ვინ არის საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ქართველი „კანონიერი ქურდის“ ადვოკატი გახდა

შუშანაშვილის ადვოკატი

 ზოი კონსტანტაპულუსს ბერძნულ პოლიტიკაში საკმაოდ კარგად იცნობენ და სულ ცოტა ხნის წინ დიდი გავლენითაც სარგებლობდა.

მემარცხენა აქტივისტების ქალიშვილი 2012 წლის ივნისის არჩევნებში საბერძნეთის პარლამენტში რეკორდული მხარდაჭერით მოხვდა.

2015 წლის 6 თებერვალს ის აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის სპიკერად. მის კანდიდატურას მხარი ყველა ფრაქციამ დაუჭირა, გარდა საბერძნეთის „კომუნისტური პარტიისა“. ამრიგად ზოი კონსტანტაპულუსი ქვეყნის ისტორიაში პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი გახდა.

ის მალევე საკუთარ თანაპარტიელს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ალექსი ციპრასს დაუპირისპირდა საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობის პოლიტკის გამო. ზოი ასევე აქტიურად ებრძოდა ბერძენ ოლიგაქრებს, რომლებსაც ის კორუფციასა და გადასახადების დამალვაში ამხელდა.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევიდან რამდენიმე თვეში, 2015 წლის ოქტომბერში ზოი კონსტანტაპულუსმა საკანონმდებლო ორგანო საერთოდ დატოვა და კერძო საადვოკატო საქმიანობა დაიწყო.

ცნობილი ხდება, რომ სწორედ ის იცავდა ქართველი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის ინტერესებს საბერძნეთის სასამართლოში.

შუშანაშვილს ბერძნული მედია „ქართული მაფიის გენერლად“ მოიხსენიებს, კრიმინალურ წრეებში კი მას „ლაშა რუსთავსკის“ სახელით იცნობენ.

ქართველი „კანონიერი ქურდი“ 2018 წელს ევროპილის ეგიდით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს სხვებთან ერთად დააპატიმრეს.

2020 წლის მარტში კი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ლაშა შუშანაშვილს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზოი კონსტანტაპულუსის წყალობით შუშანაშვილს სამიდან ერთი ბრალდება მოუხსნეს, გარდა ამისა ადვოკატმა მის მიმართ განსაკუთრებული პრივილეგიების დაწესებას მიაღწია.

კერძოდ, მოიპოვა არაერთი სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზეც შუშანაშვილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას პირადი მზარეული და ცალკე მენიუ დაენიშნა.

შუშანაშვილის გავლენიანმა ადვოკატმა დაარწმუნა სასამართლო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ავადმყოფია.