გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების მხედველობა სტაბილურად უარესდება და ყოველი სამი ბავშვიდან ერთს ახლომხედველობა აქვს - ინფორმაციას BBC ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ჟურნალში British Journal of Ophthalmology გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორებმა 6 კონტინენტზე, 50 ქვეყანაში 5 მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 2050 წლისთვის ახლომხედველობა, იგივე მიოპია მოზარდების ნახევარზე მეტს შეეხება.
დღეს ახლომხედველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაში ფიქსირდება. იაპონიაში შორს მდებარე ობიექტების დანახვა ბავშვების 85%-ს უჭირს, სამხრეთ კორეაში 73%-ს, ჩინეთსა და რუსეთში კი 40%-ს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი პარაგვაისა და უგანდაში ფიქსირდება - მხოლოდ 1%.
მეცნიერების დაკვირვებით, სიტუაცია კორონავირუსის გამო დაწესებული ლოკდაუნების დროს გაუარესდა, როდესაც მილიონობით ბავშვს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სახლში მოუწია დარჩენა.
სპეციალისტები დაავადების გამომწვევ მიზეზებსაც განმარტავენ. დიდ წილად ის გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა არანაკლებ როლს ის გარემოც თამაშობს, რომელშიც ბავშვი იზრდება. მაგალითად, აზიაში, ბავშვები სწავლას ადრეული ასაკიდან იწყებენ. შესაბამისად, ისინი მეტ დროს ატარებენ წიგნებზე და ეკრანებზე ფოკუსირებაში, რაც თვალის კუნთის დაძაბულობას იწვევს. აფრიკაში კი ბავშვები სწავლას 7-8 წლის ასაკში იწყებენ და იქ, აზიასთან შედარებით, მიოპიის შემთხვევები შვიდჯერ ნაკლებია.
ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ ახლომხედველობის განვითარების შანსების შესამცირებლად, ბავშვებმა 7-9 წლის ასაკში დღეში სულ მცირე 2 საათი უნდა გაატარონ გარეთ, მშობლებმა კი ამ პერიოდში მათი მხედველობა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ.