ლუვრის მუზეუმი დაიკეტა - აი, რატომ

ლუვრი

ლუვრმა — მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმი და ხელოვნების, გამძლეობისა და სილამაზის საერთაშორისო სიმბოლო, რომელმაც გაუძლო ომებს, ტერორსა და პანდემიას, გაფიცული თანამშრომლების გამო ორშაბათს მუშაობა შეწყვიტა.

მუზეუმის ვიზიტორთა თქმით, ეს თითქმის წარმოუდგენელი სანახაობა იყო: იმ შენობის კარი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებისა და ცივილიზაციის მრავალათასწლოვანი საგანძურს ინახავს, სწორედ იმ ადამიანების მიერ დაიკეტა, რომლებიც მნახველებს უნდა ეხმარებოდნენ. მუზეუმის გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ლუვრი მასობრივი ტურიზმის სიმძიმეს ვეღარ უძლებს.

ათასობით დაბნეული და გაოგნებული ტურისტი ბილეთებით ხელში მოულოდნელად აღმოჩნდა ლუვრის ცნობილი პირამიდის გარეთ.

 „გარეთ მონა ლიზას ოხვრა ისმის," - თქვა კევინ უორდმა, 62 წლის ტურისტმა აშშ-დან. „ათასობით ადამიანი დგას რიგში, არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ახსნა. ალბათ მასაც სჭირდება დასვენების დღე."

ლუვრი ზღვარგადასული ტურიზმის სიმბოლოდ იქცა. მაშინ, როცა ისეთი ცხელი წერტილები, როგორიცაა ვენეცია და აკროპოლისი, ტურისტული ნაკადების შემცირებას ცდილობენ, მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა მუზეუმმა, რომელსაც მილიონობით ადამიანი სტუმრობს, გადატვირთულობის კრიზისულ ზღვარს მიაღწია.

გასულ შაბათ-კვირას სამხრეთ ევროპაში ტურიზმის საწინააღმდეგო კოორდინირებული საპროტესტო აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანი გამოვიდა მალიორკაში, ბარსელონაში, ვენეციაში, ლისაბონში და სხვა ქალაქებში, სადაც გმობენ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც, მათი თქმით, ადგილობრივებს ტურისტებით ანაცვლებს და ქალაქის ცხოვრებას აცარიელებს. ბარსელონაში აქტივისტებმა ტურისტებს წყლის პისტოლეტებიც დაუმიზნეს, რაც "გადახურებული" ტურიზმის "გაგრილების" თეატრალური მცდელობა იყო.

ლუვრში სპონტანური გაფიცვა რუტინული შიდა შეხვედრის დროს დაიწყო, როცა გალერეის თანამშრომლებმა, ბილეთების გამცემებმა და უსაფრთხოების პერსონალმა უარი თქვეს მუშაობაზე — უკონტროლო ტურისტთა ჯგუფების, კადრების დეფიციტისა და, როგორც ერთმა პროფკავშირმა უწოდა, "შეუძლებელ" სამუშაო პირობებზე პროტესტის ნიშნად.

ლუვრისთვის იშვიათია კარის დაკეტვა. ეს მოხდა მეორე მსოფლიოს ომის, პანდემიისა და რამდენიმე გაფიცვის დროს - მათ შორის 2019 წლის სპონტანური გაფიცვისას გადატვირთულობის გამო და 2013 წელს უსაფრთხოების შიშების ფონზე. თუმცა, მნახველთა თვალწინ მუზეუმის კარი იშვიათად იკეტება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რამდენიმე თვის წინ წარადგინა მასშტაბური, ათწლიანი გეგმა ლუვრის გადასარჩენად — სწორედ იმ პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა ამოტივტივდა: წყლის გაჟონვა, საშიში ტემპერატურული მერყეობები, მოძველებული ინფრასტრუქტურა და ვიზიტორთა ნაკადი, რომელიც მუზეუმის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

თუმცა, როგორც ჩანს, ლუვრის თანამშრომლებისთვის, ეს დაპირებული მომავალი შორეული და მიუწვდომელი ჩანს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიღება ლუვრის კარი დამთვალიერებლებისათვის.