ბუწაშვილი

უნდა მიირთვან თუ არა ბავშვებმა წვნიანი - მაია ბუწაშვილის განმარტება

ბავშვები და წვნიანი - ეს არის თემა, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს შორის განხეთქილების საბაბი ხდება. უფროსები მუდმივად იმის ცდაში არიან, რომ შვილებს სხვადასხვა ხერხით წვნიანი შესთავაზონ, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ჯანმრთელობისთვის ეს აუცილებელია.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის სავალდებულო ბავშვებმა და მოზარდებმა წვნიანი მიიღონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ბოსტნეულის ცოცხლად მიღება ბევრად უფრო სასარგებლოა. 

„პაციენტებს ხშირად ვეკითხები კვების რეჟიმის შესახებ, განსაკუთრებით, როცა პაციენტი ბავშვია. უმრავლეს შემთხვევაში, ერთნაირი სცენარია ხოლმე: დედა ან ბებია ძალიან უკმაყოფილო აღნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან ცუდად იკვებება. რომ ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ უკმაყოფილების მიზეზი არის ის, რომ „არ ჭამს წვნიანებს“. ბავშვს სახეზე აწერია, რომ ამ თემაზე ორთაბრძოლები აქვს ოჯახში გამოვლილი.

რატომ არის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა უფროსების მხრიდან, რომ ბავშვმა წვნიანი საჭმელი მიიღოს, ბოლომდე ჩემთვის გასაგები არ არის. თუ ბავშვი (ცხადია, მოზრდილიც), ადეკვატურად იღებს საკვებს, ჭამს ბოსტნეულს და ხილს, სვამს წყალს, წვნიანი რატომ არის ასეთი აუცილებელი? ზოგისთვის ბავშვობის მწარე მოგონებაა სუპებს რომ აძალებდნენ და მერე თვითონ აძალებს თავის შვილს, თითქოს ეს ტრადიცია მემკვიდრეობით გადადის და თან არავინ იცის, რატომ.

უკვე წინასწარ ვიცი უკმაყოფილო კომენტარების შინაარსი, რაც ამ პოსტის ქვეშ დაიდება და მათ წინასწარვე მინდა ვკითხო: სუპის სარგებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ შეიცავს ბოსტნეულს და სითხეს, იწვევს სისავსის შეგრძნებას და წვნიანის ჭამით შეიძლება ნაკლები კალორია მივიღოთ. თუ ბავშვი ბოსტნეულსაც იღებს და წყალსაც სვამს, აუცილებლად ერთად მოხარშული რატომ უნდა მიიღოს, მით უმეტეს, რომ უმი ბოსტნეული ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუპში მოხარშული და უმეტეს შემთხვევაში სარგებლობადაკარგული.

რა ვიცი, არა მგონია დღეს ჩვენი ბავშვების კვებაში ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ბევრად უფრო მეტი და მნიშვნელოვანი არასწორი ელემენტებია ჩვენი ბავშვების და მოზარდების კვების რეჟიმში.“ - წერს ექიმი.

მთავარი სიახლეები