პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედამისს დღემდე არ სჯერა, რომ ის მკვდარია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს… ის შვილს დღესაც ელის… გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა.
მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს, რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი ჰყავდა, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად, ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო…
ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა – ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული. ომში ისე წავიდა, ბავშვის სქესი არ იცოდა, გოგონა უნდოდა, და ჰყავს კიდეც – ანა… ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა, ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა, თვე-ნახევარი აპარატზე იყო მიერთებული იაშვილის კლინიკაში. თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, ექიმთა ძალისხმევით ანა მდგომარეობიდან გამოვიდა. დღეს შინაა დედასთან, თუმცა კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა…
მისმა გმირმა მამამ და დედამისმა კი ერთმანეთი ამ სამი წლის წინათ რესტორანში გაიცნეს. მაკა ჩიკვილაძე ახლობლის დაბადების დღეზე იყო, გიორგი, სხვა ჯარისკაცებთან ერთად, სავახშმოდ შევიდა იმ რესტორანში, მერე სუფრები გაერთიანდა, მაკამ ახლოს გაიცნო გიორგი, რომელიც ადრეც ენახა.
მაკა ჩიკვილაძე: „იმ საღამოს შემდეგ ხშირად მირეკავდა. ვხვდებოდით, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ, გიორგი მალევე წაიყვანეს ორფოლოს პოლიგონზე, დღეში ათასჯერ მირეკავდა, დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა, პოლიგონიდან რომ დაბრუნდა, დამირეკა, ნახვა მინდაო, მე არ გავედი, გვიანი იყო და გამიბრაზდა. მერე ისევ იმ რესტორანში ვნახეთ შემთხვევით ერთმანეთი, ვილაპარაკეთ და… ტაქსი გააჩერა, გაგაცილებო და დეიდამისთან წამიყვანა, აღარ გამომიშვა…“
მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა, შინ იშვიათად იყო. შემდეგ კუჭის წყლულმა შეაწუხა, ჰოსპიტალში მკურნალობდა, ჯარს ჩამოშორდა, მოგვიანებით ისევ აღიდგინა თავი, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა მეტყვიამფრქვევეს თანაშემწედ, ომამდე ორი თვით ადრე.
6 აგვისტოს ცოლ-შვილი გორის რაიონის სოფელ ძევერაში გააცილა.
მაკა ჩიკვილაძე: „კარგად მახსოვს, ოთხშაბათი იყო და ვთხოვე, იქნებ პარასკევს ჩამოხვიდე-მეთქი, კიო, ჩამოვალო. რაღაც არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით… საშინელება ატყდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, მთელი სახლი ზანზარებდა, სარდაფში ვიმალებოდით. 7 რომ თენდებოდა… ვუთხარი, შეიძლება ცხინვალში წაგიყვანონ და თავს გაუფრთხილდი-მეთქი…“
ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონა. ყველგან ეძებდნენ.
ოქტომბერში ნათესავი, ოსის ქალი, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის, რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდება. მეტიც, დარწმუნდებიან, რომ ცოცხალია, თან „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავენ, რომ „ალანია“ იღებს ფილმს, სადაც არის კადრები, თუ როგორ აწამებენ ოსები ქართველ ჯარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტს – გიორგი ანწუხელიძეს. ოჯახი „ალანიას“ მიაკითხავს და ფილმის გასვლამდე ნახავს კადრებს, სადაც გიორგი წელზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემენ, ზედ ადგებიან, ეკითხებიან, სად იყავი, გიორგი, გუშინ? გიორგი პასუხობს, აზრზე არ ვარო, გონებას კარგავს, წყალს ასხამენ.
ზუსტად არ იციან, როდინდელია ეს კადრები, ტელეკომპანია ამბობს, რომ აგვისტოს კადრებია.
მაკა: „ალბათ, ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა…
ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან, რომ დაღუპულია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. დეენემზე ეჭვი არ მაქვს, ყველასი დაემთხვა და რა ვიცი… თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს, გიორგის ისე სცემდნენ, რომ კბილები არ შერჩებოდა…
გვამის ამოსაცნობადაც იყვნენ წასული ჩემი და და გიორგის სიძე, ამოსაცნობი არაფერი იყო…
ეჰ… ნაწილიდან რომ მოვიდოდა, სულ სახლში იყო ჩვენთან, ბავშვს არ შორდებოდა. აძინებდა, უცვლიდა. რამდენჯერ შევსულვარ, გულზე ეწვინა და ასე ეძინათ მამა-შვილს… 27 ივლისს თანაცხოვრების ორი წელი შეგვისრულდა, 6 აგვისტოს მერე აღარც მინახავს, აღარც მილაპარაკია, ვურეკავდი, მაგრამ სულ მიუწვდომელი იყო, ტელეფონი აქ ჰქონდა დატოვებული… დეკემბერში ერაყში მიდიოდა. სულ ვეხვეწებოდი, არ წახვიდე, ერთი წელი რა გაძლებს უშენოდ-მეთქი და ახლა სულ წავიდა…“