როდიდან ექნებათ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება - მინისტრის განმარტება

zurab azarashvili

„მსოფლიოში, საერთაშორისო აკრედიტაციის რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს. კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებას მივცემთ, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც, 2025 წლიდან ექნებათ და მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ შეძლებენ ოპერირებას“, - ამ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.

„რამდენიმე კლინიკას, საკუთარი ინიციატივით, უკვე გავლილი აქვს ეს აკრედიტაცია. სანამ მათი შესრულება სავალდებულო გახდება, 2 წელზე მეტია დარჩენილი. ვფიქრობთ, სამედიცინო დაწესებულებებს გონივრულ ვადას ვაძლევთ ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომ ოპერირება შეძლონ, ან მაშინ განაგრძონ, როდესაც ყველა პირობას შეასრულებენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.