ქალმა მეზობლის კატის ჩიპში მონაცემები შეცვალა... - ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილ მეგობრებს შორის კატის გამო დაიწყო

კატა

აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში, დასრულდა სარჩელის განხილვა, რომელიც ორ ყოფილ მეგობარს შორის მიმდინარეობდა, დავის საგანი კატა იყო. როგორც The Philadelphia Inquirer წერს, ქალებმა სასამართლოებში 25 ათასი დოლარი დახარჯეს.

კატა, სახელად გერი 2018 წელს ჯესიკა იანგმა იყიდა. 2022 წელს ჯესიკამ ნიკოლ დენარდო მეზობლების ჯგუფში გაიცნო და ძალიან დაუახლოვდა. 

მალე იანგმა სახლი იყიდა. მას კაპიტალური რემონტი სჭირდებოდა და ქალი მთელ თავისუფალ დროს რემონტს უთმობდა. ამ პერიოდში მან მეზობელს სთხოვა, რომ კატაზე ეზრუნა. დენარდო სიამოვნებით დათანხმდა. ის უვლიდა გერის იმ დროს, როცა იანგი მუშაობდა ან სახლს ალაგებდა. დენარდო ისე მიეჯაჭვა გერის, რომ როცა  კატის დაბრუნების დრო დადგა, დენარდომ კატის დაბრუნებაზე უარი თქვა. კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ 2024 წლის დეკემბერში საქმის გამოძიება სასამართლოში გადავიდა.

იანგმა სარჩელი შეიტანა ყოფილი მეგობრის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მას თავიდანვე ჰქონდა მის კატაზე პრეტენზია. იანგის მტკიცებით, მეზობელმა მისი კატის ჯიპში მონაცემები შეცვალა და იქ პატრონად თავისი თავი შეიტანა, ამ ბრალდებაზე დენარდოს პასუხი ასეთი იყო: ჯიპი მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ კატის დაკარგვის შემთხვევაში მისი პოვნა ადვილი ყოფილიყო. ის სასამართლოში ამტკიცებდა, რომ კატის თავდაპირველი მეპატრონე იმპულსური ქალი იყო და კატა მასთან თავს ბედნიერად ვერ იგრძნობდა.

სასამართლომ იანგის მხარე დაიჭირა. „უბრალოდ იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს,  თუ ის ბედნიერია, მაშინ მეც ბედნიერი ვარ,“ - აღნიშნა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ დენარდომ.