„თავზარდაცემულია ოჯახი მოულოდნელი ტრაგედიით...“ - ახალგაზრდა მასწავლებელი გარდაიცვალა
1789849618
ბინების გაქურდვისთვის ქართველი მძარცველები მარტივ, თუმცა, მათი ვარაუდით, ეფექტურ ხრიკს იყენებდნენ - კარსა და ჩარჩოს შორის წებოს მცირე კვალს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, იმყოფებოდნენ თუ არა მცხოვრებლები სახლში. საბოლოოდ, სწორედ ამ სქემამ პოლიციას მათი საქმიანობის გამოვლენაში შეუწყო ხელი.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებამ გამოავლინა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ათენსა და ატიკის სხვა რაიონებში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდა. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, კიდევ ხუთი პირის იდენტიფიცირება კი მოახდინა.
როგორ მუშაობდა „წებოს ხრიკი“
ჯგუფის წევრები თავდაპირველად საცხოვრებელ კორპუსებსა და ბინებს არჩევდნენ. შემდეგ შერჩეული ბინის კარსა და ჩარჩოს შორის მცირე რაოდენობით წებოს ათავსებდნენ.
მეორე დღეს ისინი იმავე ადგილზე ბრუნდებოდნენ და ამოწმებდნენ, შეიცვალა თუ არა წებოს კვალი. თუ წებო უცვლელი ხვდებოდათ, მიიჩნევდნენ, რომ კარი არავის გაუღია და ბინის მცხოვრებლები, სავარაუდოდ, სახლში კვლავ არ იმყოფებოდნენ.
ამის შემდეგ ისინი ძარცვისთვის ხელსაყრელ დროს არჩევდნენ.
ჯგუფის წევრებს ფუნქციები ჰქონდათ განაწილებული
გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი წინასწარ დაგეგმილი სქემით მოქმედებდა და წევრებს შორის კონკრეტული როლები იყო განაწილებული.
ზოგიერთი მათგანი ბინებს აკვირდებოდა და სამიზნეებს არჩევდა, სხვები საცხოვრებელ კორპუსებში შედიოდნენ, ხოლო დანარჩენები შენობის გარეთ რჩებოდნენ და გარემოს აკონტროლებდნენ. მათი ამოცანა იყო თანამზრახველებისთვის ბინის მცხოვრებლების ან პოლიციის გამოჩენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრები ასევე იყენებდნენ სხვადასხვა ავტომობილს, მობილურ ტელეფონებსა და SIM-ბარათებს, მათ შორის სხვა პირების სახელზე რეგისტრირებულ ნომრებს.
გამოძიების მიხედვით, მათ ინფორმაციის მოპოვების ქსელიც ჰქონდათ შექმნილი და ცდილობდნენ წინასწარ გაეგოთ, როდის ტოვებდნენ ადამიანები სახლებს.
ძარცვის სქემაში ქართველი ქალიც ფიგურირებს
საქმეში 48 წლის ქალიც ფიგურირებს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახლის დამხმარედ მუშაობდა.
გამოძიების მიხედვით, ქალმა იცოდა კონკრეტული ბინების მცხოვრებლების გადაადგილებისა და მათი არყოფნის შესახებ და ამ ინფორმაციას ჯგუფის წევრებს აწვდიდა.
პოლიციის განცხადებით, ის ასევე ეხმარებოდა ჯგუფს შენობაში წვდომის მოპოვებაში და საერთო სივრცეებს აკონტროლებდა.
23 შემთხვევა და 179 ათას ევროზე მეტი უკანონო სარგებელი
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და გაქურდვის მცდელობის 23 შემთხვევაა გახსნილი. ჯგუფის საქმიანობა 2025 წლის ზაფხულიდან 2026 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა.
ერთ-ერთი ძარცვის დროს ბინიდან დაახლოებით 75 ათასი ევროს ღირებულების ფული და სამკაულები წაიღეს. სხვა შემთხვევებში კი, გამოძიების ინფორმაციით, მოპარული იყო სამკაულები, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ბრენდული ჩანთები და სხვა ნივთები.
პოლიციის შეფასებით, ჯგუფის მიერ მიღებულმა უკანონო ფინანსურმა სარგებელმა 179 ათას ევროს გადააჭარბა.
გამოძიების ინფორმაციით, ფულადი გზავნილების კომპანიების მეშვეობით ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 76 ათასი ევრო უცხოეთში არსებულ ანგარიშებზე გადარიცხეს. ბერძნული მედიის, Ethnos-ის, ცნობით, თანხა საქართველოში არსებულ ანგარიშებზე იგზავნებოდა.