1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რა იწვევს კვებით აშლილობას ბავშვებში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მათ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი.
- რა არის კვებითი აშლილობა?
- კვებითი აშლილობა ფსიქიკურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მდგომარეობა ყოველთვის დაკავშირებულია კვების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებასთან. კვებითი აშლილობის დროს თავს იჩენს საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ცხადია დროთა განმავლობაში იწვევს, როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ავადმყოფობა ყოველ მე-5 ადამიანში ქრონიკულ სახეს იღებს და ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ ხანგრძლივი დროით ებრძვიან დაავადებისგან გამოწვეულ შედეგებს, მაგალითად, გულსისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მონელებელი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს. კვებითი აშლილობა სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით ვლინდება ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანებში. თუმცა, სტატისტიკურად, უმეტესად კვებით აშლილობას ვხვდებით მოზარდობისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.
- რა არის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში?
- რაც შეეხება მიზეზებს, სპეციალისტები ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ. ისინი გვთავაზობენ ფართო სპექტრს იმ ფაქტორებისა, რაც შეიძლება იყოს კვებითი აშლილობის გამომწვევი. გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს:
გენეტიკური - მაღალი ემოციური მგრძნობელობა, ან აზროვნების თავისებურებები, მაგალითად მომატებული დეტალიზაციის სახით;
ფსიქოგენური - სტრესული გარემო, დაბალი თვითშფასება, პერფექციონიზმი, მოზარდობის ასაკში ავტონომიისკენ სწრაფვის ტენდენცია;
სოციოკულტურული - სოციუმში დამკვიდრებულია გარკვეული ღირებულებები, მაგალითად, ე.წ. სილამაზის სტანდარტი, აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება მოერგოს აღიარებულ სტანტარტს. როდესაც ასეთი მოთხოვნილება სცდება საღ აზრს შესაძლოა ვივარაუდოთ რომ უკვე გარკვეული ჩანასახი არსებობს კვებითი აშლილობის.
- რა სახის კვებითი აშლილობები არსებობს და მათ სიმპტომებზე რომ ვისაუბროთ.
- კვებითი აშლილობის რამდენიმე სახეს გამოყოფენ. მათგან საკმაოდ გავრცელებულია ნერვული ანორექსია, რომელიც ძირითადად ვლინდება 14-15 წლის ასაკში. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მადის დაქვეითებაზე, ეს არის საკუთარი სხეულის, წონის არასწორი, დარღვეული აღქმა. ადამიანს ჰგონია რომ აქვს ზედმეტი წონა და ამის გამო ცდილობს შეზღუდოს საკვები. ნერვული ანორექსიის ძირითადი ნიშანია, როდესაც მოზარდის სხეულის წონის ინდექსი ნორმის ქვემოთ ჩამოდის. ასევე, დამახასიათებელია დაღლილობა, დიეტების და კალორიების დათვლის მიმართ გადამეტებული ინტერესი, ჭარბი ფიზიკური აქტივობა, კვების დროს განმარტოების ტენდენცია, საკუთარი სხეულის კრიტიკულად შეფასება.
ბავშვებში კვებითი ქცევის დარღვევა ორგანიზმისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის, როდესაც ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის დეფიციტშია და ორგანიზმს არ მიეწოდება. გარდა ამისა, ვლინდება სომატური პრობლემები, მაგალითად, საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული სისტემის, ასევე, ადგილი აქვს თმის ცვენას, სტომატოლოგიურ პრობლემებს, ზრდის შეფერხებას. უმეტეს შემთხვევებში, მკურნალობის შედეგად ეს პრობლემა დაძლევადია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნერვული ანორექსია არის იმ მცირე რაოდენობის ფსიქიკური აშლილობებიდან ერთ-ერთი, რომელსაც აქვს ე.წ ლეტალური გამოსავალი და რთული შემთხვევებიდან 5% სამწუხაროდ ლეტალურ შედეგზე გადის.
კიდევ ერთი სახეობა კვებითი დარღვევისა არის ნერვული ბულემია. ამ დროს ადამიანი ჭარბად იკვებება და საკვების მიღების შემდეგ ცდილობს გაათავისუფლოს საკუთარი კუჭი ხელოვნურად, პირღებინებით. ბულემიის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა დაავადება, მაგალითად, დეპრესია. ამ შემთხვევაში, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ქცევას, როგორიცაა აბაზანით ხშირად და ხანგრძლივად სარგებლობა. ამასთან, საყურადღებოა სხეულის წონის მკვეთრი ცვლილება, განწყობის უმიზეზოდ ცვალებადობა, თმის ცვენა, ხშირი ვირუსული დაავადებები, ღრძილების ანთება, საყლაპავი მილის დაზიანება, რომელიც ხშირი პიღებინებით არის გამოწვეული.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ევაკუირებულია 4 500 მოქალაქე, სტიქიამ კიტონის სანაპირო მთლიანად დაანგრია - დრამატული კადრები
თბილისში გაზის კომერციული ტარიფი შემცირდა
გარდაიცვალა გოგო, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა