პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ართვინის პროვინციაში (მდინარე ჭოროხის ხეობა) საინტერესო და უცნაური ამბავი ხდება - მზის ჩასვლისას ჩნდება წყარო, რომლის წყალი დილამდე მოედინება, მზის ამოსვლისას კი მოულოდნელად ქრება. და ასე მეორდება ყოველდღე.
მაღალ მთებში (3000 მ ზღვის დონიდან), ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარე ამ წყაროს, ადგილობრივები Güngörmez Suyu-ს (ანუ "მზეუნახავ წყალს" ან "დღეუნახავ წყალს") ეძახიან.
ეს წყარო ადგილობრივების მიერ წმინდა წყლადაა მიჩნეული. ისინი აქ წელიწადში ერთხელ ადიან და ამ წყალს საკლავსაც კი სწირავენ ხოლმე. მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ წყლის სიწმინდის გამო არის ჭოროხის ხეობა საცხოვრისად ვარგისი, მისი წყალობით არსებობს მცენარეულთა სახეობების სიმრავლე და ბარაქა იმ ადგილას.
ამ წყალში განბანვაც ტარდება ხოლმე. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ისინი ამ განბანვით ყველა ავადმყოფობისგან განიკურნებიან და მომავალშიც დაცულნი იქნებიან გადამდები დაავადებებისგან.
ბავშვების აქ განბანვას რაიმე სახის წინაპირობა არ სჭირდება.
იმ ქალიშვილებს, რომლებიც ამ წყალს დალევენ, ბედი გაეხსნებათ. მაგრამ იმისთვის, რომ ქალიშვილებს წყაროსთან მისვლა და განბანვა შეეძლოთ, გარკვეული ცერემონიის ჩატარებაა საჭირო. მისი წინაპირობა კი ისაა, რომ ამ ქალიშვილებმა სიზმარში უნდა ნახონ წყლის ხარები ან მისი მსგავსი არსებები, რომლებიც ადგილობრივთა რწმენით, მთის ტბებში ცხოვრობენ. ისევ ამ რწმენის მიხედვით, ეს არსებები სიბნელეში გამოდიან გარეთ და ღამით კი იკარგებიან ხოლმე (მსგავსი გადმოცემები არსებობს შავშეთშიც).ზოგადად, მითოლოგიაში წყალი განახლებისა და გაცოცხლების სიმბოლოა და მას ადამიანებსაც კი სწირავდნენ ხოლმე.ამ უცნაური ამბის (წყარო რომ მხოლოდ ღამით მოდიოდეს და მერე იკარგებოდეს) მეცნიერული ახსნა არ არსებობს (თურქმა მეცნიერებმა ვერ ამოხსნეს). ის უიშვიათესი მოვლენაა.ერთი რამ კი ცხადია, ეს წყალი და მისი პატივისცემა იქნებოდა წარმართობის დროსაც, ქრისტიანობის ეპოქაშიც და იგი არსებობს ახლაც, ადგილობრივ მუსლიმთა ხალხურ რწმენასა და წესებშიც, რაც ასახულია კიდეც ზემოთ მოყვანილ ამბავში და იგი ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადაეცემა.