,,ჩვენ პატარა ასაკში შევხვდით ერთმანეთს და ის ჩემთვის ღმერთის საჩუქარია..." - მაია ჯაბუა დათო ევგენიძეზე

maia

"ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა", -  მაია ჯაბუა "პრაიმტაიმთან" დათო ევგენიძეზე იწყებს საუბარს. 

დათოს და მაიას მეგობრობა ბავშვობიდან მოდის.

დათო ევგენიძე: მაია რომ გავიცანი, მეშვიდე კლასში ვიყავი. იქიდან მოყოლებული ვმეგობრობთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

მაიასადმი პლატონური, უთქმელი სიყვარული მქონდა და ყველა სიმღერას მისთვის ვწერდი, მისი ხმისთვის. ეს მთელმა ოჯახმა და საერთოდ, ყველამ იცოდა. ეს ისეთი სისუფთავე იყო, რომ დასამალი არც არაფერი მქონდა.

მეგობრობა ნათელ-მირონობამ შეცვალა. დღეს მაია, დათო და ეკა კახიანი ერთმანეთის ახლობლები არიან.

მაია ჯაბუა: გიორგი მახარაშვილმა თავიდანვე გამოთქვა დათოს დონორობის სურვილი და საბედნიეროდ, მან ეს შეძლო. 

გმირობაზე მეტია, რაც გიორგიმ დათოსთვის გააკეთა. ალბათ, ყველა, ვინც დათოს ვგულშემატკივრობთ, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნებით.

ცნება "ღვიძლი ძმა" არც ერთ ენაში არ არის. ეტყობა, ქართველებმა ოდითგან იწინასწარმეტყველეს ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე. იცოდნენ, რომ ამას მედიცინა მიაღწევდა. 

დათო შემართებით და მშვიდად გაემგზავრა თურქეთში. იცოდა, რაც უნდა გადაელახა, მაგრამ საკმაოდ კარგად მოემზადა. ადამიანი, რომელიც სცენაზე გადის, მას შესწევს უნარი მოიკრიბოს რესურსი და განეწყოს მოსალოდნელისთვის. 

ძალიან სათუთი ადამიანია. სირთულეები თავის შემოქმედებაში გადააქვს. ბევრი ცხოვრებისეული სირთულე გადალახა და ღირსეულად უმკლავდება.

ჩვენ პატარა ასაკში შევხვდით ერთმანეთს და ის ჩემთვის ღმერთის საჩუქარია. პროფესიამაც დაგვაკავშირა. მე მისი შვილის, ლიკას ნათლია ვარ. ჩემი და დათოს დის, ლიას მეგობრობა ცალკე თემა იყო. შემდეგ მათ დედასთანაც ვმეგობრობდი. მე ძმა არ მყავს, ჩემი ძმა დათოა, მე მისი და ვარ. ჩვენ დიდი სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან. 

ახლა მას ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაციის პროცესი ელის. ყველაფერი კარგად იქნება და ამასაც გადალახავს, დარწმუნებული ვარ. გვერდით ჰყავს ძლიერი მეუღლე.

ჯანმრთელობას ვუსურვებ. 

ვიცი, წინ ბევრი კარგი სიმღერა და კონცერტი გველოდება. დარწმუნებული ვარ, ახალი ღვიძლითა და ენერგიით დათო მალე დაგვიბრუნდება და დიდ სიხარულს მოგვიტანს. 

გუშინ სტამბულში დათო ევგენიძეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია გაუკეთდა, მისი დონორი გიორგი მახარაშვილია. გიორგის გადაწყვეტილებას ყველა აღფრთოვანებით შეხვდა და მას გმირი უწოდა.