პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წალკის რაიონში, სოფელ რეხაში, ტყისპირა გორაკზე დგას ერთი პატარა სამლოცველო. იგი აშენებულია იმ უძველესი ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც აქ 93 წლის წინათ, 1925 წლის ზაფხულში, მიწაში ჩამარხული იპოვეს. აქ მომხდარი სასწაულები მაშინ, იმ ურწმუნო წლებში, მთელ საქართველოში ქუხდა. ამას მაშინდელი პრესაც ადასტურებს.
რელიგიათმცოდნე მაია ზესკია გვიზიარებს ინფორმაციას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შესახებ, რომლის არსებობა, როგორც გაირკვა, ბევრმა არ იცის.
როგორ იპოვეს ტაძარი?
ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან მას რეხას მკვიდრის, 24 წლის თომა საბაძის გამოცხადების საფუძველზე მიაგნეს. თომა ბავშვობიდან ეპილეპსიით იტანჯებოდა თურმე - დღეში რამდენიმეჯერ ჰქონია გულყრა. მოზარდობისას მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი ქალი გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ ამიერიდან ძალზედ იშვიათად, მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ მოუვლიდა ბნედა.
მართლაც ასე მოხდა - ფაქტობრივად, თომა თითქმის განიკურნა. ოფიციალური მასალების მიხედვით, შემდგომ ხილვებში უკვე 24 წლის თომას ღვთისმშობელმა აუწყა მიწაში ჩამარხული თავისი ტაძრის შესახებ და მისი გათხრა დაავალა.. მაგრამ თავიდან თომამ ხილვას ყურადღება არ მიაქცია.
შემდგომ ხილვაში ყოვლადწმიდამ თომას უბრძანა, რომ ურჩობისთვის მას დასჯიდა და ნიშანსაც დაადებდა. მართლაც, სულ მალე შინ მყოფმა თომამ გრძნობა დაკარგა და მდუღარე წყლიან ქვაბში თავით ჩავარდა. ოთხი დღე იგი ბრმა იყო, მერე თვალი კი აეხილა, მაგრამ თავზე დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა.
ამის შემდეგ თომა მითითებულ ადგილას მიდის სოფლის მღვდელ მამა გიორგისა (გვარად დარჩია) და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად და მიწის გათხრას იწყებს.
ეს ადგილი სოფლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, გორაკის თავზე, ტყის პირას იყო. ორიოდე მეტრის გათხრის მერე მიწაში ჩამარხული ტაძრის ნანგრევები გამოჩნდა. ნანგრევებთან ერთად იპოვეს ხუთი უხრწნელი ცხედარიც, სავარაუდოდ, აქაური ბერების.
გადმოცემით, ამას ისეთი ნათება ახლდა თურმე, რომ სოფლიდან ამბის გასაგებად ხალხი გამოუგზავნიათ.
სულ მალე ცხადი შეიქმნა, რომ ტაძარი სასწაულმოქმედი იყო, რადგან აქ ამოსული ყველა ავადმყოფი განიკურნა. ეს ამბავი ვერანაირად ვერ დაიმალებოდა და პირიდან პირზე გარშემო სოფლებში, მალე კი მთელ საქართვეელოში გავრცელდა. არადა, მოგეხსენებათ, ეს საბჭოთა ხელისუფლების წლებია, როცა პირჯვრის გადაწერაც კი იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, რეხასაკენ წმინდა ნაწილების მოსალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი დაიძრა.
სასწაულები ყველას თვალწინ ხდებოდა - ბრმებს თვალი ეხილებოდათ, მუნჯებმა ენა ამოიდგეს, ავადმყოფები იკურნებოდნენ..... ეს აქ შეკრებილი ასობით ადამიანის თვალწინ ხდებოდა. პოლიციამ გზები ჩაკეტა, რადგან რეხასკენ ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ისინი ტაძართან ათენებდნენ და, სასწაულების ხილვით აღფრთოვანებულები, ადიდებდნენ უფალს.
თვითმხილველთა გადმოცემით, იყო შემთხვევაც, როცა თომამ იქ შეკრებილ ხალხს სასწრაფოდ დაჩოქებისკენ მოუწოდა - მისი თქმით, იმ წუთებში თავად დედა ღვთიშობელი იყო მობრძანებული ტაძართან.
ხალხს კი ამ დროს სრულიად უღრუბლო ციდან მხოლოდ ჭექა-ქუხილისა და გრგვინვის ხმა ესმოდა თურმე, დანახვით კი ვერაფერს ხედავდნენ.
მასობრივმა კურნებებმა ყველაზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ რამდენიმე პარტიულმა მუშაკმა და კომკავშირელმა პარტიის მანდატებიც კი დათმეს და, როგორც გამოძიების მასალებშია აღნიშნული, მორწმუნეებს შეუერთდნენ.
სასჯელი
ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებას ასეთი რამ არ გამოეპარებოდა. 1926 წლის ნოემბერში 26 კაცი დააპატიმრეს. ეს იმდენად რეზონანსული საქმე იყო, რომ სასამართლო პროცესიდან რეპორტაჟები პირდაპირ გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა სახელწოდებით „წალკელ სასწაულქმედთა საქმე“. პირველ სასამართლო სხდომას 1000-ზე მეტი გლეხი ესწრებოდა.
მორწმუნეებისათვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება ასეთი იყო : თითქოს მათ მიცვალებულთა ხუთი უბრალო ჩონჩხი თაფლის სანთლებით გასანთლეს და უხრწნელ ცხედრებს დაამსგავსეს, ანუ თითქოს ეს უხრწნელი ცხედრები კი არა, სანთლის სხეულები იყო. აი, ასეთი აბსურდული ბრალდება იყო..
პატიმრები გორის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ სასწაულები იქაც გაგრძელდა: რეხელთა გადმოცემით, ყოველ დილა ბადრაგს თომასა და მამა გიორგის საკნების კარი ღია ხვდებოდა ( და არა მარტო მათი), ეს მიუხედავად მათი გარედან საგულდაგულოდ დაგმანვისა.
ამბობენ, რომ ზებუნებრივი ძალების ამგვარი გამოვლინების ზეგავლენით,, პატიმრები მალევე გამოუშვეს და ისინი კვლავ სოფელში დაბრუნდნენ.
ვინ იყო თომა საბაძე?
როგორც ვთქვით, ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან სწორედ მისი ხილვით მიაგნეს. გამოცხადებები თომას 12 წლის ასაკიდან დაწყებია.. აღნაგობით ძალზედ ახოვანს, გულზე გამუდმებით ღვთისშობლის ხატი ეკიდა თურმე.
თომას მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონია.. მისი ბიძაშვილის მოგონებით, ჯერ კიდევ როდის ამბობდა თურმე, ცაში მალე „რკინის ჩიტები“ ივლიანო.
წერა-კითხვის უცოდინარს, მთელი სახარება ზეპირად სცოდნია. ბიბლიიდან ზეპირად ამბობდა ციტატებს..
ასეთივე უნარები ჰქონდა დედამისს ეფემიასაც - იგი ლოცვებით ხალხს მკურნალობდა. ორივე დედა-შვილი ძალიან მორწმუნენი ყოფილან და ტაძარში ეხმარებოდნენ მამა გიორგის.
კომუნისტების მიერ ღვთისშობლის ტაძრის დანგრევის შემდეგ თომას თავისი სახლის გვერდით სამლოცველო აუშენებია, გამუდმებით შიგ ლოცულობდა თურმე და ხალხს უფლის რწმენას უქადაგებდა.. ისე კი ძალზედ სიტყვაძუნწი ყოფილა.
თომას გორის ციხიდან გამოსვლის მერე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის და დედამისი სოფლისგან გაერიყა. მათთან გამოლაპარაკებასაც კი ყველა ერიდებოდა.. საშინელ სიცივესა და უკიდურეს შიმშილში ცხოვრობდნენ. თომა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ერთ წელიწადში დედამისიც მიჰყვა.
როცა ახლად შესვენებული ეფემიასათვის საფლავს თხრიდნენ, ერთ-ერთმა მესაფლავემ, გვარად კაილაჩევმა, თურმე დანარჩენებს შესთავაზა ,იქვე გვერდით, დასაფლავებული თომას საფლავიც ამოეთხარათ - მოდით ვნახოთ, ერთი, მართლა წმინდანია თუ არაო.
ამოთხარეს, მაგრამ თომას ცხედარი საფლავში არ დახვდათ. ამან ისეთი თავზარი დასცათ,,რომ ერთი მათგანი შიშისაგან იქვე გაჭაღარავებულა..
სწორედ მაშინ სოფელში ყველას გაახსენდა თომას სიტყვები : „თქვენ რომ ძებნას დამიწყებთ, მე უკვე მეოთხე ცაზე ვიქნებიო“.
მამა გიორგი (დარჩია)
მამა გიორგი რეხაში მსახურობდა მღვდლად.. ის უგანათლებულესი პიროვნება და დიდი პატრიოტი,ყოფილა, ამასთან, როგორც ძველი, ისე ახალი ბერძნული ენის ბრწყინვალე მცოდნე...
რეხაში ჩამოსვლამდე მამა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე, მოღვაწეობდა თურმე.. სწორედ მაშინ უცდია, რომ კონსტანტინო პოლის პატრიარქთან მოლაპარაკების გზით, ბერძნების მიერ მისაკუთრებული ათონის ქართული ტაძარი ქართველებისთვის დაებრუნებინა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
მამა გიორგი თავად პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მოავლინა რეხაში მღვდელმსახურად. გორის ციხიდან სოფელში დაბრუნების შემდეგ მასზე მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესებიათ და მკვლელიც კი მიუგზავნიათ,, მაგრამ მორწმუნე პოლიციელისა და საბაძეების დახმარებით შუაღამისას სოფლისათვის გაურიდებიათ..
მამა გიორგიმ აჭარაში გააგრძელა მოღვაწეობა. 1937 წელს იგი კომუნისტებმა დახვრიტეს.
სასწაულები კვლავ გრძელდება
ახლა ერთი იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ტაძარში ჩვენს დღეებში მომხდარა.: რეხაში მცხოვრები გოგი ზანთუროვის ნაბოლარა შვილიშვილი დაბადებიდან კუტი ყოფილა - ბავშვი 7 წელი ლოგინად იწვა. მეზობელმა ოჯახს ურჩია, ადით, თომას სალოცავი მოილოცეთ, ცხვარი შესწირეთო.
ასეც მოიქცნენ. ჯერ ცხვრის გატყვავება არ დაემთავრებინათ, რომ ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე... იმ წელს სკოლაშიც წავიდა.
ეს ბიჭი მე ჩემი თვალით ვნახე - შარშანწინ, ღვთიშობლის დაბადების დღეს, თომას სალოცავში მშობლებთან ერთად თავისი ფეხით იყო ამოსული.
რეხაში ჩემი მასპინძლობისა და ამ ისტორიების ჩემთვის გაცნობისათვის საგანგებო მადლობას ვუხდი ქალბატონ გულო საბაძეს, შესანიშნავ ქალბატონს, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებას, თომას ძმის შვილიშვილს. სწორედ მან მოიძია მთელი ეს ისტორიები არქივებსა და სხვადასხვა წყაროებში (ამას რამდენიმე წელი დასჭირდა) და მე, როგორც ჟურნალისტს, გამაცნო,.. ყველა ის ამბავი, რაც მოგიყევით, შევიტყვე სწორედ პირადად ქალბატონ გულოსა და მისი წერილებიდან.. .
p.s. ტაძრის ქვეშიდან გამოედინება წყარო, რომელიც წლობით უხრწნელად ინახება.