„ამისთვის მოსახლეობა მზად უნდა იყოს...“ - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

კორონავირუსი და გრიპი

მაშინ, როცა პანდემია ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვირუსის ანტირეკორდულ შემთხვევებს ებრძვიან, საინტერესოა, როგორი ზამთარი იქნება საქართველოში.

პრაიმტაიმი ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა. მან განმარტა, რომ ტრადიციულად, ზამთარი რთული იქნება, რადგან გარდა კორონავირუსისა, ფიქსირდება გრიპის და სხვადასხვა რესპირატორული ინფექცია, რაც პანდემიამდეც იყო.

„ძირითადი მონაცემებით, საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, ძირითადად, „ომიკრონის“ ქვეშტამები ცირკულირებს, რომლებსაც ახასიათებთ უფრო მსუბუქი მიმდინარეობა, სწრაფად გავრცელება, მაგრამ ის ვერ შეგვიქმნის ისეთ გლობალურ პრობლემას, როგორიც სხვა, მისმა წინამორბედმა შტამებმა შეგვიქმნა. 

ზამთარი, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ რესპირატორული ინფექციების, მათ შორის გრიპის საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვაქვს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს ფრთხილად, დაიცვას ზოგადი რეკომენდაციები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რისკჯგუფები იყვნენ ვაქცინირებულები როგორც გრიპის, ასევე კოვიდის ვაქცინით. ხოლო სხვა კუთხით, რამე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით, გვექნება ბევრი რესპირატორული ინფექცია და შესაბამისად, ამისთვის მოსახლეობა მზად უნდა იყოს. 

ეს არ არის სიახლე, პანდემიამდე პერიოდშიც იყო ხოლმე სეზონი, როცა იყო ეპიდაფეთქებები, ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ვიყოთ ყურადღებით და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, რომელთა სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვს, ან არიან ასაკოვანები და მცირეწლოვნები", - განაცხადა ინფექციონისტმა.