"ღმერთმა არავის გამოაცდევინოს რა არის, ოცი წელი რომ დაუსრულებელ გადაბარგებაში ხარ. 12 მარტს კი ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა" - ნუცა ჯანელიძე ნაჩუქარ ბინაზე გვიამბობს

nutsa s star

"აუ, ნუცა ჯანელიძეს ბინა აჩუქეს; რა მაგარია, ქირით აღარ იცხოვრებს" - ადამიანები, ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში, ამ სასიხარულო ინფორმაციას უზიარებენ. თუ სხვისი სიკეთით გაბედნიერება ამგვარად შეგიძლიათ, მოსალოცად გაქვთ საქმე - შური არ გქონიათ. და ასეთია თავად ნუცა, ამიტომ სუფთა გულში დათესილი კეთილი თესლი, აღმოუცენდა. სიკეთე დაუბრუნდა...

საიუბილეო საღამო "თბილისი ხომ სიმღერაა", 12 მარტს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავის გახსნითა და ამ დიდი სიურპრიზით დაგვირგვინდა. 

მუსიკოსმა რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას და ქართულ საესტრადო სცენაზე, მათ შემსრულებლებად ჩამოყალიბებას, შეუწყო ხელი. 

მის უამრავ წარმატებულ პროექტს შორის, რაც პირველი გახსენდება - "ნუცას სკოლა" და ანსამბლ "ფორტესთან" თანამშრომლობაა. პედაგოგიურ საქმიანობას დღესაც ეწევა. უკვე აქვს საკუთარი სტუდია სახელად - "ნუცას სკოლა" და როგორც ჩვენთან ინტერვიუში ნახევრად ხუმრობით თქვა, ისევ ქართულ სიმღერას "აწვება". 

მუსიკოსი ბედნიერია ამ სიახლით, საკუთარი ბინით, რომელიც მეგობარმა, ბიზნესმენმა სოსო ტყემალაძემ აჩუქა. "პრაიმტაიმის" მკითხველს კი, აბსოლუტურად გულწრფელ ემოციას უზიარებს

ნუცა ჯანელიძე: ბავშვმა რომ ბინის გასაღები მომაწოდა, დავიბენი... ეს რა არის-მეთქი? გასაღებიაო, გამოცრა. ნამდვილია? აბა, დედა დაიფიცე-მეთქი, ვუთხარი. სასწაული იყო! მოულოდნელობა! ოთხივე შვილიშვილს გეფიცებით, არ ვიცოდი ეს ამბავი. სიურპრიზი იყო!

ბინა რომ გამოაცხადეს, თვალზე სისველე ვიგრძენი და უცებ ხელი მოვისვი, ქალურმა მომენტმა გამიელვა, მაკიაჟი არ ჩამომეშალოს-მეთქი და ტირილისგან უცებ შევიკავე თავი! არ მინდოდა ეკრანზე მახინჯი გამოვჩენილიყავი (იცინის). მწერენ და მწერენ, მთელი დარბაზი ტიროდაო... 

ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა!

ვარსკვლავის გახსნა ძალიან მაგარი რამაა, მაგრამ ამავდროულად სანერვიულო. ხალხს რომ უყვარხარ და შენი სჯერა, კარგის მოლოდინი რომ აქვთ, არავინ არ უნდა გააწბილო. ამდენი წლის მანძილზე დათესილი სიყვარული უნდა შეინარჩუნო. ეს იოლი არ არის. ძნელია პოპულარობის შენარჩუნებაც. თუმცა საოცარია, ხალხის სიყვარული. 

დღეს ავტობუსში რომ ავედი, ვიღაც ქალი მოვიდა, გილოცავთ, ქალბატონო ნუცაო. მადლობა-მეთქი და ვაჩუმებდი, უხერხულობისგან. რატომ ჩუმადო, ახლა სხვებიც აჰყვნენ - გილოცავთ, მეც გილოცავთო... ასე გაიზიარეს სიხარული. მე ფეისბუქი არ მაქვს და მეუბნებიან, არ იცი, იქ რა ხდებაო. გამიხარდა. ბედნიერი ვარ.

***

ოცი წელია ქირით ვცხოვრობ... ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ეს რა არის. ოცი წელი რომ გადადიხარ და გადადიხარ ბინიდან ბინაში. ალაგება, ჩაბარგება, გადაბარგებაში რომ ხარ დაუსრულებლად. ყველაზე საშინელებაა ქირის გადახდის დღეს რომ ელოდები, შიში რომ გაქვს - რომ არ გადავიხადო, მორჩაო. არც ერთი წუთი არ გადამიცდენია. რა თქმა უნდა, იყო იმის შიშიც, რომ თუ არ ვიმუშავებდი, ვერ გადავიხდიდი. 

მე ყველას, ვინც გაჭირვების დროს ჩემს გვერდში იყო, სიმღერა მივუძღვენი და ეს ისტორიაც მოვყევი ამ კონცერტზე. 

იმ დღეს ტელევიზიის გვერდით, გეპეის კორპუსთან ჩამოვედი ტრანსპორტიდან. მეკეთა სათვალე, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. სულ არ მადარდებდა, მიცნობდნენ თუ არა, უბრალოდ ნამტირალევი თვალების გამოჩენა არ მსურდა. ვურეკავ მეგობარს, სამსახური აღარ მაქვს, რამე რომ არ მიშველო, არანაირ სამსახურს არ ვითაკილებ, ქირა მაქვს გადასახდელი, მთელი ოჯახი ქუჩაში ვრჩებით-მეთქი. რვა კაცი! (მე ქირას ვიხდი, დანარჩენები სხვა გადასახადებს აგვარებდნენ.)

დაწყნარდი, ქუჩაში ხარ, რაღაცას მოვიფიქრებო. საათ-ნახევარში დამირეკა, დაგირეკავენ, გაგესაუბრებიან, რაღაც გამოჩნდებაო. დავიწყე ისევ მუშაობა და უკვე "გონორზე" ვიყავი, აუფ, ფული მაქვს და იყოს ნაქირავები-მეთქი. წუწუნი არ მიყვარს. ფაქტს ვყვები. ხელფასს რომ ვიღებდი, სრულიად აუღელვებლად ვახურდავებდი და ვიხდიდი ქირას. ერთ დღეს არ ვაცილებდი... ასე გავიდა წლები... 

ადამიანი ვინც გამაბედნიერა, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ბიზნესმენ სოსო ტყემალაძის ოჯახთან ვმეგობრობ. ახლა უცხოეთშია. როგორც ხდება, ვიღაცამ მიაწვდინა ხმა, ეს გოგო ამ ჩვენი ქვეყნისთვის კეთილ საქმეს აკეთებს, ქართულ სიმღერას აყვარებს თაობებს. ერთი ბინა როგორ არ უნდა ჰქონდეს, მომთაბარე ცხოვრებას რომ ეწევაო.

კონცერტის მზადებისას, ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, სოსოს დავეკონტაქტე. მან პრობლემა მოაგვარა. მერე ვუთხარი, საქმე გაკეთდა და სცენიდან მადლობა უნდა გადაგიხადო-მეთქი. არ გაბედოო, მითხრა. ბოლოს, დათო ოქიტაშვილი გამოვიდა სცენაზე და პირდაპირ ბინის ჩუქების ამბავი გამოაცხადა! შოკი იყო!

არ დამიჯერებთ და ნაჩუქარი სახლის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ნუცუბიძის ქუჩაზეა. წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტად - სად. 

***

კონცერტი კი ძალიან კარგი გამოვიდა და ყველა ის ადამიანი იდგა ჩემს გვერდით, ვინც ძალიან მინდოდა, რომ ამ დღეს ემღერათ.  

რა გითხრათ, სხვისი სიკეთე რომ გახარებს, სამყარო შენც გასაჩუქრებსო, ამბობენ. სხვისი გამარჯვება და სიკეთე საკუთარივით უნდა გაგიხარდეს. ჭირში ყველა ერთმანეთის გვერდითაა, აი, სიხარულშია გამოსაცდელი, ვის შურს და ვის - არა. ასეა... 

***

ახლა ვმუშაობ "პოსტივის" დილის პროგრამაში, საბავშვო ბაღში "ნევერლენდი"; მაქვს საკუთარი სტუდია "ნუცას სკოლა". ყველამ იცის, რომ მე ქართულ სიმღერაზე ვგიჟდები. რომ მოდის ბავშვი თუ მოზარდი და ვეკითხები, რას მიმღერებ-მეთქი და პაუზას აკეთებს, ამ დროს ვეუბნები, ქართულად რას იმღერებ-მეთქი. ამ ჩვენი ნებისმიერი ჟანრის ქართულ სიმღერას, რომელსაც მსოფლიო ეთაყვანება, აგიტაცია-პროპაგანდა ესაჭიროება. ზუსტად აგიტაცია-პროპაგანდა!.. 

ჩემი, როგორც პედაგოგის ფუნქცია, ეროვნულ ფესვებზე მდგარი ბავშვების აღზრდაა... ყველა ენაზე იმღერონ, მაგრამ უპირველესად და უმთავრესად ქართულად.

მე მსოფლიოში ქართული სიმღერების ტრიუმფების მომსწრე ვარ.  ახალ თაობებს ეს უნდა გავაგებინოთ. მათ, ვისაც ქართული სიმღერა არაფრად მიაჩნია. აი, ამაზე ვარ გაგიჟებული. მინდა ბავშვები დავაინტერესო, უი, ქართული სიმღერა რა კარგი ყოფილაო. 

- ნუცა, გილოცავ! რაც დათესე, მოიმკე...

- ეს ნამეტანი ხმამაღალი ნათქვამია. ღმერთმა გადმომხედა. ეს არ ნიშნავს, რომ მე ბინის ჩუქების შემდეგ შრომას დავიზარებ, არა! ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ!

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" შემდეგ, მე მიშა აღარ მინახავს. გული მწყდება, რომ რაღაც ისე ვერ აეწყო..." - მიშა ბუკიას რეზო ჩხიკვიშვილი და ლაშა თაბუკაშვილი იხსენებენ

"დამატებით, ფეხზე დასადგომი ბილეთები გაიყიდა... კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა...“- ანსამბლ „დიდგორის“ ტრიუმფი ოსლოში