რა უნდა ვიცოდეთ ვირუსზე, რომელიც ახლა ცირკულირებს და კორონავირუსის სიმპტომატიკას ძალიან ჰგავს

გოგინავა

„რა კორონა, რის ომიკრონი, ეს ახალი სეზონური ვირუსი ყოფილა, რაც ყოფილა.. “ - ასე აფასებენ მოქალაქეები იმ რესპირაციულ ვირუსს, რომელიც ბოლო 1 კვირაა ქვეყანაში ცირკულირებს და როგორც კლინიკებში მიმართვიანობით ირკვევა, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოიცვა.

ჩივილები კორონავირუსის სიმპტომატიკას ძალიან ჰყავს - ყელისა და სახსრების ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, სურდო, თავიდან მსუბუქი, შემდეგ კი სპაზმური ხველა. 

რამდენად საშიში ვირუსია, როგორ გავარჩიოთ კორონავირუსისგან და საჭიროებს თუ არა კლინიკურ კვლევებს - ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

მისი განმარტებით, ვირუსი ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით ვლინდება და ჰოსპიტალიზაციას ნაკლებად საჭიროებს.

„დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ სეზონურმა გრიპმა ცირკულაცია დაიწყო, შემთხვევებმაც მკვეთრად მოიმატა. ამ ეტაპზე, ჩემი ინფორმაციით, ასევე ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები, რომელსაც იგივე სიმპტომატიკა ახასიათებს, რაც კორონავირუსს. ესაა ცხელება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი. დაავადების მიმდინარეობა მძიმე არ არის, შესაძლოა, ადამიანს სიმპტომები 3-4 დღის განმავლობაში ჰქონდეს, თუმცა კორონავირუსისგან განსხვავებით, სხვა რესპირაციულ ინფექციებს, ეს იქნება რინოვირუსი, ადენოვირუსი, თუ სხვა, არ ახასიათებს ფილტვისა და ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება და როგორც აღვნიშნე, ძირითადად, ზემო სასუნთქის დაზიანების სიმპტომებით მიმდინარეობს, ესაა ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, გაჭედვა და 2-3 დღის განმავლობაში ტემპერატურა.

ბავშვებში კლინიკური მიმდინარეობა ცოტა სხვაგვარია. შესაძლოა, უფრო გახანგრძლივდეს, თუმცა ჯანმრთელ ბავშვებსაც რესპირაციული ინფექციები გადააქვთ ბევრად მსუბუქად, ვიდრე ეს იყო კორონავირუსის შემთხვევაში. 

აქ გააჩნია, სიმძიმის კრიტერიუმად რას ავიღებთ. კი, მას შემაწუხებელი სიმპტომები ახასიათებს, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ხველა, სურდო, 3-4 დღის განმავლობაში თავისა და სახსრების ტკივილი, მაგრამ ახალი კორონავირუსის შტამებისგან განსხვავებით, ნაკლებად ახასიათებს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება და ფილტვების ანთების განვითარება.“ - განაცხადა გოგინავამ.

სხვა სიახლეები