ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს
1730490658
ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსები განსაკუთრებით გააქტიურდა და უამრავი ადამიანი მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველასა და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს უჩივის.
ამასთან არის ბავშვებში გავრცელებული ვირუსი, სახელწოდებით ( კოკსაკი ) რომელიც სახეზე და ხელ-ფეხის მიდამოზე გამონაყარით ვლინდება.
ენტეროვირუსების ჯგუფში ( და არა ნაწლავთა ვირუსული ინფექციები: როტავირუსი, ნოროვირუსი, ასტროვირუსი, საპოვირუსი, ენტერო-ადენოვირუსი) შედის პოლიომიელიტის, ECHO, ენტეროვირუსი 68-71 ტიპი და კოკსაკის A და B ვირუსები.
კოკსაკის ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა ნიუიორკის შტატის ქალაქ კოკსაკში, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება. ენტეროვირუსული ინფექციები გავრცელებულია ყველგან. ზომიერი კლიმატისა და სუბტროპიკულ ქვეყნებში (მათ შორის საქართველო) ენტეროვირუსულ ინფექციებს გააჩნიათ სეზონურობა და ეპიდემიური პიკები გვხვდება ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში კოკსაკის ვირუსი ცირკულირებს მთელი წლის განმავლობაში. 40-45% გვხვდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ძუძუთი კვება მკვეთრად ამცირებს დაავადების რისკს. ყველაზე მოწყვლადი 5 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტიგენტია.
დაავადების ერთადერთი წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემის მექანიზმია ფეკალურ-ორალური, საყოფაცხოვრებო ან ჰაერ-წვეთოვანი. დაბინძურებული შეიძლება იყოს საცურაო აუზის წყალი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო საგნები, ქვიშის სათამაშო მოედნები და ა.შ. ინკუბაციური პერიოდია 3-დან 6 დღემდე.
ენტეროვირუსული ინფექციების კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია- უსიმპტომო მიმდინარეობიდან იშვიათად მძიმე (მენინგიტი, კარდიტი, ართრიტი, მენინგოენცეფალიტი) დაავადებებამდე.
კოკსაკის ვირუსი კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:
არასპეციფიკური ენტეროვირუსული ცხელებით 38.5-40◦C-მდე, გაღიზიანებადობით, თავის ტკივილით, ღებინებით, საერთო სისუსტით, ანორექსიით, ადინამიით.
ხელ-ფეხ-პირის დაავადება (Hand Foot and Mouth Disease)- ვეზიკულურ - წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ფეხის, ხელის გულებზე და პირის ირგვლივ .
ჰერპანგინა- ე.წ. ენტეროვირუსული ვეზიკულური ფარინგიტი, რომელიც ხშირად ეშლებათ ბაქტერიულ ანგინაში.
ენტეროვირუსული სტომატიტი
ენტეროვირუსული ეგზანთემა-ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი კანზე
ჰემორაგიული კონიუქტივიტი
ენტეროვირუსული (კოკსაკი მათ შორის) ინფექციების დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება, მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების თანდართვისას. შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში პროგნოზი კეთილსაიმედოა და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.
ვაქცინო-პროფილაქტიკა, გარდა პოლიომიელიტის ვირუსისა არ არსებობს. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა:
ხშირად დაიბანეთ ხელები საკვების მიღების წინ, ჰიგიენური პროცედურების შემდეგ და სეირნობიდან დაბრუნებისთანავე.
სასმელად გამოიყენეთ ბუტილირებული ან ადუღებული წყალი. ( თუ არ არის ინფორმაცია სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ).
არ გამოიყენოთ მშრალი ყინული ბავშვებში წყლის ან გაზირებული სასმელის გასაგრილებლად.
დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული პირობები. მიირთვით მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის ვადაც ცნობილია საკვებად არ გამოიყენოთ მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს დასაწყობებული ხილი (მათ შორის საზამთრო, ნესვი)
საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი, კენკრა, ბოსტნეული და ბაღჩეული.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილირებამდე შეზღუდეთ ბავშვების ისეთ აუზებში შესვლა , რომლებშიც არ არის დაცული სანიტარული ნორმები (არ იქლორება ყოველდღე, არ იონიზირდება ა.შ.) ქვიშის მოედნებზე თამაში. აუზში შესვლისას განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებს მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადაყლაპონ დაბინძურებული წყალი.
გამოიყენეთ ერთჯერადი პირადი მოხმარების საგნები (ხელსახოცები, ცხვირსახოცები და ა.შ.) მოხმარებისთანავე ისინი მოათავსეთ დახურულ ნაგვის ყუთებში.
პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა თქვენ და თქვენს შვილებს თავიდან ააცილებს, როგორც ენტეროვირუსულ ისე უამრავ სხვა ინფექციებსაც.