"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და პარადოქსული მკვლელის, პედრო როდრიგეს ფილიოს (Pedro Rodrigues Filho) ისტორია დღემდე შოკში აგდებს საზოგადოებას.
ის ცნობილი გახდა იმით, რომ მისი მსხვერპლები ძირითადად კრიმინალები - მკვლელები, მოძალადეები და ნარკოდილერები იყვნენ. სწორედ ამიტომ მას “ბრაზილიელი დექსტერი” შეარქვეს, ცნობილი სერიალის გმირის მსგავსად, რომელიც მხოლოდ ბოროტებს სჯიდა.
მძიმე ბავშვობა და პირველი მკვლელობა
პედრო როდრიგეს ფილიო დაიბადა 1954 წელს, მინას-ჟერაისის შტატში.როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ დაბადებამდე ძალადობის მსხვერპლი გახდა - დედამისს ორსულობის დროს მამამ მუცელში დაარტყა, რამაც ბავშვის ტვინი დააზიანა.
ბავშვობიდანვე აგრესიული ხასიათით გამოირჩეოდა და პირველი მკვლელობა სულ რაღაც 14 წლის ასაკში ჩაიდინა. მოკლა კაცი, რომელმაც მამამისი უსამართლოდ დაადანაშაულა ქურდობაში.
„დამსჯელი მკვლელის” გზა
პედროს ქცევა დროთა განმავლობაში უფრო სასტიკი გახდა. ის მონაწილეობდა ბანდიტურ დაპირისპირებებში, იტაცებდა და კლავდა მათ, ვინც „ცუდი ადამიანები” ეგონა.
როდრიგეს ფილიო ამართლებდა საკუთარ ქმედებებს — აცხადებდა, რომ კლავდა მხოლოდ მკვლელებსა და მოძალადეებს, ანუ „მათ, ვინც ღირდა სიკვდილად”.
მისი საცოლე, მარია აპარესიდა ოლივეირა, ნარკობანდების კონფლიქტისას მოკლეს. პედრომ შურისძიება გადაწყვიტა და მოკლა ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა.
ამის შემდეგ კი დაიწყო მასობრივი მკვლელობები, რომლებსაც თავად “სამართლიანობას” უწოდებდა.
ციხის შიგნითაც მკვლელი
1973 წელს პოლიციამ პედრო დააკავა. თუმცა არც ციხეში შეწყვიტა მკვლელობები — პირიქით, იქაც აგრძელებდა „კრიმინალების დასჯას”.
ცნობილია შემთხვევა, როცა თავისი მამა მოკლა — სწორედ ის, ვინც ოდესღაც დედამისზე ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პედრომ მამას გული ამოაჭრა...
ჯამში მან აღიარა 100-მდე მკვლელობა, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ 71 შემთხვევაა დადასტურებული.
გათავისუფლება და მოულოდნელი მკვლელობა
ბრაზილიის კანონმდებლობის მიხედვით, იმ დროისთვის მაქსიმალური სასჯელი 30 წელი იყო.
პედრო 2007 წელს პირველად გაათავისუფლეს, თუმცა მალევე კვლავ დააკავეს სხვა საქმეებისთვის. საბოლოოდ კი თავისუფლება 2018 წელს დაიბრუნა.
გათავისუფლების შემდეგ ის ცდილობდა ცხოვრება ახალი გზით დაეწყო — შექმნა YouTube არხი, სადაც საკუთარ ისტორიაზე ყვებოდა და ახალგაზრდებს დანაშაულის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებდა.
მაგრამ 2023 წლის მარტში, 68 წლის ასაკში, პედრო როდრიგეშ ფილიო სან პაულოში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. დღემდე უცნობია, ვინ იდგა თავდასხმის უკან.