"ზუსტად ნახევარ საათში შეუსრულა თხოვნა გოგონას, რომელიც ხუთშაბათობით ხატებს ასუფთავებს" - წმინდა ნიკოლოზის სასწაული

nikolozi

გიორგი დარასელიას თავის გადაცემაში "მართლმადიდებლური საუბრები" სტუმრად ჰყავდა დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, რომელმაც წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაულის შესახებ მოჰყვა. 

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: - შენს გადაცემას წმინდა ნიკოლოზის სასწაულზე ექსკლუზივს ვჩუქნი. ტაძარს უბრალო ადამიანები ალაგებენ. ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს რამდენიმე ქალბატონი ალაგებს...

ერთხელ ერთმა კიბე მიადგა, წმინდა ნიკოლოზის ხატი გადაწმინდა და ჩუმად შესთხოვა: წმინდა ნიკოლოზ, ცხოვრებაში სამსახური არასდროს მქონია (ფარმაცევტია) და რა იქნება გამომიჩნდესო. ჩამოვიდა კიბიდან, ეს უთხრა მეორე ქალს, ვინც ალაგებდა ტაძარს და შემდეგ ორივე ჩავიდა სატრაპეზოში. იქ მოვიდა მესამე ქალბატონი, ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი. დასხდნენ და ჩაის სვამდნენ. არ გინდა თანამშრომელი, რა კარგი გოგოა ჩვენთან და წაიყვანეო, უთხრა მეორე ქალმა. როგორ არა, ასეთ გოგოებს ვეძებთო, უპასუხა და სამსახური დააწყებინა მსურველს...

წმინდა ნიკოლოზმა ზუსტად ნახევარ საათში შეუსრულა თხოვნა გოგონას, რომელიც ხუთშაბათობით მიდის და ასუფთავებს ხატებს. თავმდაბლობით მიიღწევა თხოვნის ასრულება.

წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემსმენელია და მათ თხოვნას ისმენს, ვინც თავმდაბალია. 

ამპარტავან ადამიანს ღმერთი სასწაულს არ აჩვენებს. 

რატომ არ ხდება თანამედროვე მღვდლების ხელში სასწაულები ისე, როგორც ადრე? წარმოიდგინეთ მე რომ ისეთი სასწაული მოვახდინო, როგორც სერაფიმ საროველი ახდენდა?! მაშინვე ვიტყვი, შემომხედეთ, მე ვარ, რაც ვარ-მეთქი. ღმერთიც იგივეა და მადლიც. მაგრამ თანამედროვე მოძღვრებს არ გვაქვს ისეთი თავმდაბლობა, როგორც ადრე ჰქონდათ მამებს. ვისაც ჰგონია, რომ თავმდაბალია, ის არ არის ზუსტად თავმდაბალი. ნამდვილად თავმდაბალი ვინც არის, იმან არ იცის და თავი პირიქით, ამპარტავანი ჰგონია და ფიქრობს, რომ ყველა ცხონდება მის გარდა...