არსებობს თუ არა ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატები მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ

ყვავილი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც და მისი მკურნალობა ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებითაც შეიძლება.

„მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ იქნა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.

2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

2021 წელს ოთხი კონტინენტის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა  ადამიანების  მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).