ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1727961802
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს, გრიპის ვირუსს და რა დროს ხდება ანტიბიოტიკის ჩარევა პროცესში? - ამ საკითხებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს და შემთხვევების რიცხვმაც იმატა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მოსახლეობას, ასევე, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთება რისკჯგუფებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
„48კვირის მონაცემებით, განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და რინოვირუსი ცირკულირებდა, თანდათან დაიწყო მატება გრიპის ვირუსმა, ეს მოსალოდნელი იყო. დეკემბერ-იანვარი არის, გრიპისთვის დამახასიათებელი აქტიურობის პერიოდი. გრიპის ვირუსმა მოიმატა, ვიცით, რომ გრიპი არის უპირატესი, ჯამური მაჩვენებელი 39%-ია გრიპის ვირუსით გამოწვეული და მათ შორის, უპირატესია ჰონკონგის ვირუსი.
სიხშირით მეორე ადგილზეა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, შემდეგ ამას მოჰყვება რინოვირუსი და არსად არ გამქრალა კორონავირუსი. კორონავირუსი არსად არ გამქრალა, როგორც დარჩა ამ წელს ისე დარჩება სხვა წლებშიც, უნდა შევეგუოთ, რომ ეს იქნება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი.
ერთი რაც მნიშვნელოვანია, ამ ყველა ვირუსულ ინფექციას ერთი საერთო ქოლგა აქვს - მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის 2 დამახასიათებელი ნიშანი - ცხელება და სასუნთქი სისტემის დაზიანება, რომელიც უპირატესად ხველაში გამოიხატება ყოველთვის აღინიშნება, ეს არის - რესპირატორულ სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპი თუ კორონა, ცხელება და ხველება ყველას ახასიათებს.
კორონავირუსის ახალ მუტაციას არ ახასიათებს:
✔️ მძიმე მიმდინარეობა
✔️ მაღალი ტემპერატურა
✔️ ფილტვების ანთება
კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?
„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს:
✔️ ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება
✔️ დაბალი ტემპერატურა
✔️ ადვილად გადამდებლობა
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება? - ივანე ჩხაიძის განმარტება
გრიპის ვირუსს ახასიათებს:
✔️ მაღალი ტემპერატურა
✔️ ძლიერი სისუსტე
✔️ ყელის ძლიერი ტკივილი
✔️ თავის ტკივილი
✔️ ხველა
✔️ ფილტვების ანთება
3 დღე შეგიძლიათ მართოთ ტემპერატურა ბინაზე თუ, რა თქმა უნდა, ტემპერატურა ემორჩილება სიცხის დამწევს. ყოველ 6 საათში ერთხელ თუ დაგჭირდათ მედიკამენტის მიცემა დაავადების დასაწყისში ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა არის, მაგრამ ემორჩილება დამწევს, ეს კარგია იმიტომ, რომ არსებობს ტემპერატურის სხვა ტიპიც, როდესაც დაუმორჩილებელ ცხელებასთან გვაქვს საქმე, მივეცით დამწევი 2 საათი გავიდა, ტემპერატურა ისევ მაღალია, ეს უკვე სულ სხვა კატეგორიაა, აქ უკვე ექიმის ჩარევაა საჭირო.
კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა განსაკუთებით ხაზს ვუსვამთ ეს არის - უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა. ფილტვების ანთებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია - გახშირებული სუნთქვა. ეცადეთ ტემპერატურის კვალდაკვალ გაზარდოთ მიცემული სითხის რაოდენობა. ეს სითხე უნდა იყოს ბავშვისათვის სასურველი, არაფერი არ უნდა დააძალოთ. არ მისცეთ ტკბილი და გაზირებული სასმელი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
რა დროს და როდიდან ხდება ანტიბიოტიკის ჩარევა პროცესში?
„მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა, მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც ყველაზე გავრცელებული შეცდომა. ამ შეცდომის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 30-40%-ია. აშშ-ის ერთ-ერთ კერძო სადაზღვევო კვლევის მონაცემებით 41%-ში არასწორად იყო ანტიბიოტიკი დანიშნული ვირუსი ინფექციების დროს ბავშვებში.
არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა რაიმეთი ამსუბუქებს პროცესს, ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, ტემპერატურის ინტენსივობას თუ ა.შ. გადაწყვეტილება ანტიბიოტიკის დანიშვნასთან დაკავშირებით არის კვალიფიციური ექიმის მისაღები გადაწყვეტილება, თან არამხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე, არამხოლოდ დაავადების ხანგრძლივობაზე, არამედ გარკვეულ კვლებზე დაყრდნობით.
გამონაკლისია, თუ ფილტვების ანთებაა - ვიწყებთ ანტიბიოტიკს. იქ ჩვენ არ ვეძებთ ეს ანთება გამოწვეულია - ვირუსით თუ ბაქტერიით“, - დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ასევე, ისაუბრა თუ როდის და რა ტიპის წამალი უნდა მიიღოს გრიპის ვირუსით დაავადებულმა ადამიანმა ხველებისას.
„არ არსებობს არცერთი პუბლიკაცია, არცერთი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ხველის სიმპტომის გამოჩენისთანავე, რომელიმე მედიკამენტი შეიძლება, იყოს ეფექტური, ან ხველის დამთრგუნველი ან ამოსახველებელი. ხველა გახლავთ თანამდევი პროცესი ნებისმიერი ვირუსული ინფექციის.
ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოყენება საჭირო ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რესპირაციული ვირუსული ინფექციით გამოწვეული პრობლემა გაგირთულდათ - ბრონქიტით. ისიც თუ ეს ხველა არის, შემაწუხებელი, იწვევს ძილის დარღვევას და ასევე, კვების პროცესის დარღვევას ბავშვებში. აქაც ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი მედიკამენტი დანიშნოს - ამოსახველებელი თუ დამთრგუნველი.
თუ თქვენ გაქვთ ბრონქიტი ან გაციება მედიკამენტი - არა, გამოიყენეთ ხველის დამთრგუნველი [ხველის შემამსუბუქებელი] და ყელის დამარბილებელი უსაფრთხო საშუალება“, - აღნიშნავს ჩხაიძე.