 0901900999-ზე დასარეკად მომარჯვებული ჰქონდათ როგორც დარბაზში მსხდომ სტუმრებს, ასევე „რუსთავი 2“-ის მაყურებლებს, რადგან სწორედ ამ ტელევიზიის ღია ეთერში გადაიცემოდა ღონისძიება.

ღონისძიება მიჰყავდათ „ნაით პრაიმ ტაიმის“ წამყვანებს – ნიკა ხაჩიძეს, ანა ჩირაძეს, ნინო ჩხეიძესა და გიორგი ნაზღაიძეს.

ქოლ ცენტრიდან თიკა ფაცაცია რეზი არველაძესთან, ლევან საგინაშვილთან და ლაშა ტალახაძესთან ერთად აჯამებდა, რამდენი ზარი შევიდა და რა შემოწირულობები გაიღო მაყურებელმა.