1732262182
Exclusive: „ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო... ქუჩაში დავრჩი... დღემდე ქირით ვცხოვრობ" - მუსიკოს ლეილა სიყმაშვილის აქამდე უცნობი ისტორიები
ლეგენდარული ქალბატონი, პიანისტი, რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი, რომელიც რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლთან - „კავკასიური ცარცის წრე“ ასოცირდება, თეატრის სცენაზე, 43 წელი ცოცხალ მუსიკალურ გაფორმებას ასრულებდა.
სპექტაკლმა, რომელიც 660 -ჯერ შესრულდა, მთელი მსოფლიო მოიარა. წარმატების ზენიტში მყოფ ქ-ნ ლეილას, რუსთაველის თეატრის მაყურებელი კარგად იცნობდა. ყველა სპექტაკლი, რაც კი ამ სცენაზე მუსიკალურად იდგმებოდა, სწორედ, მისი გაფორმებული იყო.
მუსიკოსის პირველი სპექტაკლი, რუსთაველის თეატრში, 1971 წელს რ. მირცხულავას ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულება“ იყო, რასაც მოჰყვა „ყვარყვარე თუთაბერი“.
81 წლის კონცერტმაისტერს, რომელიც 20 წელია, თბილისში უსახლკაროდ ცხოვრობს, ამ ეტაპზე, გადაადგილება უჭირს. „პრაიმტაიმთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში, მიზეზად, 40 წლის წინ აღმოჩენილ ბიოდენებს ასახელებს, რომელიც არ გამოიყენა და დღეს, სავარაუდოდ, ჩაკირული აქვს:
ვინმეს რომ ეთქვა 80 წლამდე იცოცხლებო, თვალებს ამოვუღებდი. არ ველოდი, თუ ამ ასაკს მივაღწევდი.
ძირძველი პლეხანოველი ვარ, თბილისში, დ. უზნაძის (კამოს ქ.) ქუჩაზე, მე-2 სამშობიაროში დავიბადე. 60 წელი მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინი) ქუჩაზე ვცხოვრობდი.
მამა - გიორგი სიყმაშვილი, პროფესიით აგრონომი იყო, ედუარდ შევარდნაძემ 1965 წელს - „დამსახურებული აგრონომის წოდება“ მიანიჭა.
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 15 წელი, სიღნაღის სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობდა. ამის შემდეგ გურჯაანის სატყეო მეურნეობის დირექტორი იყო, თბილისის ზღვაზე - დენდროლოგიური პარკის აშენება, მისი დამსახურებაა. 1975 წელს, ფილტვის შეგუბებით გარდაიცვალა.
დედა - ახმეტელის ქალი იყო, სანდრო ახმეტელის ბიძაშვილი. სანდროს გარდა, ახმეტელების მთელი დინასტია, ექიმები არიან.
დედაც ექიმი იყო, ალადაშვილის კლინიკაში მუშაობდა. ბოლოს, ქალაქის რაიონული ლაბორატორიის გამგედ. 55 წლის ასაკში, თავი დაანება მუშაობს. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სახლი, სადაც დავიბადე, 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა და შვილთან და შვილიშვილთან ერთად, ქუჩაში დავრჩი. 30 ივლისს, ჩავალაგე ყველაფერი და შვილთან და შვილიშვილთან ერთად, მოსკოვში წავედით.
2011 წელს საქართველოში დავბრუნდით. სრულიად უსახლკარო ვიყავი, რა უნდა გვექნა? ვიქირავეთ ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ.
11 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი ქალიშვილი იტალიაში წავიდა სამუშაოდ.
- ბავშვობაზე მოგვიყევით...
დავამთავრე მუსიკალური სკოლა, სადაც ახალა გერმანიის საელჩოა. სახლში ამერიკული ბრენდის პიანინო გვქონდა, მაგრამ არავინ არ უკრავდა. ქიზიყელი ძიძა მყავდა, პირველად, სწორედ მან მაზიარა პიანინოს.
მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, 4 წელი მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და ბოლოს, კონსერვატორიაში ჩავაბარე.
ექიმობაზე ვოცნებობდი, დედის პროფესიას მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ მიცვალებულის მეშინოდა და ამიტომ არ მოვინდომე. მამა მეუბნებოდა - მკვდრის კი არა, ცოცხალის უნდა გეშინოდესო!
გივი სვანიძესთან (კონსერვატორიის ლექტორი) ვემზადებოდი. იმ პერიოდში, კონსერვატორიის რექტორი, კომპოზიტორი იონა ტუსკია იყო. მომისმინეს, მაგრამ პასუხი - ორიანი იყო. თან საგამოცდო ფურცელს დაწერეს - შემთხვევითი მოვლენა ხელოვნებაში.
მეორე წელს, გიზი ამირეჯიბთან ვემზადებოდი, გამოცდაზე სპეციალობაში სამიანი მივიღე, დანარჩენ საგნებში ყველაფერში ხუთი და ჩავირიცხე კიდეც კონსერვატორიაში.
მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მე და ჩემმა კურსელმა რეზო ოჩიგავამ, აუდიტორია ჩავკეტეთ და ორ როიალზე ჯაზი „შევუბერეთ“. ვიღაცას მოუსმენია და დაგვასმინა რექტორთან.
ამის გამო გაგვრიცხეს, მაგრამ აღდგენაში ბ-ნი ბიძინა კვერნაძე დამეხმარა, რომელიც დედაჩემის ბიძაშვილი იყო.
- მოგვიყევით, როგორ მოხვდით ლეგენდარულ ვახტანგ ჭაბუკიანთან?
პირველ წელს რომ ვერ მოვხვდი ინსტიტუტში, მუშაობის სტაჟი მჭირდებოდა - მეორე წელს, უმაღლესში ჩაბარების უფლება არ მექნებოდა.
მეზობელი მყავდა, რომელიც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვ. ჭაბუკიანის მდივანი იყო. ბავშვობაში, ხშირად დავყავდი დედას ოპერის თეატრში და თითქმის ყველა სპექტაკლი მქონდა ნანახი, აქედან გამომდინარე, ვახტანგ ჭაბუკიანის ცეკვაც.
მეორე დღესვე წამიყვანა, რომ მივედი, პირდაპირ ვახტანგთან მიმიყვანა. ფეხები მომეკვეთა, ისე გავნერვიულდი. ჭაბუკიანი ტუალეტში თუ დადიოდა და ჭამდა, არ მეგონა. ვახტანგი რომ დავინახე, სკამის ზურგს მივეყრდნე.
უკრავთ? - მკითხა. კაბინეტიდან „მაკნატუნას“ ნოტები გამოიტანა წინ დამიდო და დაუკარიო მითხრა. ვერ ვიტანდი ნოტებს, ვერაფერს ვერ ვხედავდი, მეგონა უკუღმა მედო და ამოვატიალე.
შვილო, დაკვრა იცი? - მეკითხება ისევ. ჩემი მეზობელი აყვირდა, იცით რა კარგად უკრავსო! რაღაც ვერ ვხედავ, რა ნაწარმოების დაკვრა შეგიძლია, „პოლკა“ იციო, მკითხა.
რა თქმა უნდა, ვიცი-მეთქი და დავიწყე დაკვრა. გაოცებული თვალებით მიყურებდა, ამის შემდეგ, ვალსის დაკვრა მთხოვა.
ისე მოვეწონე ამიყვანა, მაგრამ გამოსაცდელი ვადით. ეს გამოსაცდელი ვადა, 11 წელი გაგრძელდა. 1966 წელს დავამთავრე კონსერვატორია, მაგრამ მუშაობა, ისევ გავაგრძელე.
ერთ დღეს (1971 წ) ბალეტმაისტერმა იური ზარეცკიმ მომაკითხა და მითხრა, ხვალ რუსთაველის თეატრში უნდა წაგიყვანო, სპექტაკლის პრემიერა აქვთ, პიანისტი დეკრეტში გადის და მუსიკოსი სჭირდებათო.
მეორე დღეს მივედი რუსთაველის თეატრში, სადაც სცენაზე, კორიფეების მთელი დასი დამხვდა - ეროსი, რამაზი, ბადრი კობახიძე, მედეა ჩახავა, იზა გიგოშვილი, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე და სხვები.
პირდაპირ სცენაზე ამიყვანეს და დამსვეს პიანინოსთან. როგორც „დუსტ მოყრილი ტარაკანა“ ისე გავეკარი კედელს. გავბრაზდი ზარეცკიზე, ეს სად მომიყვანა-მეთქი.
გაიცანით, ეს თქვენი ახალი პიანისტიაო - გააცნო ყველას ჩემი თავი. მეცვა, წითელი კაბა და ბოტფორდები, ეროსიმ რომ შემომხედა, ეს მათხოჯი სად იპოვეთო?
რამაზ ჩხიკვაძეს რომ გაექარწყლებინა და მდგომარეობიდან გამოვეყვანე, მეუბნება - ქალბატონო, ცხენი გარეთ დააბითო? (იცინის). რა უნდა მეპასუხა, ვერც გავიგე რა მითხრა.
ჩამსვეს საორკესტრო ორმოში და იონიკა დამიდგეს. გია ყანჩელმა მუსიკის ნოტები მომიტანა, რეზო მირცხულავა ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულებას“ დგამდა და იქ სჭირდებოდათ მუსიკა.
სწორედ, იქ მომისმინა რობერტ სტურუამ, გულში ჩაიდო და არსად აღარ გავუშვებო, უთქვამს. ის ქალბატონი, აღარ დაბრუნდა და მეც აღარ მიშვებნენ. აღარ ვიცოდი რა მექნა. ხარაბაძემ მითხრა, შენ აღარ გაგიშვებენ, ბედს შეეგუეო.
- პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით...
ორი ოფიციალური ქმარი მყავდა. პირველი, გურამ კვარაცხელია, ეკონომისტი იყო. ჩემმა დაქალმა გამაცნო. ორშაბათს გავიცანი და ხუთშაბათს ცოლად გავყევი.
მაშინ 23 წლის ვიყავი, ლექციიდან გავიპარე. ჩემთან ცხოვრობდა, წალენჯიხის რაიონ სოფელ ჯგანიდან იყო და აქ საკუთარი ბინა არ ჰქონდა.
ბავშვობაში პოლიომიელიტი ჰქონდა გადატანილი და სიარული უჭირდა, მგონი გარდაიცვალა, ზუსტად არ ვიცი. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად, სულ მეჩხუბებოდა მუსიკას თავი დაანებე და ეკონომიურზე ჩააბარეო. გაყრის მიზეზი, ჩემი პროფესია იყო.
პირველ ქმარს რომ გავეყარე, ფილარმონიაში დავიწყე მუშაობა. ნიაზ დიასამიძე, გოგი ცაბაძე და მე ერთ კაბინეტში ვიჯექით, დირექტორი გუგული ყიფიანი იყო. გოგის ვეხმარებოდი, დამიდებდა ნოტებს და მე ვუკრავდი.
იქ გადამეყარა ერთი უცოლო ბიჭი, ოთარ მჭედლიშვილი, რომელიც კონფერანსიე იყო, ქართლოს კასრაძესთან ერთად.
პროფესიით, ესტრადის მსახიობი იყო. იცოდა, რომ გურამთან გაყრილი ვიყავი. ყოველ დღე სახლში მაცილებდა, ჩემ ფანჯრებთან იდგა და მიმღეროდა. მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი, გეგონება, მერილინ მონრო ვიყავი (იცინის).
კარგი ბიჭი იყო, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, არანორმალურად მიყვარდა, მაგრამ დედამთილმა არ გამაჩერა. 6 წელი გავქაჩე, მეტი ვერა.
- წინააღმდეგი იყო დედამთილი?
წინააღმდეგი, ეს ის სიტყვა არ არის! სახლშიც არ გვიშვებდა. თავიდან ჩემთან ვცხოვრობდით, მაგრამ მერე, დედამისთან გადამიყვანა. სანამ ქალიშვილი გაგვიჩნდებოდა, კარგარეთელის ქუჩაზე (ჩუღურეთის რ-ნი) 10 კვადრატულ ოთახში, დედამთილთან ერთად გვეძინა.
- როგორ დასრულდა თქვენი ქორწინება?
ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო წასული, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო. რომ ჩამოვიდა და მომიკითხა, კაცებში წავიდაო, დედამთილს უთქვამს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გავეყარეთ. ალიმენტიც არ დავუნიშნე. ცოტა ხანში, დედამისმა, თავისი კანდიდატი მოაყვანინა ცოლად.
ბოლოს, ლოგინად ჩავარდა, როგორც მითხრეს, რძალი არ უვლიდა. სიკვდილის წინ, ერთ-ერთ ჩემ ნაცნობს სთხოვა, ჩემი ყოფილი რძალი მომიყვანეო, მაგრამ მე გასტროლზე ვიყავი ავსტრალიაში. დაუბარებია, რომ ჩამოვა, ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადეო.
- აქ რომ ყოფილიყავით, მიხვიდოდით?
- არა, რა თქმა უნდა!
- თქვენ გვარზე გყავთ ქალიშვილი...
დედამ არ მომცა უფლება, რომ მეუღლის გვარზე დამეწერა. მაგათი გვარი, არ იქნება ჩვენ სახსენებელშიო. რომ გავეყარეთ, არც ბავშვის ნახვის უფლებას ვაძლევდით.
- ქალიშვილზე მომიყევით...
ჩემი ქალიშვილი, თამარი 45 წლის არის, ჰყავს 29 წლის ვაჟი, რომელიც მუსიკოსია. დედა-შვილი და-ძმასავით არიან, ადრე გათხოვდა, მათ შორის სხვაობა 16 წელია. ძალიან უნდოდა მსახიობობა ჩემ შვილიშვილს, სამი წელი აბარებდა თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ ვერ მოხვდა.
2000 -იან წლებში 6 წლის განმავლობაში, „კავკასიურ ცარცის წრეში“ სცენაზე იდგა, მიხეილის როლს ასრულებდა.
- როგორც ვიცი, თქვენი ქალიშვილიც იყო მიხეილის როლში...
ჩემი ქალიშვილი, 80 -იან წლებში ასრულებდა და შემდეგ, ჩემი შვილიშვილი. თამარსაც უნდოდა მსახიობობა, მაგრამ არც ის მიიღეს, სამწუხაროდ.
თამუნა ძალიან ადრე გათხოვდა, 16 წლის ასაკში გააჩინა ვაჟი, გიორგი, მამა თემურ ალადაშვილია. თამუნა 2008 წელს გათხოვდა, მაგრამ მეუღლე, სერგეი პლატოვი უკრაინის ომში მოკლეს.
თამუნა იტალიაში წავიდა სამუშაოდ, უნდოდა მეუღლის წააყვანაც, მაგრამ დედამ არ გაუშვა. მისი სახლი მთლიანად დაინგრა, არაფერი არ დარჩა. მის დასაფლავებასაც ვერ დაესწრო.
- მეორე ქმრის მერე, აღარ გათხოვილხართ?
რას ამბობ, რაღა დროს ჩემი გათხოვება იყო. 40 წლამდე ვიყავი, დროც არ მქონდა. თან ოთარი ისე მიყვარდა, სხვას ვერ გავყვებოდი. 4 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ შევძელი წასვლა, მერაბ სეფაშვილის დედას, ჯულიეტას ვთხოვე მისულიყო. პანაშვიდზე, ოთარის კუბოზე დამხობილა, ისე უტირია, მეზობლებს ეგონათ, რომ მე ვიყავი. ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ ამ ბმულზე