პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრის წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის დედათა მონასტერში სასწაულის მომსწრენი გახდნენ. როგორც თვითმხილველი ამბობს, წუხელ, გვიან საღამოს, მონასტრის ეზოში მდებარე განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება აირეკლა. წმინდა მარიამის გამოსახულება, სპონტანურად, მონასტერში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა ქალმა ტელეფონით გადაღებისას დააფიქსირა.
ნინო ხუნძაყიშვილი მონასტრის წინამძღვრის ნათესავია. მან მონასტერში ცხრა დღე დაჰყო. ნინო "პრაიმტაიმს" მის თვალწინ გამოცხადებულ სასწაულზე უყვება.
ნინო ხუნძაყიშვილი: მონასტერი უნდა დამეტოვებინა და ტაძარში ჩემი ნივთების ასაღებად რომ ავედი, ძალიან ლამაზად თოვდა... ღამე იყო. მარტო ვიყავი ტაძარში, ცოტა შიში დამეუფლა. ისე ლამაზად თოვდა, დავიწყე ვიდეოს გადაღება. თავიდან განათების შუქი მრგვლად ჩანდა, შემდეგ უკვე ფორმა მიიღო. ბოლოს დაპატარავდა და თითქოს დაიკარგა. თავდაპირველად მამა გაბრიელის სილუეტად აღვიქვი. მაგრამ შემდეგ გადაღებულს რომ დავაკვირდი, ღვთისმშობლის ხატება დავინახე...
გაგიმხელთ იმასაც, რომ როგორც წუხელ ვიყავი, ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ. ტაძარში რომ შევედი, ტირილი ამივარდა. ის ცხრა დღე და ბოლოს ტაძარში, ღამით, ეს ერთგვარი, გამოსამშვიდობებელი შესვლა, ჩემთვის ძალზე ემოციური აღმოჩნდა. გადავიღე და თითქოს ჩემი იქ ყოფნის საპასუხოდ მივიღე ეს ხილვა...
მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ ამ სასწაულის მიერ მონიჭებული სიხარულის სხვისთვის გაზიარება მოუნდა და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.
"ნინომ რომ ეს ვიდეო მაჩვენა, სიხარული დამეუფლა... მომინდა, ხალხსაც მიეღო ნუგეში.
უფლის მადლი ყველგან არის. ანგელოზები და წმინდანები ადამიანებს ეცხადებიან. ჩვენ არავინ ვიცით, ვის რატომ ეცხადება, ან კონკრეტულ ჩვენ რატომ ვერ ვხდებით ამის მომსწრე, ეს უფალმა უწყის მხოლოდ.
მადლობა უფალს და დედა ღვთისმშობელს ამ სიხარულისთვის და ამ სასწაულისთვის," - ამბობს მამა გაბრიელი. განაგრძეთ კითხვა...