პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი, პარაცეტამოლი (იგივე აცეტამინოფენი), სარისკო ქცევებს ახალისებდეს. ნაშრომი გამოცემაში Social Cognitive and Affective Neuroscience გამოქვეყნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კვლევაში 500 სტუდენტი მონაწილეობდა. მეცნიერებმა შემთხვევითობის პრინციპით ისინი ორ ჯგუფად დაყვეს: ერთს აცეტამინოფენის თითო 1000 მილიგრამიანი დოზა მისცეს (ზრდასრულებისათვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა), საკონტროლო ჯგუფის წევრებს - პლაცებო, ამის შემდეგ კი მათი ქცევის ცვლილებას დააკვირდნენ.
თითოეული ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებს კომპიუტერის ეკრანზე ბუშტის გაბერვა ევალებოდათ, ჰაერის თითოეულ ჩატუმბვაზე კი წარმოსახვით ფულს იღებდნენ. ცდისპირთა მიზანი იყო, რაც შეიძლება დიდი თანხა მიეღოთ, თუმცა ბუშტის გახეთქვის შემთხვევაში ისინი ფულს დაკარგავდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ პარაცეტამოლის მიმღები სტუდენტები სავარჯიშოს ფარგლებში შედარებით ხშირად რისკავდნენ, საკონტროლო ჯგუფში მყოფები კი მეტად ფრთხილები გახლდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები ბუშტებს იმაზე მეტად ბერავდნენ (და მეტად ხეთქავდნენ კიდეც), ვიდრე ისინი, ვისაც წამალი არ მიუღიათ.
„აცეტამინოფენის ზემოქმედებით ადამიანებს სარისკო ქმედებების მიმართ უარყოფითი ემოციები ნაკლებად ეუფლებათ. უბრალოდ ისე აღარ ეშინიათ ", - განმარტავს ბოლდუინ ვეი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი.
ბუშტების სიმულაციის გარდა, ცდისპირებმა ორი ექსპერიმენტის ფარგლებში კითხვარებიც შეავსეს. მათ უნდა შეეფასებინათ, თუ რამდენად სარისკოდ აღიქვამდნენ სხვადასხვა ჰიპოთეზურ სიტუაციას, მაგალითად: ავტომობილის მართვას ღვედის გარეშე, სპეციალური სამაგრის მეშვეობით მაღალი ხიდიდან გადმოხტომას და ა.შ.
ერთ-ერთი გამოკითხვისას აცეტამინოფენის მიღებამ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით რისკის აღქმა შეამცირა, თუმცა მსგავსი გავლენა სხვა ანალოგიური გამოკითხვის დროს არ გამოვლენილა.
შედეგების შეჯამების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პარაცეტამოლის მიღებასა და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას შორის მნიშვნელოვანი კავშირია, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ხილვადი გავლენა უმნიშვნელო იყოს.
ამასთანავე, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, ქცევის აღნიშნული ცვლილება სხვა ფსიქოლოგიურ პროცესებსაც გამოეწვია, მაგალითად, შფოთვის შემცირებას.
„შესაძლოა, საქმე ის იყოს, რომ ბუშტის ზრდასთან ერთად პლაცებოს მიმღები პირები მეტ შფოთვას განიცდიან მისი გახეთქვის შანსის გამო", — გვიხსნიან მკვლევრები — "როდესაც შფოთვა მეტისმეტად დიდია, მონაწილეები მცდელობას წყვეტენ. შესაძლოა, პარაცეტამოლი ამ შფოთვას ამცირებდეს და რისკიანობაც ამიტომ იმატებდეს".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სხვა კვლევების მიხედვით, პარაცეტამოლი არაერთ ფსიქოლოგიურ პროცესზე ზემოქმედებს: ასუსტებს ემოციური ტკივილის მიმართ მგრძნობელობას, ამცირებს ემპათიას და კოგნიტიურ ფუნქციებსაც კი ანელებს. ამასთანავე, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ, შესაძლოა, მედიკამენტი ტკივილის გაყუჩების კუთხით პლაცებოზე ეფექტიანი სულაც არ იყოს.
სამომავლო კვლევების ფარგლებში მკვლევართა გუნდი ფენომენის შესაძლო ახსნებზე ფოკუსირდება და იმ ბიოლოგიურ მექანიზმებს შეისწავლის, რომლებმაც, შესაძლოა, ქცევის ამგვარი ცვლილება განაპირობოს.