გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
რომელი გენეტიკური ტესტირებების ჩატარებაა რეკომენდებული ორსულობის დროს და ორსულობამდე, რა განსხვავებაა მათ შორის - რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგი ქეთი გოცირიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში ორ ტესტირებას შორის სხვაობას განმარტავს.
მეან-გინეკოლოგის განცხადებით, პირველი - გენეტიკური კვლევა ტარდება ორსულობამდე, როგორც ქალზე, ასევე მამაკაცზეც, რაც წინასწარ ავლენს შესაძლო მემკვიდრეობით დაავადებებს. ხოლო მეორე კვლევა, მისივე თქმით, ტარდება უშუალოდ ორსულობის დროს, რაც ავლენს არა მემკვიდრეობით, არამედ "შემთხვევით" დაავადებებს, რაც ემბრიონს შესაძლოა მუცლად ყოფნის დროს განუვითარდეს.
"ახალი და საინტერესო იქნებოდა საუბარი გენეტიკურ დაავადებებზე იმისათვის, რომ იშვიათი გენეტიკური დაავადებების პრევენცია მოვახდინოთ. დღესდღეობით ეს სფერო ძალიან განვითარებულია, მაღალ ტექნოლოგიური კვლევები გვაძლევენ ამის საშუალებას. მაგალითისთვის, ჩვენ ყველა შეიძლება ვიყოთ ამა თუ იმ გენური მუტაციის მატარებელი, რომელიც ჩვენთვის არ იყოს ცნობილი, არც ოჯახური ანამნეზი გვეუბნებოდეს ამის შესახებ რაიმეს, არც ცხოვრების ანამნეზი.
ეს მატარებლობა არ ნიშნავს დაავადებას, თუმცა ეს ხდება მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი რეპროდუქციული პარტნიორიც აღმოჩნდება ზუსტად იგივე გენური მუტაციის მატარებელი, რეკომენდებულია წყვილის კვლევა. ეს კვლევა ავტოსომურ რეცესიულ დაავადებებზე კვლევას წარმოადგენს.
არსებობს ქრომოსომული დაავადებები, რომლებიც ორსულობაში შეიძლება რომ აღმოვაჩინოთ - ეს განსხვავდება ერთმანეთისგან. ქრომოსომული დაავადებები უშუალოდ ემბრიონის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, ეს შეიძლება არ იყოს მემკვიდრეობითი, შემთხვევით შეიძლება განვითარდეს ეს დარღვევა ემბრიონში. ხოლო გენეტიკური მტარებლობა კი მემკვიდრული დაავადებაა და ამის გამოკვლევა მანამდე უნდა მოხდეს, მერეც შეიძლება ორსულობაში, თუმცა თუ მანამდე იქნება აღმოჩენილი, არსებობს რიგი მექანიზმები, რითაც შეიძლება, რომ თავი ავარიდოთ. აღნიშნული კვლევები სხვადასხვა ინფორმაციას გვაძლევს.
გენეტიკური ტესტირება საკმაოდ ფუფუნების საგანია დღესდღეობით, თუმცა იმხელა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად ღირს, რომ ყველაფერი გადავდოთ და მზად ვიყოთ ამისთვის. მერე სიურპრიზების წინაშე აღარ ვდგებით, გვექნება საშუალება ან ავირიდოთ, ან ვმართოთ დროულად და ადრეულ ეტაპზე ისე, რომ შევამსუბუქოთ მიმდინარეობა ამა თუ იმ პრობლემის," - განაცხადა ქეთი გოცირიძემ.