გორში მამის მიერ დაჭრილ მამაკაცს 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული - ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან

პოლიცია

გორში ოჯახური კონფლიქტი მოხდა. მამა შვილი დაჭრა და 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

კლინიკა „გორმედის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტატო ქაჯაია ამბობს, რომ მოსალოდნელია უამრავი გართულება, რის გამოც ხდება მათი პრევენცია.

„დაზიანებები იყო მრავალგვარი და ბევრი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც იყო დაზიანებული, ეს არის მარჯვენა ფილტვი და პლევრა. ასევე, დაზიანებულია კუჭი, პანკრეასი, რამდენიმე ადგილას იყო გაჭრილი წვრილი ნაწლავი, შესაბამისად, გაკეთდა დიდი მოცულობის, ე.წ. ფართო მასშტაბის ოპერაცია. აღდგენილ იქნა ფილტვის ქსოვილის მთლიანობა და პლევრა დრენირებულია. კუჭი გაიკერა ორივე ადგილზე, პანკრეასი გაკერილია, სამწუხაროდ, მოხდა დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის ნაწლავის ამოღება, რადგან დაზიანებები იყო იმდენ ადგილზე, რომ მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

მთლიანობაში, პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამჟამად, მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. შოკიდან პაციენტი ჯერჯერობით არ გამოსულა, მაგრამ ჩანს, რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავდივართ. მოსალოდნელია უამრავი გართულება, ხდება ამ გართულებების პრევენცია, მაგრამ გარანტია, რომ მდგომარეობა არ გართულდება, არ არის. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, შეინიშნება სტაბილიზაციის მცირე ელემენტები“, - განაცხადა ტატო ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საღამოს, გორში მოხდა, 47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ 82 წლის მამა დააკავა. უთანხმოების მოტივი უცნობია, მეზობლების ვერსიით, დანით შეიარაღებული 82 წლის მამა 47 წლის შვილს სავარაუდოდ მძინარეს დაესხა თავს.