დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პარაცეტამოლი ალბათ, ის მედიკამენტია, რომელიც მომატებული ტემპერატურის დროს პირველ დამხმარე საშუალებად გვახსენდება, ამ წამალს ძირითადად სიცხის დამწევად, ხანდახან კი, ტკივილგამაყუჩებლადაც იყენებენ.
ქართული სააფთიაქო ქსელები პარაცეტამოლის ჯენერიკ მედიკამენტებს სწორედ ამ ჩვენებით ყიდიან - „სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება; მიღების ჩვენება - სხვადასხვა ეტიოლოგიის ცხელების და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი…)” - ვკითხულობთ პარაცეტამოლის შესახებ საინფორმაციო ველებში.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, პარაცეტამოლის ხშირი გამოყენება არტერიული წნევის მატებასთან და სხვა გვერდით ეფექტთან არის დაკავშირებული. კვლევაზე დაყრდნობით სტატია mkurnali.ge-მ მოამზადა.
ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული რანდომიზებული საკონტროლო კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ის გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომ 110 პაციენტს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მაღალი წნევა, ორი კვირით ენიშნებოდათ ერთი გრამი პარაცეტამოლი დღეში ოთხჯერ - რუტინულად დანიშნული დოზა პაციენტებში ქრონიკული ტკივილისას - ან შესაბამისი პლაცებო.
მათ, ვისაც გამოუწერეს პარაცეტამოლი, აღენიშნათ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ზრდა, მათთან შედარებით, ვინც იღებდა პლაცებოს.
„ასეთმა მატებამ შესაძლოა გაზარდოს გულის დაავადების ან ინსულტის რისკი დაახლოებით 20 პროცენტით“ – ამბობენ ექსპერტები.
მკვლევართა ჯგუფი ამბობს, რომ ამ აღმოჩენებმა უნდა გამოიწვიოს პარაცეტამოლის გრძელვადიანი რეცეპტების გადახედვა, განსაკუთრებით კი იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აქვთ ან არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებისა და ინსულტის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.
ეს კვლევა აჩვენებს, რომ პარაცეტამოლი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატია, ზრდის არტერიულ წნევას, რაც გულის შეტევისა და ინსულტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს.
"ექიმებმა და პაციენტებმა ერთად უნდა განიხილონ პარაცეტამოლის გრძელვადიანი გამოყენების რისკები და სარგებელი, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის მქონე პაციენტებში“ - წერს ედინბურგის უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორი ჯეიმს დეარი.
გერმანულ გამოცემა “დოიჩე ველესთან” საუბრისას პალიატიური ზრუნვის ცენტრის ექიმი გერჰარდ მიულერ-შვეფე ამბობს, რომ ეს პრეპარატი სინამდვილეში არც ისეთი უვნებელია, როგორც მიიჩნევა:
„დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პარაცეტამოლს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ბავშვებში“. - აღნიშნავს მედიკოსი.
ზოგიერთი პაციენტი, რომელიც მოკლე დროში ვერ გრძნობს პარაცეტამოლის ეფექტს, მალევე იღებს დამატებით მეორე და შემდეგ კიდევ მესამე აბს, იმ იმედით, რომ რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო დიდი იქნება ეფექტი.
„ასეთ შემთხვევებში, მართლაც არსებობს ღვიძლის დაზიანების რისკი“, – ხაზს უსვამს მიულერ-შვეფე.
გარდა ამისა, გერმანელი სპეციალისტები პარაცეტამოლთან მიმართებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გამოკვეთენ - მედიკამენტმა შესაძლოა, დამოკიდებულება გამოიწვიოს.
„იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ხანს და რამდენ პარაცეტამოლს იღებს ადამიანი, შეიძლება წარმოიქმნას დამოკიდებულება. პარაცეტამოლი უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ანუ ზურგის და თავის ტვინზე“ - წერს “დოიჩე ველე”.
„ეს დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი. თვისებრივი კვლევის წყალობით, ჩვენ ახლა უკეთ გავიგეთ, რომ პარაცეტამოლი თავის გავლენას ახდენს ზურგის ტვინის სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს ტკივილის შეგრძნებებს“. - განმარტავს მიულერ-შვეფე.