1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტური ხდება. ბოლო 24 საათში დაინფიცირებული 5 381 ადამიანიდან უმეტესობას, სწორედ „ბი 1.1. 529“ აქვს.
გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ცვლილებებია მკურნალობის პროტოკოლსა და იზოლაციის წესებში. კარანტინის დღეები მცირდება - მცირდება კონტაქტების საკარანტინო ვადებიც. სიახლეა ისიც, რომ პაციენტებს უკვე remdesivir-ით უმკურნალებენ, რაც როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს.
ექიმები ამბობენ, რომ „ომიკრონი“ აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია, რომელზეც ვაქცინაციის 2 დოზა ეფექტური არ არის:
„ომიკრონი“ აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია და მასზე ვაქცინების ჩვეულებრივი, სტანდარტული 2 დოზა არ მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე, კიდევ ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ „ომიკრონისთვის“ არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია. რამ შეგვიძლია დღეს დაგვიცვას? მხოლოდ 2 რამაა - ერთი: თუ თქვენ გადაიტანეთ ინფექცია და შემდეგ გაიკეთეთ ვაქცინა და მეორე - თუ თქვენ გაიკეთეთ 2 დოზა და შემდეგ მას დაამატეთ ბუსტერ დოზაც“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აანონსებს, რომ ამ თვის ბოლოს, ინფიცირების მაჩვენებელი 20 000-მდე მაინც ავა:
„რაოდენობა რომ ამ თვის ბოლოს სადღაც 20 000-მდე მაინც ავა, უტყუარია და ამას ბევრი წინასწარი სტრატეგიული ანგარიშები არ სჭირდება. მთავარია დავიცვათ ის ოქროს წესი, რაც "ომიკრონისთვის" მთელმა მსოფლიომ დაადასტურა - ეს არის ნიღბის ტარება“, - აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.