1692302192
ინტერვიუ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტ მიხეილ ოკუჯავასთან

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების წევრ-კორესპონდენტი მიხეილ ოკუჯავა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს მედიცინაში აკადემიის როლზე და იმ პრობლემებზე, რომელსაც ფინანსური რესურსის ნაკლებობა იწვევს. მისი თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აკადემიამ ექსპერტული სამუშაოები მეტად გააძლიეროს.
მიხეილ ოკუჯავა მიიჩნევს, რომ დაფინანსება ის ბერკეტია, რაც სპეციალისტებს სამშობლოში დარჩენის სურვილს გაუჩენს და შესაბამისად, კადრების გადინებაც შემცირდება. გარდა ამისა, ქვეყანა სხვადასხვა გამოწვევისთვის მეტად მომზადებული და მობილიზებული იქნება.
- მედიცინის სფეროში მრავალი რეფორმა ჩატარდა, შეიცვალა ზოგადად ჯანდაცვის სისტემა და ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების სტრუქტურა და დანიშნულებაც. როგორ იმოქმედა ყოველივემ საქართველოში მედიცინის დარგში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე?
- ნამდვილად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვაში და მედიცინაში რევოლუციური ცვლილებები მოხდა. ეს გარკვეული ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული: მოგეხსნებათ, შეიცვალა ზოგადად სისტემა და ადრე არსებული, ჩამოყალიბებული საბჭოთა ჯანდაცვის მოდელი, რა თქმა უნდა, ვერანაირად მოერგებოდა იმ რეალობას, რომელიც დადგა.
ერთის მხრივ, ნამდვილად პოზიტიური ძვრები მოხდა. ჯანდაცვის სფეროში პრივატიზაციის პროცესის დაშვებამ საკმაოდ სწრაფად გამოიღო შედეგები - მოხდა ინვესტორების დაინტერესება, მოძველებული საავადმყოფოების და ამბულატორიების ნაცვლად ჩამოყალიბდა ახალი თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც, დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობას ემსახურება.
მაგრამ, სისტემურმა ცვლილებებმა, ამავდროულად გარკვეულწილად თავისი უარყოფითი მხარეებიც გამოავლინა. მედიცინა განსაკუთრებული სფეროა და თუკი ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, ასეთი მიდგომა დაუშვებელია. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან და მის ჯანმრთელობასთან, ამიტომ მიდგომაც განსხვავებული უნდა იყოს. სამედიცინო სერვისების ორიენტირება მომგებიანობაზე განაპირობებს ხელოვნურ არჩევითობას და ხშირად ზოგიერთი ისეთი მიმართულების დაკნინებას, რასაც შეიძლება დღეს მყისიერი ფინანსური შედეგი არ მოჰქონდეს, სინამდვილეში კი უდიდეს მნიშვნელობას ატარებდეს დარგის განვითარებისთვის და საბოლოოდ პაციენტების ჯანმრთელობისათვის.
მოგეხსენებათ ადრე, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სისტემა არსებობდა, რომელსაც გარკვეული პრობლემური მიმართულებები ჰქონდა. საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებდნენ, იყო ჩამოყალიბებული ფუნდამენტური სამეცნიერო სკოლები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მედიკოსები თავიანთ დარგებში სათანადო სიმაღლეზე იყვნენ და საერთაშორისო დონის კვლევებს ატარებდნენ. იქნებოდა ეს ნევროლოგია, კარდიოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ქირურგია თუ სხვა მიმართულება, საქართველოს სამედიცინო კვლევით ინსტიტუტებში მუშაობა მოიცავდა როგორც სამკურნალო საქმეს, ასევე, სამეცნიერო მოღვაწეობას. მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი დაწესებულება საბჭოთა კავშირის მასშტაბით წამყვან როლს ასრულებდა. მაგალითად, ნევროლოგიის ინსტიტუტს, ეპილეპტოლოგიაში წამყვანი სათაო დაწესებულების როლი ჰქონდა მინიჭებული და ამ მიმართულებით მთელი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ემსახურებოდა. ზოგადად უცხოეთშიც ამგავრი ტიპის ინსტიტუტები, რომლებიც სპეციალიზებული არის ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემაზე და იქ შესაბამისი სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევაც ტარდება, მიჩნეულია ყველაზე მაღალი დონის, ე.წ. მესამეულ ცენტრებად, სადაც კონკრეტული მიმართულებით საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიღება შეიძლება.
სამწუხაროდ, ჩვენთან ეს სისტემა შექმნილ თანამედროვე მოდელს ვერ მოერგო. რადგან, როგორც ვთქვით, პრივატიზაცია მოხდა. ბევრმა ადრე არსებულმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა სახე იცვალა, შეიკვეცა ან გარდაიქმნა ჩვეულებრივ საავადმყოფოდ. ახალ პირობებში კვლევითი კომპონენტი ინვესტორს თუ მფლობელს შედარებით ნაკლებად აინტერესებს. ინვესტორისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია დაწესებულება ორიენტირებული იყოს კონიუნქტურული ძირითადი სამედიცინო სერვისების აწყობაზე, მაგრამ ამავე დროს, ეკონომიკურად წამგებიანი არ იყოს.
ჩემი აზრით, ამან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ძვრა გამოიწვია. ერთისმხრივ სამეცნიერო კომპონენტის მოშორებამ განაპირობა ამა თუ იმ პრობლემის შესწავლასა და გადაჭრისადმი სიღრმისეული მიდგომის დაკნინება, ბევრ შემთხვევაში აღარ არსებობს სპეციალიზებული ჯგუფები, ლაბორატორიები, კლინიკური და ექსპერიმენტული მიმართულებების თანამშრომლობის მაგალითები. მეორეს მხრივ, პრივატიზაციის შედეგად შექმნილი მოდელით, გარკვეულწილად მედიცინის სხვადასხვა სპეციალობას შორის კავშირი მოიშალა. მედიცინაში ძალიან ფასეულია აზრთა გაცვლა-გამოცვლა, იქნება ეს პრაქტიკული, თუ სამეცნიერო. მოგეხსენებათ, კონსილიუმი მედიცინის შემადგენელი ნაწილია, ამის გარეშე სწორი დიაგნოზი არ არსებობს, არც სწორი მკურნალობა და, სამწუხაროდ კომერციალიზაციამ, მედიცინის დარგებისა და სპეციალისტების დაქსაქსვა გამოიწვია. ახლა ხშირ შემთხვევაში გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც ორიენტირებულია კონკრეტული სპეციალობის მიმართულებით, მოიცავს გარკვეულ სამედიცინო სერვისებს, მაგრამ, აი ეს კონსილიუმის მოდელი, სადაც მულტიდისციპლინური გარჩევა ხდებოდა ამა თუ იმ პრობლემის, იქნებოდა ეს პრაქტიკული, თუ სამეცნიერო, მოიშალა. თუმცა, არის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მაგალითებიც, მაგალითად, თოდუას კლინიკაში, დამკვიდრებული გვაქვს ე.წ. ონკოლოგიური საბჭოები - როდესაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ ხდება კლინიკური შემთხვევის მრავალმხრივი განხილვა.
დღეს უპირატესად ასეთი სიტუაციაა, პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობაში გარკვეულწილად გვაქვს წარმატებები, მაგრამ ჩვენს სამეცნიერო პოტენციალს ვერ ვიყენებთ. ამ დისბალანსის გამოსწორებაში სახელმწიფოს ნამდვილად შეუძლია დადებითი ცვლილებების შეტანა. ავიღოთ თუნდაც სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხი, სადაც მოწმდება ინფრასტრუქტურა, ტექნიკური ნორმები, ექიმების მომზადების დონე და ა.შ., შესაძლებელია აქ სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის და დაწესებულების შეფასებისას პრიორიტეტი მიეცეს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოში ჩართულობას. იგივე მიდგომები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ე.წ. უწყვეტი სამედიცინო განათლების მოთხოვნებშიც. აღნიშნული არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ შესაბამისი სასწავლო კურსების აუცილებელ გავლას, არამედ ასევე განსაკუთრებულად მაღალ ქულებს უნდა ანიჭებდეს ექიმებს, რომლებიც სამეცნიერო პუბლიკაციებს აქვეყნებენ, გამოდიან მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმეზე. ეს სწრაფად მოახდენს კვლევითი სამუშაოს მნიშვნელობის ზრდას.
აშკარაა ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს მეტად აქტიურად ჩართვის აუცილებლობა. დღეს, სამედიცინო დაწესებულებების 95% კერძოა, შესაბამისად სახელმწიფო არ ფლობს ისეთ ძლიერ ინსტრუმენტებს, როგორიც საჭიროა სამედიცინო მეცნიერებების განვითარებისთვის. ალბათ, საჭიროა, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ჰქონდეს რამდენიმე დაწესებულება, სადაც გათვალისწინებული იქნება ის პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია - იქნება ეს კონკრეტული დაავადებების ეტიო-პათოგენეზის შესწავლა, თუ ახალი მკურნალობის მეთოდების დანერგვა. ცოტა ხნის წინ, პანდემიის დროს, ჩვენ ასეთი პრობლემის წინ დავდექით - სახელმწიფო იძულებული გახდა, გამოეყენებინა პრივატული სექტორი იმისათვის, რომ პანდემიას გამკლავებოდა, შექმნილ პირობებში ეს ბუნებრივიც და გარდაუვალიც იყო. მაგრამ ძლიერი კვლევითი ბაზის არსებობა ალბათ დაგვეხმარებოდა ბევრი შეცდომა აგვეცილებინა თავიდან რაც დაავადების მართვისას ხდებოდა. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარკვეული საფუძველი შეიქმნას როგორც სამედიცინო სერვისების სრულყოფისათვის, ასევე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
შეუძლებელია, მედიცინა მეცნიერების გარეშე არსებობდეს. არ შეიძლება ჩვენ მხოლოდ უცხოეთიდან შემოსული მზა პროდუქტის მომხმარებელი ვიყოთ, იქნება ეს მკურნალობის და დიაგნოსტიკური მეთოდი, სამკურნალწამლო საშუალება, ტექნოლოგია და ა.შ. ჩვენ თუ ამ მიმართულებით რაღაც არ განვავითარეთ, თუ არ ვიმუშავეთ, საბოლოო ჯამში მაღალი დონის მედიცინას ვერ მივიღებთ.
- რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაში?
- მოგეხსენებათ, რომ მეცნიერებათა აკადემია ერთი მხრივ, მეცნიერების დარგში სხვადასხვა მიმართულებით არის მთავრობისა და სახელმწიფოს მრჩეველი და მეორე მხრივ, აკადემიას აქვს საექსპერტო როლი. ის აფასებს სახელმწიფოში მიმდინარე კვლევების (იქნება ეს უმაღლესი სასწავლებლებში, თუ დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევითი ცენტრებში მიმდებარე სამუშაოს) სამეცნიერო ღირებულებას, ხდება ყოველწლიური ანგარიშების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
ადრე არსებული აკადემიის კვლევითი ინსტიტუტების სისტემა, რა თქმა უნდა, დღევანდელობას ვერ მოერგება, ამას სულ სხვა ფინანსური საფუძველი სჭირდება, რაც მაშინ საბჭოთა კავშირში სხვაგვარად იყო ორგანიზებული. ჩემი აზრით, დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ექსპერტული სამუშაო, სხვადასხვა დაწესებულების, მკლევართა ჯგუფების ან კონკრეტული მეცნიერების სამეცნიერო საქმნიანობის შეფასება. სამწუხაროდ, მეცნიერებათა აკადემიას არ აქვს დიდი ფინანსური რესურსები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დაფასებული იყოს ექსპერტთა აზრით საყურადღებო სამუშაო. აკადემიაში არის შესაბამისი სახელობითი პრემიები: მაგ. ივანე თარხნიშვილის სახელობის, ან ივანე ბერიტაშვილის სახელობის, რაც გამოარჩევს ამა თუ იმ მკვლევრის ნამუშევარს და ამ თვალსაზრისით, ეს ჩვენი მეცნიერებისთვის ძალზე საპატიო აღიარებაა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მეცნიერებათა აკადემია საექსპერტო შეფასებების საფუძველზე ყოველწლიურად დაასახელებს ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო ცენტრს ან ჯგუფს მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა ძალიან მაღალი შეფასება და წახალისება იქნება მკვლევართათვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში არსებობს პრობლემური საბჭოები, მუდმივმოქმედი კომისიები, ასეთივე არის სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭო, სადაც დარგის ესა თუ ის აქტუალური საკითხი განიხილება. იქნება ეს, დაწყებული ტრანსპლანტოლოგიიდან, დამთავრებული ონკოლოგიის, თუ კარდიოლოგიის საკითხებით. ეს არის მაღალი დონის ასპარეზი, სადაც საქართველოში მიმდინარე კვლევები და სამედიცინო მიღწევები წარმოჩნდება სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთა წინაშე. სწორედ ამგვარ შეკრებებს აქვს სამეცნიერო კონსილიუმის სახე. ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აკადემიამ ეს საქმიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს და შემდგომ უკვე, მთავრობას უშუამდგომლოს და გამოარჩიოს ის კვლევები, რომელიც აკადემიის ექსპერტთა და საბჭოს წევრთა აზრით, საქართველოსთვის მეტად ღირებულია.
თუკი, სამომავლო პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ალბათ მაინც გარკვეული სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გაძლიერდეს და განვითარდეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო ცენტრები. უნდა ითქვას, რომ რეფორმების შედეგად მეცნიერების გადანაწილებამ უნივერსიტეტების წიაღში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება არ გამოიწვია. აშკარაა, რომ ქვეყანას სჭირდება ძირითად მიმართულბებში: საინჟინრო-ტექნოლოგიურ, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების სახელმწიფო ცენტრების არსებობა. აღიშნულში მეცნიერებათა აკადემია აქტიურად უნდა იყოს ჩართული და როგორც მთავრობის მრჩეველმა უნდა ხელი შეუწყოს პერსპექტიული მიმართულებების დასახვას და შემდგომი სამუშაოს შეფასებას. მოგეხსენებათ, უმაღლეს სასწავლებლებთან არსებულ სამეცნიერო ერთეულებთან ერთად დღეისათვის მედიკობიოლოგიურ დარგში ორი სამეცნიერო დამოუკიდებელი ცენტრია: ი. ბერიტაშვილის ბიომედიცინის ექსპერიმენტული ცენტრი და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველო ამგვარი მდიდარი ტრადიციების მქონე, მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო სკოლების სამშობლოა. ეს პოტენციალი მაქსიმალურადაა გამოსაყენებელი და მეტად განსავითარებელი. გასაძლიერებელია კლინიკების თანამშრომლობა ფუნდამენტური მეცნიერებების ცენტრებთან და ერთობლივი ე.წ. ტრანსლაციური კვლევების დანერგვა. მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან ექსპერტულ შეფასებასთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სამომავლოდ ფინანსური რესურსები იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შესაძლებელი გახდეს, გამორჩეული კვლევების აკადემიის მხრიდან პრემიის სახით წახალისება.
ყოველ ჩვენგანს გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ადგილობრივი სამეცნიერო კვლევები ქვეყნის არსებობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის საფუძველია. მაგ. ქვეყანაში არ შეიძლება არ წარმოებდეს კვლევები სხვადასხვა დაავადებასთან ასოცირებული გენოტიპების შესწავლაზე, აქტუალური ინფექციების, არაგადამდები დაავადებების გავრცელების და პრევენციის, ადგილობრივი ანტიბიოტიკორეზოსტენტობის და სხვა მრავალი მიმართულებებით. ამგვარი სამუშაო ქართველ მეცნიერთა პრეროგატივაა. ამავდროულად სხვადასხვა მიმართულების ტრადიციული ძლიერი სამეცნიერო სკოლების (მაგ. ნეიროფიზიოლოგიის, მორფოლოგიის, ფსიქოლოგიის და სხვ.) შენარჩუნება, ხელშეწყობა და განვითარება ჭეშმარიტად ეროვნული საქმეა. თითოეული მიმართულებით აღმშენებლობა ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სახელოვანი მეცნიერების დაუღალავი შრომის და მრავალი წარმატების შედეგია. უნდა ვიცოდეთ, რომ არის მარტივი კავშირი ცოდნის და მეცნიერების სხვადასხვა საფეხურს შორის, თუკი ჩვენ არ ვიღვწით მეცნიერების უმაღლესი მწვერვალებისკენ, ამით ვაკნინებთ ზოგადად მიმართულებას და ბოლოს ვასრულებთ იმით, რომ დარგის სპეციალისტი საერთად აღარ გვყავს.
შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებათა აკადემიას ძალუძს და მუშაობს, რომ გამოარჩიოს საქართველოსთვის აქტუალური კვლევითი მიმართულებები. მისი კომპეტენციაა შემდგომ, ეს განსახილველად გადასცეს მთავრობას, რომ ამაზე შესაბამისი ქმედითი რეაგირება მოხდეს. ამიტომ აკადემიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
- ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადება, მათ შორის მედიცინაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. არც თუ იშვიათად, კვლევითი სამუშაოთი დაინტერესებული პირები კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ცდილობენ. რა გზებითაა შესაძლებელი, სამეცნიერო კადრების გადინების პრობლემის მოგვარება?
- ეს ძალზედ საყურადღებო თემაა, მით უმეტეს, მედიცინაში. სამწუხაროდ, ძალიან კარგი კადრები გაედინებიან. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად თეორიულ დისციპლინებში ხდება. იმიტომ, რომ აქ ძალიან მწირი დაფინანსებაა.
თეორიული დარგებიდან (ფუნდამენტური ნეირომეცნიერება, ნეიორობიოლოგია) ბევრი ჩვენი თანამემამულეა წასული და დასავლეთის საუკეთესო ცენტრებში წარმატებული სპეციალისტები არიან.
რა თქმა უნდა, პირველი პრობლემა არის დაფინანსება. გარკვეული საბაზისო ფინანსური საფუძველი უნდა იყოს იმისათვის, რომ ახალგაზრდა პირმა ამ დარგში მუშაობის ინტერესი არ დაკარგოს. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებათა აკადემიის დაწესებული სტიპენდიები, მოგეხსენებათ, რომ სტიპენდიატი სხვადასხვა დარგში შესაბამისი კონკურსის გავლით შეირჩევა. ამგვარი სასტიპენდიო პროგრამა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ახალგაზრდა დაინტერესებული იყოს, დარჩეს საქართველოში და აქ გააგრძელოს მუშაობა თავის სფეროში. არსებობს გარკვეული დაფინანსების საშუალებები რუსთაველის ფონდის მხრიდანაც, ახალგაზრდა მეცნიერების საგრანტო კონკურსი, ასევე, არის დოქტორანტებისთვის შესაბამისი პროგრამა, რაც ახალგაზრდა მკვლევრების დახმარებას მოიცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს საკმარისი არ არის. გარდა ასეთი საკონკურსო პროგრამებისა, უნდა იყოს საბაზისო ფინანსური საფუძველი იმისთვის, რომ ახალგაზრდა თეორიულ დარგში მუშაობით დაინტერესდეს.
გარკვეულ მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნების პროგრამების გამოცდილება. იყო ასეთი მიზნობრივი სახელმწიფო გრანტები, შუა აზიის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტს მიზნობრივად უშვებდნენ საზღვარგარეთის წამყვან ცენტრებში გამოცდილების მისაღებად. შემდგომ, ის ვალდებული იყო, დაბრუნებულიყო და სამშობლოში ემუშავა. ამან შექმნა საფუძველი, რომ ესა თუ ის დარგი ამ ქვეყნებში განვითარებულიყო. ამგვარი მაგალითი შეიძლება იყოს თურქეთში მედიცინის განვითარების ახალი ტალღა, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა.
მეც გარკვეულწილად გავიარე ე.წ. „თერგდალეულების“ მსგავსი გზა. გერმანიაში ვმუშაობდი, ხანგრძლივად ვიყავი იქ გერმანიის აკადემიური გაცვლის პროგრამით, მქონდა შეთავაზება, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. საერთაშორისოდ წარმატებულ დაწესებულებაში ვმუშაობ, დარგში, რომელიც ჩემთვის საინტერესოა და ძალიან მიხარია, რომ ეს მიმართულება დღეს საქართველოში არის ისეთ დონეზე, როგორიც მედიცინის სფეროში წამყვან ქვეყნებშია.
ხაზგასასმელია, რომ დღეს ნამდვილად გულანთებული და დაინტერესებული ახალგაზრდები გვყავს. სადოქტორო ნაშრომებს ვხელმძღვანელობ და ხშირ შემთხვევაში, ეს საქმიანობა მათ ენთუზიაზმზეა დაფუძნებული, მათ კვლევის და საგნის მიმართ ინტერესზე.
ერთი მომენტია, რაც ცოტა გაუგებარია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, თუკი სადოქტორო პროგრამებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ ჩვენთან ესეც შეიცვალა და ცოტა შეიძლება გაუფასურდა კიდეც. ადრე, აკადემიური ხარისხის ორსაფეხურიანი სისტემა არსებობდა, რაც გარკვეულწილად, გერმანულ მოდელზე იყო დაფუძნებული. გერმანიაშიც ორი საფეხურია პროფესორის წოდებამდე - ე.წ. პრომოცია და შემდგომ, ჰაბილიტაცია. ჩვენთან მხოლოდ ერთსაფეხურიანი აკადემიური დოქტორის ხარისხის შემოღებით ამ მიმართულებით საქმიანობამ უფრო მეტად საგანმანათლებლო პროგრამის სახე მიიღო და არა სამეცნიერო კვლევითი პროექტების. ბაკალავრის ან მაგისტრის წოდების შემდეგ, ზოგი ისე უყურებს, რომ დოქტორანტურა ახალი საფეხურია, რომ რაღაც ცოდნა შეიძინოს. მაგრამ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა არ არის მხოლოდ ცოდნის შეძენა, პირველ რიგში ეს არის სამეცნიერო კვლევა. რა თქმა უნდა, ამ კვლევის დროს ახალ ცოდნას იღებ, მაგრამ კვლევითი კომპონენტი უნდა იყოს წამყვანი. ამიტომ, თუკი ახალგაზრდა სპეციალისტებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის სჯობს, რომ გარკვეული კვლევითი გამოცდილება ჰქონდეს და მერე გადადგას ნაბიჯი დოქტორანტურისკენ.
საჭიროა დოქტორის ხარისხს მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს. მიმაჩნია, რომ მეცნიერებათა აკადემიას შეუძლია სწორედ ამაშიც ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. მოგეხსენებათ, დღესდღეობით, ყოველ უმაღლეს დაწესებულებას, რომელსაც აკრედიტებული პროგრამა აქვს სადოქტორო საფეხურისა, შეუძლია, აკადემიური დოქტორის წოდების მინიჭება. დაცული დისერტაციების დონე ნამდვილად არ არის ყოველთვის მაღალი სტანდარტების შესაბამისი. ხომ არ სჯობს, არსებობდეს უმაღლეს დაწესებულებებს შორის საბჭო, სადაც მოხდება დისერტაციის დასაცავად წარმოდგენილი ნაშრომების განხილვა. აკადემია აქაც შეძლებდა საექსპერტო-სათათბირო როლის აღებას.
საქართველოს ჯანდაცვა და მედიცინა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რა პრობლემატიკა და მიმართულება მიგაჩნიათ აქტუალურად, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება?
- ბოლო ათწლეულებში, მხოლოდ საქართველოში არა, ზოგადადაც, გარკვეული დარგები უფრო სწრაფად განვითარდა და ამით ჯანდაცვის სფეროში შედარებით ის პრობლემები მოგვარდა, რომელიც მანამდე ძალიან აქტუალური იყო. მაგალითად, დიდი პროგრესია კარდიოლოგიაში, დაინერგა ახალი ინტერვენციული მეთოდები, სრულიად სხვა დონეზე ავიდა კარდიოქირურგია. მანამდე, ასეთი შესაძლებლობები არ იყო. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოშიც, ამ მხრივ, წარმოუდგენელი წინსვლა გვაქვს. ამიტომ ის დაავადებები, რომელიც სახელმწიფოსთვის აქტუალობით ნომერ პირველი იყო ადრე და ეს იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დღეს არსებული მკურნალობის მეთოდებით და პლუს იმით, რომ აქტიურად ხდება პრევენციული მეთოდების აქტუალიზაცია და პროპაგანდა, ცოტა უკან დაიწია. ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამ ფონზე მეტად აქტუალური ხდება ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა და ამას ჩვენ ყოველდღიური ჩვენი საქმიანობით ვხედავთ. იმ დაწესებულებაში, სადაც მე ვმუშაობ, ერთ-ერთი როგორც სამედიცინო, ასევე კვლევითი თემატიკა სწორედ ონკოლოგიაა. ეს რა თქმა უნდა, არის საჭირბოროტო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა, რასაც საბედნიეროდ შესაბამისი ყურადღება ექცევა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მხრიდან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შედარებით ყურადღების მიღმაა, ეს არის დეგენერაციული დაავადებები. ამ შემთხვევაში, ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციულ დაავადებებზე ვსაუბრობ, რომელიც წინა პლანზე მოდის ქვეყნის პოპულაციის საშუალო ასაკის მატებასთან ერთად. ძალიან კარგია, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმატებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ჩვენ უფრო ეფექტურად ვებრძვით, მაგრამ ამ დროს აქტუალური ხდება ის დაავადებები, რომლებიც ასაკთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა. ისევ და ისევ, ვთვლი, რომ ეს მარტო პრაქტიკულ საქმიანობას არ მოიცავს, ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევებიც აუცილებელია. ამ განხრით ჩვენც ვმუშაობთ, კოლეგა ნევროლოგებთან ერთად შევისწავლით თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებების ადრეულ ტომოგრაფიულ და კლინიკურ მარკერებს.
- ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და კომპიუტერული მეცნიერების უკანასკნელმა მიღწევებმა დიამეტრიულად შეცვალა სხვადასხვა დარგი და ხშირად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც. რა პერსპექტივები ისახება მედიცინაში ახალი ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით?
- ნამდვილად, ახალმა ტექნოლოგიებმა მედიცინა რევოლუციურად შეცვალა. განსაკუთრებით, ისეთ დარგში, როგორიც არის რადიოლოგია. არ შეიძლება, არ ვახსენო პიროვნება, რომლის სახელსაც ატარებს ეს დაწესებულება, სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, რომელიც 1991 წელს დაბრუნდა სამშობლოში და შეიძლება ითქვას, დარგს ახალი სიცოცხლე შესძინა. მანამდე, რადიოლოგია საქართველოში, ძირითადად, კარგად ნაცნობ მეთოდებს მოიცავდა. მან დანერგა თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდგომ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საქართველოში, ამ პიონერულ მოძრაობაში გარკვეულ მონაწილეობას მეც ვიღებდი.
ამას ხშირად ვამბობ და მინდა, ახლაც გავიმეორო - ჩემი აზრით, ბატონმა ფრიდონმა არა მარტო რადიოლოგია განავითარა, მან ასევე ბიძგი მისცა სხვადასხვა კლინიკურ დარგს საქართველოში, რომ ფეხი აებათ ახალი მიდგომებისთვის. ონკოლოგია, ნევროლოგია, ნეიროქირურგია და სხვა მიმართულებები სრულიად გარდაიქმნა და დღეს წარმოუდგენელია სხივური დიაგნოსტიკის მეთოდების გარეშე. ამ გამოკვლევებით სრულიად ახალი ინფორმაცია მივიღეთ. შეგვიძლია მიკროსტრუქტურულ დონემდე დავიდეთ და მკურნალ ექიმს დავეხმაროთ როგორც დიაგნოზის დასმაში, ასევე მკურნალობის ეფექტურობის შეფასებაში. ამ თვალსაზრისით, მედიცინაში ნამდვილად გადატრიალების მომსწრენი ვართ.
თუკი გადავხედავთ რა სწრაფად მოხდა ტექნოლოგიური ნახტომი, ძველი დიაგნოსტიკური აპარატებიდან თანამედროვე ტომოგრაფიულ მეთოდებამდე, ადვილად წარმოსადგენია, რომ მომავალ 20-30 წელიწადში რადიოლოგია კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. ტენდენცია უკვე ჩანს, ჩვენ დავდივართ მოლეკულურ დონეზე, ვსწავლობთ ნივთიერებათა ცვლის ნატიფ ძვრებს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ პათოლოგიის დროს განვითარდეს. აუცილებლად მეტად წინ წავალთ ე.წ. ფუნქციური კვლევების თვალსაზრისით, რასაც დღესაც ვაკეთებთ თავის ტვინის უმაღლესი ფუნქციების შესწავლისას. არაინვაზიურად, რაც მთავარია - ყოველგვარი დამატებითი ჩარევის, მავნებელი გამოსხივების გარეშე ხდება ჩვენი ორგანიზმიდან ინფორმაციის აკრეფა. ჩემი აზრით, ეს დარგი სულ უფრო მეტად გაძლიერდება და საბოლოო ჯამში ყოველივე ეს დაეხმარება დაავადებათა დიაგნოსტიკას და პაციენტების მკურნალობას.
რაც შეეხება კომპიუტერული მეცნიერების პროგრესს, ეს უკვე დღევანდელობაა ზოგადად მედიცინაში, მით უმეტეს, რადიოლოგიაში. ჩვენ უკვე ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს. ძალიან დიდი სჯა-ბაასი იყო იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ექიმ-რადიოლოგს შეცვლის. ამისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ ახალი ტექნოლოგიები და კომპიუტერული ალგორითმები ჩვენთვის ძალიან დიდი დამხმარეა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, პირველ რიგში, ვითავისუფლებთ თავს გარკვეული განმეორებადი, დამღლელი მოქმედებისგან. ეს ბევრად უფრო ადვილად შეუძლია გააკეთოს მანქანამ - მოცულობის დაანგარიშება, შედარება სუბმილიმეტრულ დონეზე, შეიცვალა თუ არა დაზიანების კერა, ნატიფი სტრუქტურა და ა.შ.. რა თქმა უნდა, ადამიანი ისე ზუსტად ვერ გაზომავს, როგორც შესწავლის შემდგომ ეს შეუძლია მანქანას.
დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია რაოდენობრივი ანალიზისათვის და ეს კიდევ უფრო დაიხვეწება. მეორე რაც ასევე უკვე დანერგილია რადიოლოგიაში - ახალი მეთოდები გამოსხივების დოზის შემცირების საშუალებას გვაძლევს. მანქანური ალგორითმებით ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერს შევასწავლოთ, როგორია გამოსახულება იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ ნაკლებ გამოსხივებას და როგორი იქნებოდა, თუკი გამოვიყენებდით ჩვეულებრივ დოზას და ამის საფუძველზე შეგვიძლია შესაბამისი ხარისხიანი სურათის მიღება.
ასევე, მოგეხსნებათ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ცოტა ხანგრძლივი გამოკვლევაა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით შესაძლებელი გახდა, გამოკვლევის დროის შედარებით შემოკლება.
ერთი შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება ძლიერი დამხმარე ექიმებისთვის პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ერთის მხრივ ის გააადვილებს დიდი მოცულობის და რუტინული მონაცემების დამუშავებას და მეორეს მხრივ გამოყენებული იქნება პაციენტების უსაფრთხოების და კომფორტის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, კომპიუტერი ვერ შეცვლის ექიმს და იმ აუცილებელ ადამიანურ კონტაქტს, რომელიც პაციენტსა და მკურნალს შორის უნდა იყოს.