ახალი ბრძანება ძალაში ხვალიდან შედის - მნიშვნელოვანი სიახლე ონკოპაციენტებისთვის

გადასხმა

ონკოპაციენტები მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ. მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერილი ბრძანება ძალაში რამდენიმე საათში შევა. 24 ივლისიდან პაციენტებს აღარ მოუწევთ ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა, მაგალითად ისეთების, როგორებიცაა მედიკამენტის მიღებამდე რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ მედიკამენტის ძებნა სააფთიაქო ქსელებში, მისი აღება და იმავე კლინიკაში დაბრუნება. ხვალინდელი დღიდან, ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ონკოპაციენტებს მკურნალობს, ვალდებული იქნება მედიკამენტები მოქალაქეს ადგილზე დაახვედროს.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებამდე იყო შემთხვევები, როდესაც ონკოპაციენტებს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მოძიება და კლინიკაში მიტანა არა მხოლოდ სააფთიაქო ქსელებიდან, არამედ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც უწევდათ. დღეს ფარმაცევტული ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა და იმპორტიორებმა ჯანდაცვის უწყებისგან გაფრთხილებაც მიიღეს - მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრან მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორიდან შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგმება, სახელმწიფო გარკვეული ზომების გატარებით იმუქრება.

მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბენეფიციარებისთვის პრეპარატების მიწოდების ახალი სქემის დეტალებიც განმარტა და ცვლილებები პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვას დაუკავშირა.

ონკოპაციენტების სამედიცინო სერვისების გამარტივებასთან ერთად, დაცული იქნება მედიკამენტების ტემპერატურული რეჟიმი და შენახვის პირობები. გამართული უნდა იყოს პრეპარატის მიწოდების ჯაჭვის პრინციპიც.

ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ახალი წესის გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს ფორმატში გამართულ მსჯელობას თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციები და თავად ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ "ევროპა დონა ჯორჯიას" წარმომადგენლებიც, რომლებიც ფსიქო რეაბილიტაციის პროცესში, დღეს, უკვე თავად ეხმარებიან ონკოპაციენტებს.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების მარტივი წესი ხვალიდან ამოქმედდება. მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურების გავლა ყველა იმ კლინიკაშია შესაძლებელი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. სიახლე ეხებათ იმ ბენეფიციარებს, ვისაც საჭირო მედიკამენტებისთვის რეცეპტი ჯერ აღებული არ აქვთ.