1728312638
Exclusive: „რაც ვისურვე, ყველაფერი ამისრულდა...“ - საბა იბეროს გულახდილი ინტერვიუ
ესპანეთში მოღვაწე ქართველი გიტარისტი საბა იბერო, მალე, სამშობლოს ეწვევა და კონცერტს გამართავს.
რამდენიმე წლის წინ, საბა იბეროს ალბომმა ესპანელი პროფესიონალებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა და მას „წლის საუკეთესო საავტორო ნამუშევრის“ სტატუსიც მიანიჭეს.
„პრაიმტაიმი“, ქართველ მუსიკოსს ესპანეთში დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
- რატომ ესპანეთი და ყველაზე რთულად ახლა იმ პერიოდიდან რა გახსენდებათ?
დღემდე არ ვიცი, რატომ ესპანეთი, დღემდე ვუსვამ ჩემს თავს კითხვას, თუ რატომ აქ, მაგრამ აქვს რაღაც ისტორიული ნათესაური კავშირი საქართველოსთან და ვფიქრობ ამიტომ, არ ვგულისხმობ ფლამენკოს და საკუთარ მუსიკალურ კარიერას, ეს სხვა თემაა, ვგულისხმობ აქაურ ხალხს, რომელთანაც ურთიერკავშირი ძალიან მსგავსია. ყველაზე რთული მაინც ოჯახის უნახაობა იყო იმ შვიდი წლის მანძილზე, სანამ ოფიციალურ ლეგალიზაციას მივიღებდი. რთული გზაა ნამდვილად ის, რომ ოჯახის უნახაობა აიტანო ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა ეს გიჟური ნაბიჯი გადამადგმევინა და ამასთანავე გადამატანინა ყველა სირთულე. ესპანეთში ადვილი არაფერია. როდესაც ამ ტერიტორიაზე ფეხს დაადგამ, იქიდან დროის მრიცხველი უკვე ჩართული გაქვს. თავიდან რაღაც გაურკვეველ ბურუსში ეხვევი, სანამ გაათვითცნობიერებ რისი გაკეთება გინდა ამ ქვეყანაში, ან რისი მიღწევა გსურს, წარმატებაზე, რა თქმა უნდა, არაა საუბარი. ეს უკვე ზე თემაა, მაგრამ თავდაუზოგავ შრომასთან ერთად ვფიქრობ რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუმცაღა ესეც რთულ და ბევრ წლიან გზას მოიცავს და ამასთანავე დიდ ბრძოლას.
- თვლით, რომ მიზანს მიაღწიეთ და ძალიან რთულად შესაღწევ შოუბიზნესში თქვენი სიტყვა გეთქვათ?
რა თქმა უნდა, კი. თუმცაღა, მთავარი მიზნის მიღწევა ჩემთვის პოპულარობა არაა, მიზანი არის ინსტრუმენტთან ურთიერთობა და მისი პროფესიონალურად მართვა, შემდეგ საკუთარი მუსიკის წერა, რაც დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ცოტაა და, ამასთანავე, ნამდვილი ჭეშმარიტი მუსიკა თითქმის აღარ იქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი პირველი ალბომი და მისი მსოფლიო ბაზარზე გასვლა და რეალიზება, ამ ეტაპისთვის, 77 ქვეყანაში უსმენენ ჩემს მუსიკას, რაც ფლამენკოს მუსიკისთვის უდიდესი სტატისტიკის მაჩვენებელია, ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ დიდი წარმატებაა სოლო გიტარისტისთვის. ღმერთს მეტს არაფერს ვთხოვ, რაც ვისურვე, ყველაფერი ამისრულა, თუმცაღა, წინ კიდევ დიდი კარიერული გზაა და ბევრი რამ საინტერესო, როგორც ჩემს კარიერაში, ასევე მსმენელისთვის.
- მიუხედავად ესპანეთში დიდი წამატებებისა, თქვენი სახელი საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი. რით ახსნით ამას ?
თავიდანვე, როდესაც კარიერაზე ფიქრი დავიწყე, მიზანიც საერთაშორისო მუსიკალურ ასპარეზზე გასვლა იყო, თუმცაღა, ყოველთვის, პირველ პლანზე, მაინც საქართველოს ვაყენებდი. როდესაც ვიმყოფები ნებისმიერ საკონცერტო ტურში, უცხოელი მაყურებლისგან პირველი კითხვა რაც ისმის, არის ის, რომ “საიდან ხარ” ყოველთვის წინა პლანზე საქართველოა, ამის გარდა, ვფიქრობ, რომ სამშობლოში წარმატებით დაბრუნება , უფრო მეტად სასიხარულო და საინტერესო უნდა იყოს ქართველი მსმენელისთვის. გაუზიარო ამდენი წლის დაგროვილი მონატრება, სიყვარული და საკუთარი წარმატების შედეგები მსმენელს, ახლობელ ხალხს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს,ოჯახის წევრებს და ა.შ... ვიდრე ის, რომ მაშინდელ იმ ნეგატიურ სივრცეში რაღაცა წარმატებაზე გეფიქრა.
მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში არ ხარ, ხედავ, რა პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემები იყო. უცხო ქვეყნიდან ეს უფრო გამჭვირვალედ ჩანს ვიდრე შიგნიდან, ვფიქრობ, რომ მაშინდელ სიტუაციასთან შედარებით, ახლა საქართველოში უფრო სტაბილურობაა, კულტურული აქტიურობების კუთხით, რაც ჩემთვის მისასალმებელია.
- მოკლედ გვიამბეთ პირველ სოლო ალბომზე, რატომ ახალი ერა და ფლამენკო?
2019 წლის ივლისში ჩემი პირველი სოლო ალბომი - Nueva era & Flamenco ანუ (ახალი ერა და ფლამენკო) გამოვიდა,და უკვე სამი წელია, გაყიდვაშია მსოფლიო მასშტაბით. რაზეც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე, ესპანეთის ერთ ერთ საუკეთესო სტუდიასთან მადრიდში, სადაც მსოფლიოს ცნობილ ვარსკვლავებს აქვს ნამუშევარი - Alejandro sanz, Usher, pitdbull, Malu, tomatito, jose merse, michel camilo და ა.შ.
ალბომში შესულია ჩემი ათი საავტორო ნაწარმოები. მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და რთული, რადგან არანაირი სინთეზური ინსტრუმენტი არ გაჟღერებულა. ყველაფერი, ცოცხალი შესრულებით იწერებოდა. დისკს, პროფესიონალებმა მაღალი შეფასება მისცეს და „2019 წლის საუკეთესო საავტორო ნამუშევრის“ სტატუსი მიანიჭეს, რაც ფლამენკოს მუსიკის სტანდარტების დაკმაყოფილებას ნიშნავს. რაც შეეხება ალბომის სახელს, ეს არის მესიჯი, რაც პაკო დე ლუსიას გარდაცვალების შემდეგ, ფლამენკოს გიტარისტებისთვის დაიწყო, 21ე საუკუნის ახალი ხანა ამ კულტურაში იმიტომ, რომ პაკო იყო ჩვენი გენერალი, ფლამენკოს გიტარის დამფუძნებელი და ელჩი. სამწუხაროდ, ჩვენც მის გარეშე დავრჩით. ჩვენი ვალია, ახლა შევქმნათ, უფრო მეტი ახალი ნამუშევრები, რაზეც ამ დარგში შემდეგი თაობები ისწავლიან.“
- მალე, სამშობლოში თქვენი კონცერტი გაიმართება, რას უნდა ელოდოს ქართველი მსმენელი?
ქართველი მსმენელი 22 ოქტომბერს იხილავს იმ ნამდვილ მუსიკას, რომელიც არც თუ ისე ხშირად ტარდება საქართველოში. მუსიკა, რომელიც ძალიან ახლოა ქართულ ტემპერამენტთან და კულტურასთან, აგრეთვე, როგორც უკვე იცით, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება თბილისს ლეგენდარული გიტარისტის პაკო დე ლუსიას ჯგუფის მეორე გიტარისტი და აგრეთვე მისი ძმისშვილი ანტონიო სანჩესი.
კონცერტი დაიხურება ჩემი და ანტონიოს დუეტით. ეს იქნება პირველი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, სადაც ქართველი და ესპანელი ვხვდებით ერთმანეთს ქართულ სცენაზე, ვფიქრობ ორმაგად ვნების მომგვრელი იქნება ქართველი მსმენელისთვის, რაც ფლამენკოს ახასიათებს.
რას შევასრულებთ , ამას სიურპრიზად დავტოვებ, სხვა სიურპრიზებთან ერთად, რომელიც მსმენელს ელოდება. იქნება ბევრი ემოცია, სიხარული, სიყვარული, რაც მე მავსებს პუბლიკასთან ურთიერთობის დროს. ყველაზე სანერვიულო ჩემთვის სამშობლოში პირველი სოლო კონცერტის შესრულებაა, სადაც უფრო გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.