„გრძნობ სიკვდილის შიშს, განიცდი ძლიერ მღელვარებას...“ - რა უნდა ვიცოდეთ ძილის დამბლის შესახებ

ძილი

საღი გონებით წევხარ საწოლზე, დაბინდული სივრცისკენ იყურები, მაგრამ ვერ ინძრევი, პარალიზებული ხარ, მხოლოდ თვალების დახამხამება და ხმის გაგონება შეგიძლია; ცდილობ, ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე, იყვირო, ვინმეს დაუძახო, მაგრამ ეს შეუძლებელია – სწორედ ეს არის ძილის დამბლა.

მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ს სულ მცირე, ერთხელ, მაინც განუცდია ძილის დამბლა.

იგი წარმოადგენს ფენომენს, რომელიც ვითარდება ადამიანის ჩაძინებისას ან გაღვიძებისას, ამ დროს კი, შეუძლებელია მოძრაობა, ლაპარაკი ან რეაგირება, ვინაიდან სხეული პარალიზებულია. ყოველივე ამას შესაძლოა, მოჰყვეს საშიში ჰალუცინაციებიც.

რა იწვევს ძილის პარალიზს?
დღესდღეობით ძილის დამბლის მეცნიერული ახსნა არ არსებობს, თუმცა, თანამედროვე ნეირომეცნიერება მას REM  (Rapid eye movement – თვალის სწრაფი მოძრაობის) ფაზაში ტვინის მიერ ნეირონების გადაცემის დარღვევას უკავშირებს.

ძილის დამბლის არაპირდაპირი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:

ძილის აპნოე;
გულაღმა ძილი;
ზოგიერთი მედიკამენტი;
დეპრესია;
შფოთვა;
ზოგადი სახის ცვლილებები გუნება-განწყობაში;
სხვადასხვა ტიპის ძილის დარღვევა;
გენეტიკური ფაქტორი;
ფსიქიკური დაავადებები;
ჰალუცინაციები
ადამიანი ძილის დამბლის დროს გრძნობს სიკვდილის შიშს, განიცდის ძლიერ მღელვარებას, ეს კი, იწვევს ტვინის მიერ ვიზუალური და სმენითი სტიმულების გამომუშავებას და ამოქმედებას, რასაც ჰალუცინაცია მოსდევს. მაგალითად, ბნელი ფიგურის შემოსვლა ოთახში ან მისი გამოჩენა ფანჯრის მიღმა, ასევე, წარმოსახული არაამქვეყნიური არსებები და მათი შიში; თავს იჩენს გაგუდვის, მოხრჩობის შეგრძნება, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის გაძნელება.

ამ დროს რჩება შეგრძნება, რომ უკვე საკმაო ხანია, საკუთარი სხეულის ტყვე ხართ, თუმცა, დამბლა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და იგი არ არის სიცოცხლისთვის საშიში.

რა უნდა გაითვალისწინოს პიროვნებამ, ვისაც ძილის დამბლა ემართება?

აუცილებელია, მოიწესრიგოთ ძილის რეჟიმი და დაისვენოთ სრულფასოვნად, რადგან ეს ყოველივე დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.