VIDEO: შემზარავი დანაშაულის საქმის მასალები, რომელიც უმძიმეს დეტალებს ასახავს - რას ჰყვება მსხვერპლი

dzaladoba bavshvze

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული საქმის მასალები არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის უმძიმეს დეტალებს ასახავს.

ფაქტი ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. დაზარალებული მოზარდი საკუთარ ჩვენებაში ჰყვება, რომ წლების განმავლობაში მასზე სექსუალურად ძალადობდნენ მამინაცვალი, მამინაცვლის მამა და მამინაცვლის შვილი. ბავშვი, რომელიც ახლა 14 წლისაა, შემზარავ დანაშაულს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა და მომხდარის შესახებ დედას მხოლოდ მას შემდეგ უამბო, რაც მამინაცვლის სახლიდან საბოლოოდ წამოვიდნენ.

"მეუბნებოდნენ, რომ თუ სადმე ვიტყოდი, დედას პრობლემები შეექმნებოდა. მე მეშინოდა, რადგან მემუქრებოდნენ. 6 წლის ვიყავი, როცა ეს პირველად მოხდა, მას შემდეგ სხვადასხვა დროს სამივე აკეთებდა..." - ამბობს ბავშვი ჩვენებაში.

ამ შინაარსის ჩვენების საფუძველზე მამინაცვალი და მამინაცვლის მამა მოზარდის მიმართ არაერთგზის ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მამინაცვლის შვილი კი პასუხისგებაში მხოლოდ იმიტომ ვერ მისცეს, რომ ის ჯერ სრულწლოვანი არაა. ბრალდებულები ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, სასამართლოში კი საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ დედა ქმართან დაშორების შემდეგ ბავშვით მანიპულირებს და მას შურისძიებისთვის იყენებს. ადვოკატი "კურიერს" უყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ეს შემზარავი დანაშაული მოუგონეს, რასაც, მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. შურისძიებაზე საუბრობს მამინაცვლის ძმაც.

ადვოკატის ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ დაზარალებული გოგონას დედა და დეიდა. მოზარდის წარმომადგენელი "კურიერთან" განმარტავს, თუ რატომ მალავდა გოგონა სავარაუდო ძალადობის ფაქტებს.

სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა არასრულწლოვანი გოგონას ოჯახმა. საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.