1736627557
ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიამ 2024 წელს 27 000-მდე ფურცელი აღადგინა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2024 წლის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა საარქივო დოკუმენტების 26 527 ფურცელს, 140 ფოტოს, 144 გაზეთს, 74 ტექნიკურ (საპროექტო) ნახაზს.
როგორც ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტებს შორის არის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა.
„აღსანიშნავია, რომ დასრულდა ეროვნულ არქივში დაცული მე-17 საუკუნის საეკლესიო წიგნის (სვინაქსარის) რესტავრაცია. ეროვნული არქივის რესტავრატორებმა ასევე დაასრულეს XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავის რესტავრაცია, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს. ხელნაწერი დაუბრუნდა მესტიის რაიონის სოფელ ქურაშის თემს.
ეროვნული არქივი რესტავრაციის პროცესში თანამედროვე სარესტავრაციო მასალასა და ტექნოლოგიებს იყენებს, რაც საარქივო დოკუმენტების უკეთ დაცვასა და ხანგრძლივად შენახვას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.