„მლოცველი შეხებით უშვილობისა და მძიმე სენისგან იკურნებოდა...“ - ადგილი, რომელსაც სასწაულებს უკავშირებენ

პიუპიტრი სამარყანდში

ორნამენტებითა და წარწერებით შემკული ეს უზარმაზარი მარმარილოს პიუპიტრი სამარყანდში, ბიბი-ხანუმის მეჩეთის ეზოში დგას, რომლის მშენებლობის ისტორია თემურლენგის სახელს უკავშირდება. XIV საუკუნის მიწურულს, ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებული თემურლენგის ბრძანებით, მის მიერ ახალდაარსებულ დედაქალაქ სამარყანდში, გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობა გადაწყდა.

18 000 კვ. მეტრზე გადაჭიმული კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა – პარასკევის  მეჩეთი, თემურლენგის უსაყვარლეს ცოლს, სარაი-მულქ-ხანუმს მიეძღვნა, რომელიც ამავდროულად უფროსი ცოლის, იგივე ბიბი-ხანუმის ტიტულს ატარებდა. მშენებლობა 1399 წელს დაიწყო და 1404 წელს დასრულდა. მის დასაჩქარებლად ინდოეთიდან ჩამოყვანილ 100-მდე სპილოსაც იყენებდნენ. ბიბი-ხანუმის მეჩეთს, რომლის ეზო 10 000 მლოცველს იტევდა, ირმის ნახტომის სილამაზეს ადარებდნენ.

თემურლენგის სიკვდილის შემდეგ მისმა შვილიშვილმა, მავერანაჰრის მმართველმა და დიდმა სწავლულმა მუჰამად თარაღაი ულუღ-ბეგმა ბიბი-ხანუმის მეჩეთის ეზოში მარმარილოს უზარმაზარი პიუპიტრი აღმართა, რომელზეც პარასკევის ლოცვისას ყურანს ათავსებდნენ და საჯაროდ კითხულობდნენ. გადმოცემით, ბიბი-ხანუმის მეჩეთში ლოცვისას მორწმუნეს ღვთისადმი აღვლენილი ვედრება აუცილებლად შეისმინებოდა. სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ ასევე მეჩეთის ეზოში მდგარ პიუპიტრსაც, რომლის შეხება უშვილობისა და მძიმე სენისგან კურნავდა რწმენით განმსჭვალულ მომლოცველებს. 

 

წყარო: nationalgeographic.ge