საიდან გაჩნდა კარტოფილი ფრი - პოპულარული გარნირის ისტორია

კარტოფილი ფრი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გარნირის წარმოშობის ზუსტი ისტორია და სამშობლო დღემდე უცნობია. უკვე საუკუნეებია, რაც საფრანგეთი და ბელგია ერთმანეთს ედავებიან იმაზე, თუ ვინ გამოიგონა ეს ხრაშუნა და გემრიელი კარტოფილი.

ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ყველაფერი მე-17 საუკუნეში, ბელგიაში დაიწყო. მდინარის პირას მცხოვრები მოსახლეობა პატარა თევზებს წვავდა და იმით იკვებებოდა. თუმცა, ზამთარში, როდესაც წყალი იყინებოდა, ადგილობრივები კარტოფილს წვრილად ჭრიდნენ, რათა მას თევზის ფორმა ჰქონოდა.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც კარტოფილი ფრი პირველად  მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, პარიზში,  ერთ-ერთ ხიდთან გაყიდეს. ამას იმდროინელი წერილობითი ჩანაწერებიც ადასტურებს, რის გამოც ბევრი ისტორიკოსი ხრაშუნა გარნირის სამშობლოდ სწორედ საფრანგეთს მიიჩნევს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარტოფილ ფრის პოპულარობაში მნიშვნელოვანი წვლილი ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს მიუძღვის.

საფრანგეთში ელჩად მუშაობის შემდეგ ის 1802 წელს,  თეთრ სახლში სტუმრებს „ფრანგული წესით მომზადებული კარტოფილით“ გაუმასპინძლდა.

მზარეულები ხშირად ამბობენ, რომ იდეალური ფრი ორჯერ უნდა შეიწვას - ჯერ დაბალ ტემპერატურაზე, ხოლო გაციების შემდეგ - მაღალზე. სწორედ ეს ხდის მას ხრაშუნასა და გემრიელს.