დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი - "ჩვენ დავბრუნდებით" პრემიერით უკვე წარდგა ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელების წინაშე. ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის იდეა, ამ თეატრის დამფუძნებელს, მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის. ქალბატონ მანანას "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. ის ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის, მამა გაბრიელის სულიერი შვილია.
თავად ქალბატონმა მანანამ ოთარაანთ ქვრივის როლი შეასრულა და როგორც ფეისბუქზე წერს, მასში დედების კრებითი სახე მოიაზრა.
მანანა ხორბალაძე: დასრულდა სპექტაკლისთვის მზადების ვნებათა ღელვა, დაცხრა სპექტაკლის შემდგომი ზღვა ემოცია...
ერთი კვირის წინ სცენაზე დატოვებული ხმაც დამიბრუნდა... და აი, მეც მოვიცალე გიამბოთ ჩემი განცდების შესახებ.
ეს არ იყო მხოლოდ "ოთარაანთ ქვრივი"; ეს იყო ჩემი გულიდან ამოძახილი...
ღმერთის, სამშობლოს, მოყვასის სიყვარული, რომელიც ფურცელზე გადავიტანე და სცენაზე გავაცოცხლეთ.
არ მინდოდა მხოლოდ დრამა და ტრაგიზმი ყოფილიყო, ამიტომ ნაწარმოებში ცოტა გადახვევა გავაკეთე და ფერები შევმატე. (ვფიქრობ, ილია მართალი არ გამინაწყენდებოდა)
იმ ეპოქაში მყოფი ჩვენი მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილი სამშობლოს ტკივილი, დღევანდელობას შევუსადაგე.
ხიდჩატეხილობას გავემიჯნე და ხიდების გადება გადავწყვიტე. აქ, ჩვენი პატარა საქართველოდან, ჩვენს სათაყვანებელ სამშობლომდე, რომელიც ხატად და სალოცავად გაგვიხდია და ღმერთთან გაგვიიგივებია.
სწორედ ამ გადებული ხიდებით შემოვიკრებთ გარშემო, უცხო მიწაზე მიმოფანტულ ნიჭიერ ახალგაზრდებს, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულთ, რათა ერთად ვაშენოთ აქ ჩვენი პატარა საქართველო;
შემდეგ კი ეს ნაშენი მასალა, ჩვენი სამშობლოს მომავალს და აღორძინებას მოვახმაროთ.
ამ გადებული ხიდით შემოგვიერთდნენ ჩვენი უსაყვარლესი გოგო-ბიჭები, რომელთაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს ცხოვრებაში რომ გაჩნდნენ: ირლანდიიდან გაგი გაგალაძე, საფრანგეთიდან სანდრო ახმეტელაშვილი, მარიამ მარნაძე, ლუკა შერაზადიშვილი...
სპექტაკლის ტრაგიკული ფინალი არ არის მხოლოდ გიორგის დატირება.
ოთარაანთ ქვრივის სახით, ქართველი დედა და დედასამშობლო დასტირის დაკარგულ შვილებს.
შვილებს, რომელნიც უცხო მიწაზე გადმოიხვეწნენ სარჩო-საბადებლისთვის და შინ ვეღარ დაბრუნდნენ;
"შვილო წამიხველ და აღარ მომიხვალ.”
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა ამ ეროვნული პროექტის განხორციელებაში
ასევე მინდა, ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომელთათვისაც მატერიალური უფრო აღმატებულია, ვიდრე ეროვნული ღირებულებები...
ასევე დაგაინტერესებთ: