ჩინეთში 1 წლის ბავშვს ტვინიდან მისი ტყუპისცალის ემბრიონი მოაშორეს - იშვიათი სამედიცინო შემთხვევა

ფე

ახალ კვლევაში მეცნიერები უჩვეულო და ძალიან იშვიათი სამედიცინო შემთხვევის შესახებ გვიყვებიან, რომლის ფარგლებშიც ქირურგებმა ჩინეთში 1 წლის ბავშვს ტვინიდან მისი ტყუპისცალის ემბრიონი მოაშორეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ფუდანის უნივერსიტეტში მომუშავე ექიმებმა პაციენტის გამოკვლევისას საეჭვო სიმპტომები შენიშნეს, როგორიცაა ზედმეტად დიდი ზომის თავი და მოტორული უნარების დარღვევა. კომპიუტერული ტომოგრაფით მოპოვებულმა გამოსახულებებმა აჩვენა, რომ გოგოს ტვინი შემჭიდროებული იყო, პარკუჭების მიმდებარედ კი დაგროვებული სითხე შენიშნეს.

ოპერაციისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინში არსებული წანაზარდი, რომელმაც სითხის დაგროვება განაპირობა, ბავშვის ტყუპისცალის ჩანასახი იყო. მას მხოლოდ ზედა კიდურები და თითების მაგვარი წანაზარდები ჰქონდა ჩამოყალიბებული.

მსგავსი შემთხვევები სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია, მაგრამ ძალზე იშვიათია. ეს, როგორც წესი, ტყუპ ემბრიონთა განვითარების ადრეულ ეტაპზე ხდება, როცა ბლასტოცისტა, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაყოფადი კომპონენტები ისე განცალკევებას ვერ ახერხებს, როგორც საჭიროა. შედეგად, ერთი ჩანასახი მეორეში ექცევა და მას სისხლი მიეწოდება, თუმცა ვერ ვითარდება. ფაქტობრივად, ის მკვდარია, მაგრამ, ამავდროულად, ცოცხალიც.

1 წლის გოგოს მდგომარეობის შესახებ მკვლევრები არაფერს ამბობენ, მაგრამ ვიცით, რომ წინა ასეთი პროცედურები წარმატებით ჩატარდა და პაციენტებიც გამოკეთდნენ. მაგალითად, 1982 წლის კვლევაში ნახსენებია 6 კვირის ჩვილი, რომლის ორგანიზმშიც მისი ტყუპისცალის 14-სანტიმეტრიანი ნაყოფი იყო. ამ უკანასკნელს კიდურები, თავი და ტანი ჰქონდა. მისი მოშორების შემდეგ ახალდაბადებულმა სრულად გამოჯანმრთელება შეძლო.

ასეთი რამ საშუალოდ ყოველ 500 000 ჩვილში ფიქსირდება, მაგრამ უფრო მათი სხეულის სხვა ნაწილში და არა ტვინში. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Neurology გამოქვეყნდა.