„ძალიან ახალგაზრდა მამა დავკარგე, რომელსაც ვერ დავემშვიდობე, მე ამერიკაში ვიყავი ავად, ის თბილისში“ - როგორ ცხოვრობს ამერიკაში პოპულარული ქართველი წყვილი

ია მანიჟა

ჯგუფი „ემი“ წლების წინ, გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული, „მთვარე დამელოდება“, „მზე დამელოდება“ შეიძლება ითქვას ყველა დროის ჰიტებია. ჯგუფის წევრები დები ია და ეკა მანიჟაშვილები იყვნენ, მაგრამ მათი დუეტი დაიშალა, ერთმა დამ ეკამ ბიზნესში გადაინაცვლა, ხოლო ია მეუღლესთან, დავისთან ერთად ემიგრაციაში წავიდა.

შორეულ ემიგრაციაში გადაბარგებულმა წყვილმა წარმატებული კარიერა აიწყო და არც საკუთარ საყვარელ საქმეზე, მუსიკაზე თქვეს უარი.

ცოტა ხნის წინ, იამ სიმღერაზე “disco” კლიპი გადაიღო, რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

როგორ ცხოვრობს პოპულარული მომღერალი მუსიკოს ქმართან ერთად ემიგრაციაში და რას საქმიანობს, ამის შესახებ ია მანიჟაშვილი „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა.

- ია, უკვე ათ წელზე მეტია თქვენს მეუღლესთან ერთად ამერიკაში ცხოვრობთ და საკმაოდ წარმატებულად ეწევით შემოქმედებით საქმიანობას, უფრო დეტალურად მოგვიყევით ამის შესახებ?

- ამერიკაში 2014 წელს ჩამოვედით. მიზეზი დავის - ჩემი მეუღლის მუსიკალურ საქმიანობას უკავშირდებოდა… მას  უამრავ კასტინგზე და სინჯებზე უწევდა სიარული… რამდენიმე თვეში ერთ-ერთი ამერიკული როკ ბენდის ,, ENDALl” -ს სოლისტად აიყვანეს.

5 წლის მანძილზე ათასამდე  კონცერტი გამართეს ამერიკის სხვადასხვა შტატში . დავი ხსნიდა  ისეთი ვარსკვლავების კონცერტებს როგორებიც არიან  Michale Graves და CRAZY TOWN. კოვიდის დროს მათი მოღვაწეობა დროებით შეჩერდა და  სწორედ ამ დროს დაებადა დავის აზრად სტუდიის გახსნა - Davi mc production, რომელიც აერთიანებს გადასაღებ პავილიონებს და ხმის ჩამწერ სტუდიას  ერთად. დღეს ნიუ იორკში ერთ -ერთ ყველაზე დიდ  სტუდიად ითვლება. ერთ სივრცეში ხდება  ვიდეო -აუდიო და ფოტო პროდუქციას შექმნა,  ვთანამშრომლობთ ძირითადად ლათინო ამერიკელ და ჰიპ ჰოპ არტისტებთან..

- ცოტა ხნის წინ, ახალი სრულიად განსხვავებული ვიდეორგოლი და სიმღერა შესთავაზეთ თქვენს მსმენელს, როგორ გაჩნდა ამ ნამუშევრის შექმნის იდეა?

- აქამდე არასდროს მქონია ამბიცია ამერიკაში მეცადა ბედი, მაგრამ  ბოლო დროს ადგილობრივ მუსიკოსებთან, მომღერლებთან შეხებისას გადავწყვიტე  მეც ჩამეწერა ინგლისურენოვანი სიმღერა და გადამეღო კლიპი. მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამერიკაში დავაპატენტე და დავრეგისტრირდით უკვე როგორც ადგილობრივი ამერიკელი მომღერალი.  ia Manijka -  ასევე გამოვუშვი სინგლი Ia Manijka -Disco პროდუქცია აქაური ბაზრისთვის  შეიქმნა  და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბოლო დროის საუკეთესო ვიდეო რგოლია რაც კი გადაღებულა მსოფლიოში - იმედია ამას არავინ ამბიციაში არ ჩამითვლის, ეს არის რეალობა. თურმე ჩვენ ქართველებსაც შეგვიძლია შევქმნათ მსოფლიო სტანდარტის  პროდუქტი. Disco -სიმღერის ავტორი და რეჟისორიც დავია, კლიპის მხატვარი , იდეა , დიზაინი თავიდან ბოლომდე მე მეკუთვნის. საკმაოდ დიდმა გუნდმა ვიმუშავეთ,  ამერიკელი მოცეკვავეები, ვიზაჟისტი და ქართველი ქორეოგრაფი მყავდა ვაჟა ქუჩულორია.  კლიპში ვარდისფერი ბრჭყვიალა როიალიც კი დავის რესტავრირებულია. საინტერესო ტანდემი შედგა ჩემსა და დავის შორის. აბსოლუტურად თანაბრად გადავინაწილეთ ფუნქციები და ერთმანეთის კომპეტენციაში არ ვერეოდით.

- საქართველოში ჯგუფი “ემის” სიმღერები დღემდე პოპულარულია, ასევე არაერთ პროექტში იღებდა მონაწილეობას თქვენი მეუღლე დავი, ამის მიუხედავად თქვენ დატოვეთ საქართველო და ემიგრაციაში წახვედით, რა გახდა წარმატებული კარიერის დატოვების მიზეზი?

ბედნიერი ვარ გულწრფელად  რომ 25 წლის შემდეგაც ყველა მღერის  და ყველას ახსოვს ჩვენი სიმღერები. დავიმაც და მეც ყველაფერი ვაკეთეთ და ალბათ ბოლომდე ამოვწურეთ ჩვენი თავი საქართველოში,  იყო ბევრი წარმატებაც , ბევრი იმედგაცრუებაც, სიმართლე გითხრათ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვერჩივნა ჩვენი საქმის კეთება მაგრამ არ გამოვიდა. საკუთარ თავზე ძნელია საუბარი მაგრამ  დავი ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსია ვისაც კი შევხვედრილვარ. გულდასაწყვეტია,  ის რომ დღეს ჩვენ ჩვენს ნიჭსა და პოტენციალს სხვა ქვეყანას ვახმართ. მაგრამ როცა შენ შენს ქვეყანაში 2-3 სამსახურში გიწევს მუშაობა რომ უბრალოდ იარსებო,  იღებ ამ გადაწყვეტილებას და მიდიხარ, ბოლო წლები საქართველოში დავი ღამის ცვლაში მუშაობდა აეროპორტში, დილას აეროპორტიდან ტელევიზიაში გარბოდა და ტელევიზიიდან რადიოში. ერთმანეთს ფაქტიურად ვერ ვნახულობდით.

- როგორია ემიგრაციაში ცხოვრება, განსაკუთრებით რთული იყო ალბათ თქვენს დასთან ეკასთან განშორება…

- ეს ყველაზე სევდიანი ამბავია ეკასთან, ოჯახთან განშორება, ჩვენ 4 დედმამიშვილი ვართ, ემიგრაცია და შენი ქვეყნიდან შორს ყოფნა არ არის ადვილი. ამ ათი წლის მანძილზე მე  ძალიან ახალგაზრდა მამა დავკარგე  კოვიდის დროს რომელსაც ვერ დავემშვიდობე, ვეღარ ვნახე. მე ამერიკაში ვიყავი ავად, ის თბილისში,  მე გადავრჩი ის ვერა.  დავიმ დედა დაკარგა. არ ვიცი ხანდახან ვფიქრობ ემიგრაციას სახელი შევუცვალოთ და დავარქვათ  ,, კეთილდღეობის ტყვეობაში”,  უდიდეს  შესაძლებლობებს გაძლევს ეს ქვეყანა მაგრამ,  გართმევს  ყველაზე ძვირფასს შენ საყვარელ ადამიანებთან გასატარებელ დროს!

- რას საქმიანობს ეკა, რომელიც ასევე წარმატებული მომღერალი იყო?

- ეკა საქართველოში წარმატებულ ბიზნეს საქმიანობებს ეწევა. ჰყავს ფანტასტიკური  ოჯახი მეუღლე და ტყუპი ბიჭები. ქართულ-ამერიკული ბაღის დამაარსებელია. ასევე აქვს საკუთარი სასტუმრო ,, სურამი” რომელიც საკუთარი ხელით ააშენა და განავითარა..როგორც ვიცი დღეს სასტუმრო  სურამი საკუეთესი საოჯახო სასტუმროების  სამეულშია საქართველოში.