ძმების ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე

policiis lenti

ხელვაჩაურში ძმების ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა. ძმამ ძმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

"კურიერის" რესპონდენტი მძიმე დანაშაულის მოტივზე საუბრობს. მშობელი ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კამათს ასახელებს. დანაშაულის ადგილი ხელვაჩაურის სოფელი კიბეა.

ძმებს შორის კონფლიქტი ღამით, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. უფროსმა ძმამ უმცროსი მშობლების თვალწინ მოკლა. დანაშაულის იარაღი სანადირო თოფია.

რა უძღოდა ძმებს შორის დაწყებულ კონფლიქტს წინ, უცნობია. როგორც ოჯახის ნათესავები "კურიერს" უყვებიან, ერთი ოჯახის წევრებს უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელმა დანაშაულის ჩადენის შემდგომ მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. დანაშაულის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

35 წლის მამაკაცი ძმის მკვლელობას აღიარებს. ახლა ის ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.