ვინ იყვნენ ფუსტელები, რომლებიც ჯვარებს ტანისამოსის შიგნით ატარებდნენ - სვანეთის ეკლესიაში მომხდარი სასწაული და წყარო, სადაც უამრავი ხატია განბანილი და მაკურნებელი თვისებები აქვს

ფუსტელები

ფუსტობა ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ არსებობდა, შუა მდინარულ და ხეთურ სამყაროში, ოღონდ მაშინ ფუსტელები წარმართულ რელიგიას მსახურებდნენ. როგორც კი ქრისტიანული სარწმუნოება დამკვიდრდა, მათ ქრისტიანული ტაძრების დაცვა დაიწყეს.

ფუსტი სვანურად უფალს ნიშნავს, ფუსტელი კი არის ადამიანი, რომელიც სიწმინდეებისა და ეკლესიების მფარველი, პატრონი და დამცველია. საქართველოს უამრავი მტერი ჰყავდა და ყოველი მათგანი პირველ რიგში ეკლესიისა და ხატების განადგურებას ცდილობდა. როგორც კი საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს აოხრების საშიშროება დაემუქრებოდა, ფუსტელების მიერ ხდებოდა იმ ადგილიდან სიწმინდეების წაღება და შედარებით დაცულ ადგილზე გადატანა.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი გახლდათ სვანეთი, რადგან ის მტრისთვის ძნელად ხელმისაწვდომი იყო. რაჭაში გახლავთ სოფელი ფუტიეთი. ეს სოფელი ასრულებდა ფორპოსტის (შემნახველის) ფუნქციას, საუკუნეების განმავლობაში. ეს გახლავთ საეკლესიო სოფელი, საკათალიკოსო ღირსებით. იქ გახლავთ სამონასტრო კომპლექსი, მას დღემდე სვანურ ეკლესიას ეძახიან. ამ კომპლექსში გაერთიანებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და რამდენიმე ციხე სიმაგრე. როდესაც ფუსტელებს სიწმინდეები გადაჰქონდათ, სწორედ სოფელ ფუტიეთში ისვენებდნენ და მათაც სწორედ სვანურ ტაძარში ასვენებდნენ. იქვე იყო წყარო, სადაც ხდებოდა ამ სიწმინდეების გავლება. ფაქტობრივად, ეს ნაკურთხი წყარო გახლავთ, რადგან მასში უამრავი სიწმინდეა გავლებული და ამ წყალს მაკურნებელი თვისებებიც აქვს.

ცნობილი ფაქტია, რომ სვეტიცხოვლის სიწმინდეების საცავი იყო სოფელი ეცერი, რომელიც სვანეთში მდებარეობს. მშვიდობიანობის ჟამს სიწმინდეები თავდაპირველ სამყოფელს ხშირ შემთხვევაში ალბათ არ უბრუნდებოდა, რადგან სხვადასხვა მტრის ბატონობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ამის გამო სიწმინდეები დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა სვანეთში. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ამ კუთხეში აურაცხელი სიმდიდრე იყო თავმოყრილი.

გზა, რომელზედაც ამ სიწმინდეებს გაატარებდნენ ხოლმე, გახლავთ საჩხერე-მესტიის გზა, რომელიც დღესდღეობით არ ფუნქციონირებს. წარმოიდგინეთ ის მადლი, რომელიც ამ გზას აქვს. ადიშის ოთხთავი, რომელიც შატბერდში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) გახლავთ გადაწერილი, ამ გზაზეა გამოტარებული. ასევე „კორიდეთის  ოთხთავი“, რომელიც თურქეთში ჭოროხის ხეობაში პეტრიწის მონასტერში გახლდათ, სწორედ ამ გზაზეა გამოტარებული და მიტანილია სვანეთში.

ეს ამბები მე-13 საუკუნეში ხდებოდა და თითქმის წარმოუდგენელია, რომ იმ დროში ფუსტელებმა შეძლეს თურქეთიდან სიწმინდეების გამოტანა და გადარჩენა.  სვანებს, როგორც ფუსტის რაინდებს, საეკლესიო სიწმინდეების დაცვის ფუნქცია ჰქონდათ. ამ ფუნქციაში შედიოდა არა მარტო დაცვა, არამედ ეკლესიაში წესრიგის დამყარებაც. 

საჩხერე-მესტიის გზა დაკეტილი იყო თითქმის 200 წლის განმავლობაში. 1819-1820  წლის საეკლესიო აჯანყების შემდეგ. ალბათ მოგეხსენებათ, რას მოჰყვა საეკლესიო აჯანყება. როგორც კი რუსები საქართველოში შემოვიდნენ, გააუქმეს ავტოკეფალია და დაიწყეს საეკლესიო სიმდიდრის, ხატების, ჯვრების გატანა საქართველოდან. სიწმინდეების გადასარჩენად ამოქმედდა საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული მექანიზმი და ფუსტელებმა სწორედ ამ გზით დაიწყეს სიწმინდეების ევაკუაცია. სვანეთისკენ მიმავალ ფუსტის რაინდებს აედევნა რუსის ჯარი. პირველი შეტაკება მათ შორის მოხდა გურიაში, სოფელ შემოქმედში. მეორე - იმერეთში, სოფელ საზანოში, სადაც 400 ფუსტელი დაიღუპა. შემდეგ მათ გააგრძელეს გზა და რაჭაში, სოფელ ფუტიეთში მოხდა კიდევ ერთი შეტაკება.

რუსი გენერალი აღწერს ბრძოლის მომენტებს და აღნიშნავს, რომ მებრძოლებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც კისერზე დიდი ჯვრები ეკიდათო. მისი ვარაუდით, ისინი მღვდლები იყვნენ. რა თქმა უნდა, ფუსტელებს შორის სასულიერო პირებიც იქნებოდნენ, მაგრამ ფუსტის რაინდებს ასეთი წესი ჰქონდათ: ისინი ტანისამოსის შიგნით ჯვრებს ატარებდნენ. რაც შეეხება სოფელ ფუტიეთში მომხდარ შეტაკებას, რუსის ჯარსა და ფუსტელებს შორის, დამთავრდა იმით, რომ ფუსტის რაინდებმა გზა გადაკეტეს და ქსპედიციას, რომელსაც სიწმინდეები მიჰქონდა ჯორებით, ნაწილი კი ხალხს ჰქონდა ზურგზე მოკიდებული, საშუალება მისცეს, უვნებლად გასულიყვნენ.

შეტაკების დროს 2000 ფუსტელი დაიღუპა. სიწმინდეების გადარჩენას შესწირეს სიცოცხლე. მოგვიანებით, რუსულმა ხელისუფლებამ სოფელი ფუტიეთი სახელმწიფო ხაზინას გადასცა.

დღესდღეობით, მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი დაურბეველი ტაძრები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხალხს უფლის მიმართ ერთგულება და სიყვარული უაღრესად მაღალ დონეზე ჰქონდა.

არსებობდა წესი,რომლის მიხედვითაც ხდებოდა ფუსტის რაინდების შერჩევა და კურთხევა. ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ვაჟკაცი, მორწმუნე და კარგი მებრძოლი.

ყველას ჰგონია, რომ სვანური კოშკი თავდაცვის მიზნით შენდებოდა. კოშკების უმეტესი ნაწილი XI-XII საუკუნეებშია აგებული. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სტაბილური მდგომარეობა იყო. ამიტომ, არც გარეშე მტრის ეშინოდათ არც შიდა აშლილობის. მაშინ, რად აშენებდნენ კოშკებს?

კოშკი გახლავთ ტიტულის მაჩვენებელი. მხოლოდ ფუსტის რაინდს ჰქონდა უფლება, კოშკი აეშენებინა. ქართლში  გახლავთ სოფელი წინარეხი, სადაც პაპუნა მაღალაიძის კოშკი მდებარეობს. ის აგებულია 1976 წელს და ზუსტად სვანური კოშკის ასლი გახლავთ. პაპუნა გახლდათ სვეტიცხოვლის სახლთუხუცესი ანუ ფუსტის არდის უფროსი მცველი. კოშკი აიგო, როგორც ამ ტიტულის მატარებელმა რაინდმა.

ბევრი სასწაული მომხდარა სვანეთის (და არა მარტო სვანეთის) ტაძრებში. ღვთის განგება დიდია და უფალი ძლიერი. არც ისე დიდი ხნის წინ, მე-20 საუკუნის ბოლოს, სვანეთში, კვირიკეს ტაძრიდან ხატები მოიპარეს. როდესაც ქურდები ტაძრიდან გამოვიდნენ, ნისლი ჩამოწვა. მათ იარეს, იარეს და ბოლოს ისევ ეკლესიის კართან მივიდნენ. ქურდები ადგილობრივი მცხოვრებნი იყვნენ და წარმოუდგენელია, რომ გზა არეოდათ და აღმართ-დაღმართი ვერ გაერჩიათ, მაგრამ დაღმართზე ჩამოსვლის მაგივრად ისევ აღმართზე იარეს. უფალმა ისე აურია მათ გონება, რომ მოპარული სიწმინდეებიანად ისევ ეკლესიაში დაბრუნდნენ.

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია რამდენიმე წლის წინ, მამა ავთანდილ გიორგობიანთან. მას ჰქონდა მოძრავი ტაძარი - პატარა ფურგონი და მაღალმთიან სოფლებში მრევლს თვითონ აკითხავდა. 

ასევე ნახეთ: 

ნუცა ბუზალაძის გამო თურქეთში თვითმფრინავის ფრენა შეაჩერეს - ,,ჩემი შვილი მამას ჰგავს შეუპოვარი ხასიათით“

საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება დაიწყოს