უახლესი სენსაციური სამედიცინო კვლევა - 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ლუდის სმით გაუმჯობესდა

ludi

გამაოგნებელი ახალი სამედიცინო კვლევა ადამიანის ორგანიზმისთვის ლუდის სარგებლიანობაზე ჩატარდა. შედეგებით თავად მკვლევრებიც გაოცდნენ - ლუდი, როგორც ალკოჰოლის შემცველი, ისე - უალკოჰოლო, ნაწლავების ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სამედიცინო გამოცემა  New Atlas წერს.

„პორტუგალიელი მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნება გაზარდოს. მეცნიერებმა ჩაატარეს ერთთვიანი ექსპერიმენტი - 22 ჯანმრთელი მამაკაცი ყოველდღიურად 0.33 ლიტრ ჩვეულებრივ ან უალკოჰოლო ლუდს სვამდა. კვლევის დროს, მეცნიერები სისხლისა და კალის ანალიზს მუდმივად ატარებდნენ, რათა  მათ ნაწლავში ბაქტერიული მრავალფეროვნების მდგომარეობა დაედგინათ.

ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეებს ნაწლავში უფრო მეტი მიკრობული მრავალფეროვნება აღმოაჩნდათ, ვიდრე კვლევის დაწყებამდე. ასევე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ რაოდენობით ლუდი ადამიანის სხეულისა და ცხიმოვანი მასის ზრდას არ იწვევს, არ ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის შრატში მარკერების დონეს და არ მოქმედებს მეტაბოლიზმზე.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მიკრობების ბიომრავალფეროვნების გაზრდა ნაწლავში ლუდის ზოგიერთ კომპონენტს უკავშირდება, მაგალითად პოლიფენოლებს და ბაქტერიებს, რომლებიც მის ფერმენტაციას უწყობენ ხელს. თუმცა, ამავე დროს, მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ არა მხოლოდ ნაწლავების, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხოა როგორც ლუდის, ასევე სხვა ალკოჰოლისგან თავის შეკავება, მიუხედავად ახალი კვლევის შედეგებისა.

მეცნიერების თქმით, არსებობს ადამიანისთვის  ღვიძლისა და გულის დაავადებების გაჩენის რისკი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პოტენციური სარგებელი, რომელიც ლუდმა შეიძლება ნაწლავებს მოუტანოს, არ არის დამოკიდებული ლუდის სახეობაზე, თუმცა ისინი მაინც რეკომენდაციას იძლევიან, უალკოჰოლო ლუდი მიიღოთ.

„მიკრობული მრავალფეროვნების არსებობა ნაწლავებში თავისთავად, აუცილებლად კარგი ან ცუდი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაწლავებში ბევრი სხვადასხვა მიკრობი გაქვთ. ამგვარად, იზრდება ალბათობა, რომ იქ ბევრი კარგი მიკრობია, რომლებიც ნაწლავებზე დადებითად მოქმედებენ. მაგრამ, შეიძლება მიკრობებმა დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად ვერ შეასრულონ ორგანიზმისთვის აუცილებელი ფუნქციები. ამიტომაც, მთავარია არა მათი რაოდენობა, არამედ ის, თუ რას აკეთებენ ისინი“, – ამბობს ვინსენტ იანგი აშშ–ს მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ცალსახა დასკვნების გაკეთება ახალი კვლევიდან რთულია, მონაწილეთა მცირე რაოდენობისა და იმის გამო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით ნაწლავის მიკრობულ პოპულაციებზე.

„ჩვენ ახლა ამ მიკრობებზე ის ვიცით, რაც გვეცოდინებოდა ადამიანებზე, მათ რომ მთვარიდან ტელესკოპით ვაკვირდებოდეთ. ამასთან, ვეცდებოდით გაგვეგო, რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს საზოგადოებაში“, – ამბობს გასტროენტეროლოგი კალიფორნიიდან აშკან ფარხადი.