პოლონეთში ქართველი მძღოლი დააკავეს - მის ავტომობილში სირიის 23 მოქალაქე აღმოაჩინეს

ქართველები პოლონეთში

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტთან მოხდა, როდესაც ზაკოპანეში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა ავტობუსის მძღოლს, შემოწმების მიზნით გაჩერება მოსთხოვეს, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა და სიჩქარის მომატების შედეგად პოლიციის მანქანას დაეჯახა. არავინ დაშავებულა, თუმცა შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტობუსში, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა, 23 სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა.

დაკავებული უცხოელები ზაკოპანეში სასაზღვრო დაცვის პუნქტში გადაიყვანეს. ისინი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი სლოვაკეთიდან პოლონეთამდე.

სირიელ ლტოლვილებთან ერთად დააკავეს საქართველოს 32 წლის მოქალაქეც, ვინაიდან ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, სირიელ ლტოლვილებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაში, სავარაუდოდ, სწორედ ის დაეხმარა.

23 დაკავებული უცხოელიდან პასპორტი 22 მათგანს არ აღმოაჩნდა. დადგინდა, რომ არალეგალები შენგენის ზონაში ფეხით ჩავიდნენ სერბეთიდან, შემდეგ უნგრეთის და სლოვაკეთის გავლით მანქანით პოლონეთში, სადაც ისინი 6 დეკემბერს დააკავეს.