საქართველოში ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე

ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში  H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, თუ იქნება ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების პიკი, ეს პიკი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოდის, შესაბამისად, ახლა ამ პერიოდში ვართ. ეს მცირედი მატება ლოგიკური და ახსნადია. ანგარიშით ნათლად ჩანს, რომ ძირითადი ვირუსი ეს არის გრიპის ვირუსი, კერძოდ, მისი ტიპის ფორმა და მისი ჯამური რაოდენობა ვირუსულ პეიზაშში შეადგენს 50 პროცენტს, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძირითადად სწორედ გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსების გაყოფას თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით არის H3N2 ტიპის ვირუსი ე.წ. ჰონკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება დეკემბრის თვე“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9,8 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსად არ გამქრალა კორონავირუსი.

„შესაძლებელია, კორონავირუსი გახდეს ისეთივე სეზონური ვირუსი, როგორიც გრიპის ვირუსი. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე დასტურდება. შესაძლებელია, ჩვენ პანდემიის დასასრული, 2023 წელს მოვისმინოთ ჯანმოსგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება, ის იქნება, ჩვენ მას შევეჩვევით, ყოველწლიურად ალბათ, შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით.

წლევანდელი წელი ამ მხრივ შეიძლება, იყოს გამორჩეული და შეიძლება, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იყო ვირუსებს შორის ერთ-ერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წამყვანი. თუ გრიპს და კორონავირუსს შეადარებთ, 5-ჯერ მეტია გრიპი, ვიდრე კორონავირუსი, პანდემიის წლებში ასე არ იყო. კორონავირუსის პანდემიამ, რადიკალურად შეცვალა სეზონურობის განმარტება, რადგან ჩვენ 2022 წელს გვქონდა, არაერთი, არამედ ორი პიკი. განსხვავებით კორონავირუსისგან გრიპი ცირკულირებს უფრო ბავშვებში. კორონავირუსი არ არის ბავშვების ვირუსი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.