1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„DRG სისტემით, კლინიკებს ისეთ სატარიფო სისტემასა და საბაზისო ტარიფს განვუსაზღვრავთ, რომ პაციენტს გარკვეული თანხის დამატება აღარ მოუწიოს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა DRG სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„დაპირებისამებრ, ყველაფერი მზად გვქონდა და 3 ოქტომბერს უნდა გაგვეშვა კიდეც სისტემა. თუმცა, ჯანდაცვის ასოციაციამ, წერილით, DRG-ს გადავადება გვთხოვა, რადგან, მათი თქმით, კლინიკებს სისტემები აქვთ გადასაწყობი. ვფიქრობ, კლინიკებს, ჰქონდათ საკმარისი დრო და საშუალება, სისტემები ისე გადაეწყოთ, რომ დათქმულ დროს DRG-ს დანერგვას მომზადებულები შეხვედროდნენ, ან მისი გაშვების შემდეგ, როცა სისტემა, ერთგვარად, საპილოტე რეჟიმში იმუშავებდა, პარალელურად განეხორციელებინათ საჭირო ცვლილებები. რაც უფრო შევაფერხებთ DRG სისტემის დანერგვას, მით მეტად აისახება ეს პაციენტების უკმაყოფილებაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს გუნდთან ერთად, DRG სისტემის დანერგვაზე მუშაობა 2022 წლის იანვარში დაიწყო და მისი დანერგვის საბოლოო ვადად ოქტომბერი განისაზღვრა. მინისტრის განმარტებით, პროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან, სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით იმუშავეს.
DRG დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით, სამედიცინო სერვისების დაფინანსების მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, დაწესებულებებს გადაუხდის.