საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
1732608926
ბოლო რამდენიმე კვირაა, კლინიკებში მიმართვიანობა ისევ გაიზარდა, გამოჩნდა სხვადასხვა სახის ინფექცია, რომელიც როგორც დიდებს, ასევე მცირე ასაკის ბავშვებშიც გამოვლინდა. როგორც მშობლები აღნიშნავენ, ბავშვთა კლინიკები გადავსებულია. ძირითადი ჩივილები მაღალი სიცხე და ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელს, ივანე ჩხაიძეს ესაუბრა.
მისი თქმით, 2022 წელი გამორჩეულია როგორც გრიპის, ასევე სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევების რაოდენობით. მძიმე დაავადების გამომწვევი ვირუსი ორია: გრიპი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი. ექიმის განმარტებით, საფრთხილოა 1 წლამდე ბავშვები, რადგან შედარებით დიდი ასაკის ბავშვებში სხვადასხვა სახის გართულებას არ იწვევს.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დეტალური ინფორმაცია გვქონდეს ბავშვებში სხვადასხვა ტიპის ვირუსების გავრცელების შესახებ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკა წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას და ჩვენ ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგინოთ სრული პეიზაჟი, ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე.
წლევანდელი წელი სრულიად გამორჩეული და განსხვავებულია 2019, 20-21 წლის სეზონისგან. მაგალითად შარშან მთელ საქართველოში გრიპის სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს მხოლოდ იაშვილში 1-ლი იანვრიდან დღემდე გრიპის 19 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.
ასევე, ძალიან შეიცვალა სხვა ტიპის ვირუსების რაოდენობა და მათი გამოვლენის ხარისხიც. ერთი ყველაზე გამორჩეული ამ თვალსაზრისით, არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომლის რაოდენობა დაწყებული პირველი იანვრიდან დღემდე თითქმის 90-ს უახლოვდება. რატომ არის ეს ვირუსი მნიშვნელოვანი - მისი პროგნოზი ჯერ კიდევ დეკემბერში გაკეთდა, ვინაიდან შარშანდელი სეზონი მკვეთრად იყო გამორჩეული კოვიდ-საწინააღმდეგო რეგულაციების ფონზე. მას შემდეგ, რაც კოვიდ-რეგულაციები მთელ მსოფლიოში შემცირდა, შემცირდა A-ტიპის ვირუსების მატება.
რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ ასაკობრივ ჯგუფში ის არის ძირითადი განმაპირობებელი ბრონქიოლიტის, ანუ წვრილი ბრონქების ანთების. ეს დაავადება შემტევითი ხასიათის ხველით მიმდინარეობს, სუნთქვის გაძნელებით, გახშირებული სუნთქვით, ამას ხშირად ცხვირ-ტუჩის გარშემო ფერის შეცვლაც ახლავს. ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციასა და ჟანგბადის დახმარებას. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ სუნთქვის დროს სტვენა ესმით.
რინოვირუსი, რომლის შემთხვევები წელს ძალიან ბევრი იყო, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.
წელს, ზამთრის სეზონზე ძალიან ბევრი პაციენტი იყო მოთავსებული კლინიკაში. ასევე, შემთხვევების დიდი რაოდენობა აპრილსა და მაისშიც გვქონდა, რაც არის სრულიად უჩვეულო, რადგან ამ დაავადებას არ ახასიათებს არასეზონური მატება, რაც წელს იყო. ასეთივე სურათია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
- რამ გამოიწვია ვირუსის მკვეთრი და არასეზონური მატება?
ჯანმოს პასუხია აბსოლუტურად ლოგიკური - 2020-21 წელი იყო მკვეთრად შეზღუდული, რომლის უკანაც იდგა ის ღინისძიებები, რომელთაც კორონავირუსისგან თავის დასაცავად ვიყენებდით.
ასევე, საბავშვო ბაღები და სკოლები იყო დახურული. როდესაც ბავშვები ერთ სივრცეში იყრიან თავს, აქ ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.
მას შემდეგ, რაც სკოლა-ბაღები გაიხსნა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, ამ 2-წლიანმა ინტერვალმა მკაფიოდ იჩინა თავი. პანდემიის მანძილზე ბავშვები იზოლირებულები გვყავდნენ, მათ ვირუსულ ინფექციასთან კონტაქტი არ ჰქონდათ, შესაბამისად, მათი იმუნური სისტემა არატრენირებული დარჩა. მას შემდეგ კი, რაც შეზღუდვები მოიხსნა, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დადგა.
თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომდევნო, 2023 წელი იქნება ალბათ ისეთივე ჩვეულებრივი სეზონური მატების წელი, როგორიც იყო პანდემიამდე.
როგორ დავიცვათ ბავშვები ინფიცირებისგან?
კორონავირუსის პანდემიამ ძალიან კარგად გვასწავლა, თუ რას ნიშნავს პრევენცია. ის, რაც ჩვენ კორონავირუსის დროს გვქონდა არსენალში: დისტანცირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა და დახურულ სივრცეში შეკრების არიდება - სწორედ ეს მოქმედებს სხვა ტიპის ვირუსების წინააღმდეგაც. ერთი განსხვავება რაც არის, ჩვენ სამწუხაროდ, ყველა ტიპის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ გვაქვს. დღეისათვის, ჩვენ ვიყენებთ ერთადერთ ვაქცინას, ეს არის გრიპის საწინააღმდეგო, რომელიც 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის არის რეკომენდებული. ვაქცინის პერიოდი მკაფიოდ განსაზღვრულია, ეს არის ოქტომბერ-ნოემბერი, ასე რომ, ახლა ვირუსის თავიდან აცილების შესაძლებლობებს განვიხილავთ, დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ დისტანცირება, რადგან ნიღაბს უკვე აღარავინ ატარებს. წლამდე ასაკის ბავშვებში კონტაქტები უნდა შევზღუდოთ, მით უფრო, თუ სხვა ბავშვს ცხვირიდან გამონადენი აქვს.
ამ ასაკის ბავშვებმა ბევრი დრო უნდა გაატარონ ეზოში, სკვერში, ბაღში, მათი გარეთ გამოყვანა და სუფთა ჰაერით სარგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალსიწინებით, რომ პანდემიამ მკვეთრად შეგვიმცირა მზის სხივის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, რამაც D-ვიტამინის შემცირებას შეუწყო ხელი.
- როდის გადაივლის ვირუსის გავრცელების პიკი?
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რესპირაციული ვირუსების სეზონი ჩამთავრებისკენ მიდის. მონაცემებს რომ გადავხედოთ, ივნისში ასეთი შემთხვევები აღარ იქნება. პიკმა უკვე გადაიარა, პიკი იყო გვიანი ზამთარი და ადრეული გაზაფხული, ახლა ჩვენ ნამდვილად არ ველოდებით შემთხვევების მატებას.
რა ხდება ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში?
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომართვიანობის ანალიზი ორი მიმარტულებითაა საჭირო, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რესპირაციულ ვირუსებზე, ესენი განაპირობებენ სასუნთქი გზების დაავდებას, აქ ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ დეპარტამენტი 100%-ით დატვირთულია. ეს დატვირთვა კვირების და თვეების განმავლობაში სტაბილურია. მომართვიანობა მართლაც დიდია, რაც შარშან არ ყოფილა. იმედი გვაქვს, რომ 1-2 კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი შემცირდება და საშიშროება, რომ ეს მომდევნო კვირებშიც გაგრძელდეს, არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ზაფხული გაცილებით უსაფრთხო და ნაკლებად დატვირთული იქნება.
- რა არის ის სიმპტომატიკა, რომლითაც მშობელმა უნდა ამოიცნოს ვირუსი და მიმართოს კლინიკას
პირველ რიგში, ნიშნები წვრილი ბრონქიოლების დაიზანებიდან გამომდინარეობს. ხაზს ვუსვამ, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ ბრონქიოლიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაავადების დაწყება ტემპერატურის მომატებით, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან გამონადენი, იშვიათი ხველა, ცემინება, სწრაფად უარესდება მდგომარეობა.ბავშვს ეწყება შეტევითი ხასიათის ხველა, აუცილებლად ყურადღება მივაქციოთ სუნთქვის გახშირებას, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობას და ხშირად ცხვირის ნესტოების ბერვას, ასევე, აღსანიშნავია მანძილზე მოსასმენი სუნთქვა, რომელსაც მსტვინავი ხასიათი აქვს, ეს პირდაპირ მიუთითებს წვრილი ბრონქების დაზიანებას. თუ ამ შემთხვევაში ჩვენი ბავშვის ასაკი 2 წლამდეა, ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ ამ ტიპის დაავადება არ იყოს. ამ შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია არის აუცილებელი. ბავშვების არც თუ ისე მცირე ნაწილს ჟანგბადის დამატებით მიწოდება სჭირდება, ამიტომ სახლში არ უნდა დავრჩეთ. ტემპერატურის ფაქტორი აქ წამყვანი არ არის, აქ წამყვანია რესპირაციული დისტრესი, რაც გახშირებული, ხმაურიან, ხშირ ხველას ნიშნავს.
პანიკას არ უნდა ავყვეთ, 1 საათის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ბრიგადას, ან თავად წაიყვანეთ ბავშვი კლინიკაში.