ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

ჯანდაცვის სამინისტრო

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.

კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე.
განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.

არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, დევნილთა სააგენტო შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და განაცხადებში წარმოდგენილ ინფორმაციას გადაამოწმებს. მონიტორინგის მიზანია, დადასტურდეს, რომ ოჯახი აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, ხოლო განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.კომპენსაციის პროგრამასთან ერთად, გაგრძელდება დევნილთა განსახლების არსებული პროგრამები, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა.

✕