რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18:00 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა – ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს!

საუზმე

გადატვირთული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ხშირად ადამიანები უარს ვამბობთ საუზმის მიღებაზე, რაც ერთი შეხედვით უწყინარი გვგონია. თუმცა, თუ ექიმებს დავეკითხებით, ისინი დაგვიმტკიცებენ, რომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას გაამართლებს, რადგან ცხოვრება საუზმის გარეშე და ასევე, 18.00 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა, სახიფათოა ორგანიზმისთვის.

რას როლს თამაშობს საუზმე ჩვენს ცხოვრებაში?

საუზმეზე უარის თქმას ხშირად ცარიელი ავზით მანქანით მგზავრობას ადარებენ. დამტკიცებული ფაქტია, რომ სრულფასოვანი საუზმე მხოლოდ ენერგიას კი არ გვაძლევს - კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრის დიაბეტის II ტიპის განვითარების რისკებს ამცირებს. დილის საუზმე ყველა საჭირო მინერალს, მიკროელემენტს, ვიტამინს და ამინომჟავას შეიცავს. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ძვალ–კუნთოვანი ქსოვილების მდგომარეობას.

რა ხდება კარგი საუზმის შემდეგ?

  • ადამიანები სტრესისადმი ნაკლებად მგრძნობიარეები არიან 
  • უფრო თავშეკავებულები არიან სხვებთან ურთიერთობისას
  • ნაკლებად ეფანტებათ ყურადღება მუშაობისას
  • უფრო სწრაფად ფიქრობენ და ადვილად იმახსოვრებენ
  • მხნეობას მთელი დღის მანძილზე ინარჩუნებენ და ნაკლებად იღლებიან სამუშაოზე.


ადამიანების ერთი ნაწილისთვის, საუზმე — ჩვევაა, ხოლო მეორე — მასზე საერთოდ უარს ამბობს.

რატომ არ ვსაუზმობთ?

  • დროის სიმცირე
  • წონაში მომატების შიში 
  • უმადობა 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ყველაზე ხშირად, უმადობას ასახელებენ.
როგორც დიეტოლოგები ამტკიცებენ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც დილაობით უმადობას უჩივის, გაღვიძებიდან, არაუგვიანეს ნახევარი საათისა, ყოველდღიურად ისაუზმებს, 2-3 კვირის შემდეგ, მადა აუცილებლად გაუჩნდება.

უარი საუზმეზე წონაში დაკლების მიზნით:

ზედმეტი წონის გაჩენა საუზმის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია — ორგანიზმს წინ მთელი დღე აქვს, რომ დილით მიღებული კალორიები დახარჯოს. გვიანი საუზმე, ან კალორიული სადილი და ვახშამი, ბევრად უფრო საზიანოა გარეგნობისთვის, ვიდრე საუზმე.  ამას გარდა, ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესის შენელება ხდება. გაღვიძების და საუზმის შემდეგ, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. საუზმის გარეშე კი, ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას ხარჯავს. ამასთან, ორგანიზმში არ იქნება ფერმენტები, რომლებიც საუზმობის დროს და მის შემდეგ გამომუშავდება. სხვადასხვა შეფასებით, ადამიანები, რომლებიც არ საუზმობენ, მხოლოდ შენელებული მეტაბოლიზმის გამო, წელიწადში 4-7კგ-ს იმატებენ.

არსებობს გასუქების მეორე მიზეზიც: ის ვინც არ საუზმობს, სადილისთვის ისეთი მოშიებულია, რომ საჭიროზე მეტ საკვებს იღებს.

როგორი უნდა იყოს საუზმე:

საუზმე არ უნდა იყოს მეტისმეტად უხვი და კალორიული. თუ, რა თქმა უნდა, სპორტით არ ხართ დაკავებული, ან მძიმე ფიზიკური სამუშაო არა გაქვთ შესასრულებელი. გარდა ამისა, მეტისმეტად კალორიული საუზმე სიმხნევის ნაცვლად, ძილიანობას იწვევს.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საკვების მიღებას უკავშირდება:

გავრცელებული აზრია იმის შესახებ, რომ ვისაც გახდომა, ან არსებული წონის შენარჩუნება უნდა, 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღებაზე უარი უნდა თქვას. 

მითია თუ რეალობა, რომ გვიან წახემსება ზიანის მომტანია:

მითია - ამასთან, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დილის 8 სთ-ზე საუზმობს და 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღეისგან, თავს იკავებს, მისი ორგანიზმი, 14 საათი მანძილზე, ენერგიის წყაროს გარეშე რჩება. რაც მეტისმეტად ხანგრძლივი პერიოდია და ამასთან, ამ ადამიანების უმრავლესობა, საღამოს საათებში, შიმშილის გრძნობას განიცდის და ამის "გადასაგორებლად", კითხულობენ ან ტელევიზორს უყურებენ. მაგრამ, საკმარისია, ეკრანზე საჭმელი გამოჩნდეს, ან მისი სუნი შეიგრძნონ, რომ კუჭის წვენის გამომუშავება ეწყებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკვების გადამუშავებისთვის მომზადებას იწყებს. ამ დროს, კუჭში საკვების არ არსებობის შემთხვევაში, კუჭის წვენის ნაწილი ნაწლავებში გადადის და მის ამოსრუტვას იწყებს. გარდა ამისა, იზრდება კუჭის წყლულის და გასტრიტის გაჩენის რისკებიც. ამიტომ, დაძინებამდე, 3–4 საათით ადრე, მსუბუქ წახემსებას, ზიანის კი არა, მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია. 

რას იწვევს საკვების მიღებაზე, ხანგრძლივი დროით, თავის შეკავება:

ამ შემთხვევაში, ორგანიზმი სტრესს განიცდის და როგორც კი საკვები მოხვდება მასში, მაშინვე ცდილობს მარაგის აღებას, რაც ადრე, თუ გვიან, ჭარბი წონის წარმოქმნას იწვევს.

რეკომენდაცია: 

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გასტრიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები, დისბაქტერიოზი, ჭარბი წონა და სხვა დაავადებები, დიეტოლოგების რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: მოვუსმინოთ სიგნალებს, რომლებსაც ორგანიზმი იძლევა და საკვები მაშინ მივიღოთ, როდესაც ამის მოთხოვნილება გაგვიჩნდება. თუმცა, არასდროს არ უნდა გამოვტოვოთ საუზმე, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა, დილის საათებში მადა ან დრო. 

წყარო: intermedia.ge